ცა ცი ცუ ცხ
ცაგ

ცაგერი

(ქც 4: 749,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 749,7), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 193), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 327, 331).

მდებარეობს ლეჩხუმში, დღევანდელი რაიონული ცენტრის, ცაგერის ტერიტორიაზე. ცაგერი წარმოადგენდა საეპისკოპოსო ცენტრს, სადაც იჯდა ლეჩხუმ-სვანეთის ეპისკოპოსი (ქც 4: 749,7-9).

ცაგერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ცაგერის ცენტრში დგას ღვთისმშობლის ეკლესია, ორქანობიანი სახურავის მქონე დიდი შენობა, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა სვეტების ორი წყვილით სამ ნავად გაყოფილ ბაზილიკას. აღმოსავლეთით აქვს სამი შვერილი აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთის კარს ამკობს მოჩუქურთმებული ჩარჩო, რომლის გული ვაზის მერქნისაგანაა დამზადებული (ბოჭორიძე 1994ა: 308). ეკლესია მრავალჯერაა გადაკეთებული. 1910 წ. ექ.თაყაიშვილს ეკლესიის მახლობლად უნახავს ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები, რომლებიც დღეისათვის აღარაა შემორჩენილი (თაყაიშვილი 1937: 48, 49). 1770 წ. ცაგერის ეკლესიაში დაკრძალეს მეფე ერეკლე II-ის (1744-1798) და ელისაბედი, კაცია დადიანის მეუღლე (ბერძენიშვილი ... 1983: 18). 1867 წ. დ.ბაქრაძეს ეკლესიის ინტერიერში უნახავს მოხატულობის კვალი, სადაც თითქოს თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის სახეებთან იკითხებოდა „თამარ“, „გიორგი“ (ბაქრაძე 1875: 109). 1871 წ. ეკლესია განუახლებიათ ნიკოლოზ დადიანსა და დედამის ეკატერინეს (თაყაიშვილი 1937: 48, 49).

ცაგერის ეკლესიაში ინახებოდა ჯვარ-ხატებისა და საეკლესიო სიწმინდეების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი იქ სხვა ადგილებიდან იყო მოხვედრილი. მათ შორის აღსანიშნავია 976 წ. დამზადებული იშხნის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც განუახლებია იმერეთის მეფე გიორგი III-ს (1605-1639) (თაყაიშვილი 1937: 52). ჯვრის წარწერაზე მოხსენიებულია პირველი ცაგერელი ეპისკოპოსი ანტონი (XI ს), რომელიც შემდგომ იშხნის ეპისკოპოსი გამხდარა და იშხნის ეკლესიისათვის ჯვარი შეუწირავს. ჯვრის წარწერით ცნობილია XVII ს-ის მოღვაწენი: სერაპიონ ცაგარელი-აბაშიძე და ნიკოლოზ ცაგარელი-კუჭაიძე. XVII ს-ის მეორე ნახევრიდან ცაგერის საეპისკოპოსო კათედრაზე უმეტესად ჩანან ჩიქოვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები (თაყაიშვილი 1937: 286).

 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 109; ბერძენიშვილი ... 1983: 18; ბოჭორიძე 1994: 308; გიულდენშტედტი 1962: 327, 331; დადაიანი 1962: 139; თაყაიშვილი 1937; კაკაბაძე 1929: 9; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250; ქც 4: 749,7; ჩუბინაშვილი 1958: 61, 68.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9