![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 778,18), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დას. საქ. საბ. 1921: 26, 84), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 151), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 176), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1991: 107), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 323).
ვახუშტი ბაგრატიონი ჭელენჯიხის (წალენჯიხის) შესახებ გადმოგვცემს: „ზუგდიდის აღმოსავლით, მთის ძირზედ, არს ჭელენჯიხი. ეკლესია გუმბათიანი, დიდშენობა, შუენიერი, კეთილს ადგილს. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორისის ადგილთა, კავკასიდამ ზღუამდე“ (ქც 4: 778,18-21).
მდებარეობს სამეგრელოში, მდ. ჭანისწყლის ნაპირებზე, ახლანდელი ქ. წალენჯიხის ტერიტორიაზე.
წალენჯიხა შუა საუკუნეებში ოდიშის საეპისკოპოსო ცენტრი იყო (ბერაძე 1971: 55). წყაროებში იხსენიება სხვადასხვა სახელით: „ჭელენჯიხი“ (ქც 4: 778,18), „ჭალენჯიხე“ (გიულდენშტედტი 1962: 323). ხალხურ მეტყველებაში იხსენიება როგორც „წენდიხა“.
წალენჯიხა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
წალენჯიხის XII ს-ის გუმბათიანი ტაძარი მდებარეობს მდ. ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე. ფასადებს ამშვენებს მდიდრული ჩუქურთმები. ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიშენებული აქვს თაღოვანი ეკვდერები. ჩრდილოეთის თაღოვანი კედლის მთელ არშიაზე ტაძრის მშენებლების, ქრისტეს და წმინდანების ფრესკებია. XIV ს-ის ბოლოსაა მოხატული სამლოცველო დარბაზის შიდა კედლები. მხატვრობა შესრულებულია ვამეყ დადიანის მითითებით. მთავარი დარბაზის მარჯვენა სვეტზე აღნიშნულია: „ქ. პატრონისა ერისთავთ-ერისთავისა და მანდატურთუხუცესისა და დადიანისა ვამეყის“ (მიქავა 1964: 55).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |