წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წავ წალ წაღ

წაღვლი

წაღულის თავი, სადგური მეფეთა (ქც 4: 156,2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 156,2), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც 1: 324,19), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 210, 212; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591; 1981: 103; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1970: 258; ქართულ-სპარსული ... 1984: 45), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ლოპანისწყლის (მდ. დასავლეთ ფრონეს მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, თანამედროვე სოფ. წაღვლის ტერიტორიაზე.

წაღვლი ისტორიულ წყაროებში იხსენიება XI ს-ის დასასრულიდან. მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) დროს წაღვლში იყო „სადგომი სამეფო“ (ქც 1: 324,19). XV ს-ში ამირეჯიბებმა თავის საკუთრებაში მყოფი წაღვლი ულუმბოს ღვთისმშობლის ტაძარს შესწირეს (ქრონიკები 1897: 210, 212). XVII ს-ში ნიკოლოზ კათოლიკოსმა წაღვლი სვეტიცხოველის სამწყსოს შემატა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591). XVIII ს-ში სოფელს ისევ ამირეჯიბები დაეუფლნენ (ქართულ-სპარსული ... 1984: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 103).

სოფ. წაღვლის შემოგარენი მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ტერიტორიაზე შემთხვევით მოპოვებულია ბრინჯაოს 54 ნივთი: გრავირებული კოლხური ცული ყუაზე სკულპტურული გამოსახულებით; მასრაგახსნილი შუბისპირი, რომლის მასრა გრავირებულია; მასრაგახსნილი კავი და ორთითი; დისკოსებურთავიანი საკინძი; მასრაგახსნილი შუბისპირები; სხვადასხვა ტიპის სატევრები; ჭვირული ბალთა და სხვ. ამ ნივთებიდან 11 ერთეული დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სხვები ინახებოდა წაღვლის საშუალო სკოლის მხარეთმცოდნეობის კაბინეტში. XX ს-ის 90-იან წლების დასაწყისში კაბინეტი გაიძარცვა და აქ განთავსებული ნივთები დაიკარგა (რამიშვილი 2004: 20-30).

1977 წლიდან სოფ. წაღვლში არქეოლოგიურ გათხრებს ატარებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხაშურის მუნიც-ის ექსპედიცია (ხელმძღ. ალ.რამიშვილი). დაზვერვების შედეგად გამოვლენილია რამდენიმე სამაროვანი და ნამოსახლარი. მათგან სოფ. წაღვლში შესწავლილია ადგილ „მიქელაანთ ვერხვებში“ მდებარე სამაროვანი და საციხურისგორის ნამოსახლარი, სოფ. ნაცარგორაში მრავალფენიანი ნამოსახლარი და სამაროვანი.

სოფ. წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მდ. წაღვლურას მარცხენა ნაპირზე, ადგილ „მიქელაანთ ვერხვებში“ მდებარე სამაროვანზე გაითხარა 150 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. თითოეული სამარხი გეგმაში კუთხეებმომრგვალებული მართკუთხედის ფორმისაა. სამარხები გადახურული იყო ხის ძელებით. 100 სამარხი ინჰუმაციურია, 46 – კენოტაფი, 4 – დანგრეულია. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია, მხოლოდ 3 სამარხში აღმოჩნდა დაკრძალული 2-2 მიცვალებული. 5 სამარხში დადასტურდა მიცვალებულთა დაკრძალვის მჯდომარე პოზა.

სამაროვანზე აღმოჩნდა 450-მდე სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭელი. საბრძოლო იარაღი: ბრინჯაოს სატევრები და მასრაგახსნილი შუბისპირები, ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისპირები; ბრინჯაოს სამკაული: სხვადასხვა ტიპის საკინძები (112 ც), სამაჯურები (21 ც), სხვადასხვა ფორმის საკიდები (90 ც), სარდიონის, გიშრის, ანთიმონის, პასტის მძივები (900 ც).

„მიქელაანთ ვერხვების“ სამაროვანზე აღმოჩენილი სამარხებიდან 94 თარიღდება შუაბრინჯაოს ხანის დასასრულით, 52 შუაბრინჯაოდან გვიანბრინჯაოზე გარდამავალი ხანით, 4 გვიანი ბრინჯაოს ხანით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამაროვანზე აღმოჩენილი კევრიანი სამარხი (№94), სადაც მიცვალებული დაკრძალული იყო კევრის ქვეშ, თავით აღმოსავლეთისაკენ, კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე. სამარხში აღმოჩნდა: ორყურა და უყურო ქოთნები, კოჭობი, ბადია და ცალყურა სასმისი; ბრინჯაოს ნივთები: რომბისებურგანივკვეთიანი ბოლოებგახსნილი სამაჯურები (2 ც), ანთიმონისთავიანი საკინძები (2 ც), ნაპირებზე ცრუგავარსგაყოლებული საყურეები (2 ც), ელიფსური ფორმის 1,5 ხვიისებური საკიდები (7 ც), სარდიონის, გიშრის და პასტის სხვადასხვა ფორმის რამდენიმე ათეული მძივი. სამარხი თარიღდება შუაბრინჯაოს ხანის დასასრულით (ცქიტიშვილი ... 1979: 117-130; რამიშვილი 1980: 60-67; 1981: 52-56; 1983: 5-10; 1987: 31-33; 2004).

