![]() |
![]() | |
მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. ათრევას ნაპირზე.
წედისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
წედისი ამჟამად ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია ნამოსახლარები და ეკლესიის ნანგრევები. წედისის ციხეს უკავია მოზრდილი ფართობი. ციხის კედლები ნაგებია კლდის დიდი ლოდებით კირხსნარზე. ციხის სამხრეთი ნაწილი დანგრეულია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედელი მომრგვალებულია. ეტყობა იგი საბრძოლო კოშკს წარმოადგენდა. კოშკს აქვს კარი, რომელიც ციხის ეზოში გადის. ციხის მოედანი შემოზღუდული ყოფილა ქვიტკირის მაღალი გალავნით. გალავანში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია (მაკალათია 1957: 13).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 766,21), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 78), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 105, 107, 121, 291; 1964: 29, 153, 183, 259).
მდებარეობს ონის მუნიც-ში, კუდაროს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჯეჯორის ხეობაში.
1958 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ზემო რაჭისა და სამხრეთ ოსეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ.კალანდაძე) დაზვერვები ჩაატარა სოფ. წედისის მიდამოებში. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წედისის ბორცვზე შეგროვილ იქნა კაჟისა და ობსიდიანის მრავალრიცხოვანი ინვენტარი. მათში გამოირჩევა საფხეკები, საჭრისები, მიკროლამელები და ანატკეც-ანამტვრევები. მასალის თარიღი განისაზღვრა ადრეული ნეოლითით (კალანდაძე 1959: 5).
წედისიდან ცნობილია ანტიკური ხანის ბრინჯაოს ბალთა, რომლის ჩარჩო შესრულებულია წნული ორნამენტით. ბალთაზე გამოსახულია ჯიხვი, რომელსაც კუდზე აზის ფრინველი და გველი. ბალთის ზომაა 13X12,5 სმ. ნივთი შემთხვევით აღმოჩნდა წედისის ეკლესიაში. ბალთა ინახება ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ხიდაშელი 1972: 113).
წედისის ციხე დღეისათვის მთლიანად დანგრეულია. სოფლის განაპირას დგას ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |