აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ავლ ავჭ

ავჭალა , ჰავჭალა


(ქც 4: 163,11). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 163,11; 267,7; 514,10; 537,3,5), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1:326,4; 349,21), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 128,17), „წამება რაჟდენისი“ (წამებაი ... 1946: 243), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197; 1967: 194; მასალები საქ. ისტ. 1905: 3; ისტ. საბ. 1913: 33; საქ. სიძ. 1910: 471, 503, 508; 1920: 10; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 72, 208; 1953: 266; დოკ. თბ. ისტ. 1962: 159; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 14; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200, 374; 1970: 180, 190, 1039; 1972: 671; 1974: 153, 220, 231, 249; 1977: 169, 172, 606; 1981: 149, 310, 444, 461; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 65, 81, 86, 90, 155, 210), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 59, 69, 102, 142, 144, 182, 228), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 43, 439), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 64, 81), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 46), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 4), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 3, 75), სომხურ ხელნაწერთა მინაწერები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 61).

მდებარეობს ქ. თბილისის ჩრდილოეთით. მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე. წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანს.

ავჭალა წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ის 80-იანი წლებისათვის „დიდი თურქობის“ დროს, როგორც თურქების გამოსაზამთრებელი პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისის საამიროს დაარსებიდან ავჭალა მის შემადგენლობაშია (მუსხელიშვილი 1967: 78). დავით აღმაშენებელი (1089-1125) ავჭალაში 300 მხედრით ჩაუსაფრდა თურქებს (ქც 1: 349,21). XII ს-ის დასასრულს შამქორისა და განძის აღების შემდეგ ზაქარია და ივანე მხარგრძელები ქართული ლაშქრით, მოპოვებული ნადავლითა და ტყვეებით ავჭალის ველზე წარდგნენ თამარ მეფის (1184-1207) წინაშე (ქც 2: 128,7). 1387 წ. საქართველოში თემურ ლენგის მეორე შემოსევის დროს ბაგრატ V-მ (1360-1393) მტრის დასახვედრად ჯარი განალაგა მარტყოფიდან ავჭალამდე (ქც 4: 267,7). XIV-XV სს-ში ავჭალა კახეთის შემადგენლობაშია. მისი მიწები მცხეთის საეკლესიო მამულად ითვლება (ქრონიკები 1897: 197; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 14; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 190). XV ს-ში ავჭალის მიწები საძოვრებად გამოიყენებოდა (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78). XVI ს-ის 80-იან წლებში ნასოფლარი ავჭალა კვლავ მცხეთის საკათალიკოსო მამულს წარმოადგენს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 14; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200). XVI-XVII სს-ში ავჭალა კახეთის სამეფოშია და რუსთავის სადროშოს ეკუთვნის (ბაგრატიონი 1986: 64; გვასალია 1971: 36). XVIII ს-ის პირველ ნახევარში, „ოსმალობის“ დროს გახშირებული ლეკთა თავდასხმების გამო ისაყ-ფაშამ 1734 წ. ავჭალაში და დიღომში გალავანი და საყარაულო კოშკები ააგო (ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 153). ერეკლე II-მ (1744-1798) მორიგე ჯარი ჩააყენა ავჭალაში (ორბელიანი 1981: 110). 1749 წ. ერეკლე II-მ ღალატისათვის თბილისის მელიქი-აღა ავჭალაში დააპატიმრა (ქრონიკები 1967: 194). XVIII ს-ის დასასრულისათვის ავჭალა კახეთის შემადგენლობაშია. მისი ყმა-მამულები თავად გურამიშვილებს ეკუთვნის (ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 153), მოურავად კი სახლთუხუცესი ამირან მაღალაძეა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1039). XVIII ს-დან წყაროებში იხსენიება ზემო და ქვემო ავჭალის ციხეები (გიულდენშტედტი 1962: 61) და სოფლები (იოსელიანი 1871ა: 84). ზოგიერთ წყაროში ეს პუნქტი „ჰავჭალის“ ფორმით იხსენიება (ქც 1: 326,4; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78).

ზემო ავჭალის ახალი ხიდის მიდამოებში 1867 წ. გზის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ლოდი, რომელზედაც ბერძნული წარწერა იყო ამოკვეთილი (იხ. ნაქულბაქევი).

ავჭალისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური შესწავლა ძირითადად დაკავშირებულია ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესის) მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალასთან. 1923 წ., ზაჰესის მშენებლობისას, ავჭალის მიდამოებში აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (ქორიძე 1955: 187, 188). იმავე წელს, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზაჰესის არხის სათავეში გამოვლინდა ქვის ფილებით ნაგები სამარხი. მსგავსი სამარხი აღმოჩნდა 1924 წ. ზაჰესის სადგურის საძირკველთან. სამარხებში დადასტურდა: მოვარდისფროდ და მონაცრისფროდ გამომწვარი ყურიანი და უყურო დოქები; მოწითალოდ გამომწვარი კოჭობები; ოქროს ბეჭდები; ფირფიტა; საყურე; ვერცხლის ორნამენტირებული თასი; სამაჯური; ენიანი აბზინდა; ბრინჯაოს რგოლები; ფიბულა; რკინის მახვილი; მონეტები: გოტარზეს ვერცხლის დრაქმა (ახ. წ. 40-51 წწ.) (2 ც), ავგუსტუსის ვერცხლის დენარი (2 ც). ორივე აკლდამა დათარიღდა ახ. წ. I ს-ით (მაკალათია 1927: 173, 174; ქორიძე 1958: 80; ნემსაძე 1979: 55-63). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1924 წ. ზემო ავჭალაში აღმოჩნდა სამარხი, რომელშიც დადასტურდა ენეოლითური ხანის ფართოყელიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; ერთი მასიური ჯამი და ორი ბრტყელი, რქისებური შვერილით შემკული სადგარი (კუფტინი 1947: 69, 81; ქორიძე 1955: 31; ჯაფარიძე 1961: 77).

1925 წ. საქართველოს სიძველეთა კომიტეტის დავალებით ზაჰესის არხის სათავესთან გაითხარა სამი ქვევრსამარხი (ხელმძღ. გ. ჩიტაია), რომელთაგან ერთში მიცვალებული (ქალი) დაეკრძალათ კიდურებმოკეცილი, მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხში აღმოჩნდა: თიხის დოქები; მოოქრული მინის, სარდიონის, გიშრის მძივებისაგან შედგენილი ყელსაბამი; ოქროს გრეხილი რგოლი; გიშრის თვლით შემკული მედალიონი; ბრინჯაოს ბეჭედი და სხვ. მეორე ქვევრსამარხში მიცვალებულს (მამაკაცი) თან ახლდა: ბრინჯაოს ისრისპირი; ვერცხლის საყურეები, საკისრე რკალი და მძივები. სამარხები დათარიღდა ძვ. წ. XV-VI სს-ით (ჩიტაია 1925: 10, 11); ძვ. წ. III-I სს-ით (ნონეშვილი 1992: 61).

1927 წ. ზემო ავჭალაში, ბავშვთა ახალშენის მიდამოებში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ნიორაძე) გათხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ორმოსამარხი (1,4X1,3 მ), სადაც მიცვალებული (ქალი) დაეკრძალათ მჯდომარე(?) პოზაში. სამარხში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ბოლოკვეთილი მახვილი, თავებგადადებული სამაჯური (2 ც), ბეჭდები (4 ც), მახათი, ღილები, ფირფიტა, ლურსმნები, რკინის დანა. თიხის ჭურჭლიდან აღსანიშნავია: მილიანი ლანგარი, ჯამი, დოქი, კოჭობი. მძივებიდან გვხვდება: სარდიონისა (37 ც) და მინის (15 ც) მძივები (ნიორაძე 1931: 139-228). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1928 წ. ზაჰესის მიდამოებში, გამოვლინდა დანგრეული სამარხები, რომელთა შორის აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ყუადაქანებული ცული (ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში) და ვიწროქედიანი შუბისპირი, რომელიც ინახება ხანლარის მუზეუმში (კუფტინი 1941: 10, 132; ჯაფარიძე 1961: 92, 162, 167).

1938 წ. ზაჰესის მახლობლად რკინიგზის ახალი ხიდის მშენებლობისას მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. ა. კალანდაძე) მიერ გაითხარა I-III სს-ის რამდენიმე ქვის სამარხი და ქვათლილებით ნაგები გალავნის ნაშთები. ქვათლილებზე ბერძნული ასოები ან ხელოსნის ნიშნები იყო ამოკვეთილი (აფაქიძე ... 1955: 10).

1950 წ. ზაჰესის რკინიგზის სადგურის სამხრეთით, დაახლ. 200 მ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამოვლინდა ქვის ფილებით ნაგები სამარხი (1,12X0,58X0,44 მ), რომელიც შეისწავლა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. ქორიძე). სამარხში აღმოჩნდა თიხის მოწითალოდ და მოშავოდ მოხატული ქოთანი; მოშავოდ გამომწვარი კოჭობი; ფიალა; ვერცხლის 2 სასაფეთქლე რგოლი; ვერცხლის ზურგშეზნექილი სამაჯური; ბრინჯაოს საკინძი (3 ც); რკინის დანა. სამარხი დათარიღდა ძვ. წ. VI-IV სს-ით (ქორიძე 1956: 215-225). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1983-1984 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) ზემო ავჭალაში, ზაჰესის ჩრდილო-დასავლეთით შეისწავლა ავჭალისკარის ადრეული შუა საუკუნეების სამაროვანი, რომელიც მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზაჰესის დასახლებაში, ბულაჩაურის წყალსადენის მახლობლად (აფაქიძე ... 1987: 47). გაითხარა 65 სამარხი, რომელთაგან 5 ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხია, 60 ქვის ფილებით ნაგები სამარხი. სამარხებში მიცვალებულთა რაოდენობა სხვადასხვაა – ერთიდან ექვსამდე. მიცვალებულები დაუკრძალავთ ზურგზე გაშოტილნი, თავით დასავლეთით, მცირეოდენი გადახრებით. ნივთები დადასტურდა 41 სამარხში. გამოიყო სამარხთა ორი ქრონოლოგიური ჯგუფი: 1. ახ. წ. IV-V სს-ის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა: ოქროსა და ვერცხლის გემიანი ბეჭდები, ქვის საბეჭდავები, მძივები, ოქროსა და ვერცხლის საყურეები, სასაფეთქლე რგოლები; მძივებით შემკული ბრინჯაოსა და რკინის საკინძები; მინის სანელსაცხებლეები და სხვ. 2. ახ. წ. VI-VIII სს-ის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა: ბროწეულის ნაყოფის ფორმის მარჯნის მძივებით შემკული ბრინჯაოსა და რკინის საკინძები; მშვილდსაკინძები (მათ შორის, ჭვინტიანი); ბრინჯაოსა და ვერცხლის საყურეები, მძივები, აბზინდები, სამაჯურები; მინის სანელსაცხებლეები, რკინის დანები, შუბისწვერები (აფაქიძე ... 1987: 47). ავჭალისკარის სამაროვნის მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.

ავჭალასა და მის მიდამოებში სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩნდა მონეტები. 1924 წ. ზაჰესის მშენებლობისას ნაპოვნია ორი ქუფური დირჰემი: ომეიდური (700-701); აბასური, ხალიფა მაჰდის დროს მოჭრილი (778-779). 1927 წ. ზემო ავჭალაში აღმოჩნდა ქუფური ფელსი, ხალიფა რაშიდისა და ამინის დროს მოჭრილი (808-809). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ჯალაღანია 1972: 10, 12).

1956 წ. ავჭალაში იპოვეს ბიზანტიური ოქროს მონეტა (1 ც), კონსტანტინე IX მონომახისა (1042-1055) (აბრამიშვილი 1965: 92, 132, 137).

1957 წ. ავჭალაში აღმოჩნდა ერთმანეთთან შედუღებული რამდენიმე მონეტა, რომლებიც აბუ-საიდის დირჰემებს წარმოადგენდნენ (ღვაბერიძე 1986: 70). ზემო ავჭალაში ნაპოვნია აგრეთვე რუსუდან მეფის (1 ც) (1222-1245) მონეტა (აბრამიშვილი 1984: 145). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ზემო ავჭალის თავზე, კლდოვან გორაზე მდებარე სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის, ფლეთილი ქვითა და ბრტყელი კვადრატული აგურებით ნაგები XVII-XVIII სს-ის ეკლესია (შმერლინგი 1960: 100).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 92, 132, 137; აბრამიშვილი 1984: 142-146; აბრამიშვილი, რამიშვილი 1975: 16-24; აბრამიშვილი 1976: 25; აფაქიძე ... 1955: 10; აფაქიძე 1963: 131, 132, 158, 196, 200, 216, 219, 223, 245; აფაქიძე ... 1986: 31-37; აფაქიძე ... 1987: 47-51; ბაგრატიონი 1941: 3, 75; ბაგრატიონი 1983: 46; ბაგრატიონი 1986: 64, 81; ბერძენიშვილი 1965: 440; 1966: 18, 59; ბერძენიშვილი 1971: 3-22; გვასალია, თოდრია 1971: 23-37; გიულდენშტედტი 1962: 61; დოკ. თბ. ისტ. 1962: 159; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 72, 208; 1953: 266; იოსელიანი 1871ა: 84, 85; ისტ. საბ. 1913: 33; კუფტინი 1941: 10, 132; 1947: 69, 81; მაკალათია 1928: 161-188; მასალები საქ. ისტ. 1905: 3; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 14; მუსხელიშვილი 1967: 72, 75, 76; ნემსაძე 1979: 55-63; ნიორაძე 1931: 139-228; ნონეშვილი 1992: 61; ორბელიანი 1981: 59, 69, 102, 142, 144, 182, 228; პახომოვი 1938: 15; საქ. არქ. 1959: 72; საქ. არქ. 1992: 104; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 65, 81, 86, 90, 155, 210; საქ. სიძ. 1910: 471, 503, 508; 1920: 10; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78; ქც 1: 326,4, 349,21; ქც 2: 128,17; ქც 4: 163,11; 267,7; 514,10; 537,3,5; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200, 374; 1970: 180, 190, 1039; 1972: 671; 1974: 153, 220, 231, 249; 1977: 169, 172, 606; 1981: 149, 310, 444, 461; ქორიძე 1955: 29-31, 111, 187, 222; 1956: 215-225; 1958: 80; ქრონიკები 1897: 197; 1967: 194; ღვაბერიძე 1986: 70; შმერლინგი, დოლიძე, ბარნაველი 1960: 100; ჩიტაია 1925: 11; ჩხეიძე 1913: 43, 439; წამებაი ... 1946: 243; ხერხეულიძე 1989: 4; ჯალაღანია 1972: 10, 12; ჯაფარიძე 1961: 92, 162, 167.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9