ნამოსახლარი „საციხურის გორა“ მდებარეობს სოფ. წაღვლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე. იგი ხელოვნური თხრილითაა გამოყოფილი სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ქედისაგან. გორის სიმაღლეა 20 მ, ფართობი 30X10 მ. გაითხარა ბორცვის თხემი და გაკეთდა სადაზვერვო თხრილები გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნამოსახლარი თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით (რამიშვილი 1982: 36-378; 2004: 17).

წაღვლიდან სამხრეთით სოფ. ნაცარგორის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. ფლეულას ნაპირზე გაითხარა მრავალფენიანი ნამოსახლარი. დადასტურდა ადრებრინჯაოსა და გვიანი ბრინჯაოს ხანის ფენები. ადრე ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოიყო 4 სამშენებლო ჰორიზონტი, რომლებიც ძლიერ იყო დაზიანებული და მხოლოდ თიხატკეპნილი იატაკის ფრაგმენტებს შეიცავდა. I-II სამშენებლო ჰორიზონტი შეიცავდა მხოლოდ ე. წ. „მტკვარ-არაქსის კულტურისათვის“ დამახასიათებელ კერამიკას, ხოლო III-IV ჰორიზონტებში მტკვარ-არაქსის კერამიკასთან ერთად აღმოჩნდა ბედენური კერამიკაც. გვიან ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოიყო 5 სამშენებლო ჰორზონტი. ნაგებობები ნაწილობრივაა შემორჩენილი, ატარებენ ძლიერი ხანძრის კვალს. III სამშენებლო ჰორიზონტში დადასტურდა ნახევრადმიწურის ტიპის ნაგებობა, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში საკურთხეველი გაითხარა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ჯარგვალის ტიპის ნაგებობა.

ნამოსახლარი ვრცელდება გორის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ველზეც. გორის სამხრეთით გაივლო რამდენიმე სადაზვერვო თხრილი. ფენების სიმძლავრე 4-6 მ-ს აღწევს; ყველაზე ქვედა ფენა თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით, აქ აღმოჩნდა მტკვარ-არაქსისა და ბედენური კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკა. შემდეგი ფენა თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით, შეიცავს 7 სამშენებლო ჰორიზონტს. მათგან I-II ჰორიზონტი თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით. გორა ნამოსახლარის ძირთან გავლებულ სადაზვერვო თხრილში დადასტურდა ანტიკური ხანის ნასახლარის ფრაგმენტი (რამიშვილი 1987: 33-35; 1991: 22-25; 1995: 72-74).

ნაცარგორას ნამოსახლარის სამხრეთით აღმოჩნდა მრავალფენიანი სამაროვანი. შესწავლილია 514 სამარხი. მათგან 20 სამარხი თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით, 5 სამარხი – გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით, 151 სამარხი – გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით, 338 სამარხი – წინარე ანტიკური და ანტიკური ხანით, ძვ. წ. VIII-IV სს-ით (რამიშვილი 1995: 72-74; 2004: 18; ნარიძე 1995: 74-75).

სოფ. წაღვლსა და სოფ. ნაცარგორაში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

სოფ. წაღვლის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, მდ. წაღვლურას მარჯვენა ნაპირზე, ადგილ გალავნებში, ნასოფლარ წაღვლისთავის ტერიტორიაზე მდებარეობს ციხე-დარბაზის ნანგრევები. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ციხე-დარბაზი გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა (40X30მ), რომელსაც ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკები ჰქონდა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კოშკების საძირკვლები.

1965 წ. წაღვლ-საჩხერის გზის პირას მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი (21 ც). მონეტები მოჭრილია მეფე ვახტანგ VI-ისა (1703-1714; 1716-1724) და ბაქარის (1717-1719) დროს. განძი ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ჯალაღანია, დუნდუა 1974: 56-68).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1970: 258; ნარიძე 1995: 74, 75; რამიშვილი 1980: 60-67; 1981: 52-56; 1982: 60-65; 1983: 5-10; 1987: 31-33; 1991: 22-25; 1995: 69-74; 2004; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591; 1981: 103; ქართულ-სპარსული ... 1984: 45; ქც 1: 324,19; ქც 4: 156,2; ცქიტიშვილი ... 1979: 117-130; ჯალაღანია, დუნდუა 1974: 56-68.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9