წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წედ წევ წეს წეფ

წესი

დაბა (ქც 4: 765,4,16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 765,4,16), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 150), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 197), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 109, 111, 113, 121, 127, 291; 1964: 25, 223), ტოლოჩანოვისა და იევლევის იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა (პოლიევქტოვი 1926: 184), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 197).

ვახუშტი ბაგრატიონი წესის შესახებ გადმოგვცემს: ხიდისკარის „ზეით არს წესი, დაბა კარგი. აქა იტყვიან ვერცხლის ლითონს. აქავ რიონის კიდეზედ, არს ნინიას ციხე, კლდესა ზედა შენი“ (ქც 4: 765,4-6).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, ამბროლაურიდან 5 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. წესის ტერიტორიაზე.

განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში წესი იყო რაჭის ერისთავთა რეზიდენცია, სადაც იდგა სასახლე, ციხე და კარის ეკლესია (ბერაძე 1983: 7, 11). 1768 წ. იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784) წესიდან მინდა ციხეში მყოფ რაჭის ერისთავ როსტომს ეომებოდა (გიულდენშტედტი 1964: 223). სოფ. წესი XVIII ს-ში საწერეთლოში შედიოდა. 1769 წ. რაჭის საერისთაოს გაუქმების შემდეგ სოლომონ I-მა წესი წერეთლებს უბოძა (სოსელია 1981: 86, 87).

წესი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

XX ს-ის 20-იან წლებში სოფ. წესის მიდამოებში გ. ბოჭორიძემ აღწერა ხუთი ეკლესია: 1. სოფლის დასავლეთით დგას ველეთის წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია (5,7X7 მ). ეკლესიის ვერცხლით მოჭედილ წმინდა გიორგის ჯვარზე წარწერაა: „წმ. გიორგი შეიწყალე ხევი წესისაი“ (ბოჭორიძე 1994: 169); 2. კვარაციხის მთავარანგელოზის ეკლესია ადრე ხის იყო (უვაროვა 1894: 120), შემდეგში ქვითკირით აუშენებიათ. 1991 წ. მიწისძვრის შედეგად კლდე, რომელზედაც იდგა კვარაციხე და ეკლესია მთლიანად დაიქცა (გიორგაძე 1991: 69, 70); 3. სოფ. წესის ვარდისუბანში ანუ სავარდე გორაზე დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (5X3 მ). კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთის კარის თავზე, ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია პაატა გოცირიძე, როგორც ეკლესიის შემამკობელი. წარწერა XVI-XVII სს-ით თარიღდება. ეკლესიაც ამ პერიოდშია აშენებული (ბოჭორიძე 1994: 170); 4. ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია დგას ერისთავების ეზოში. ეკლესია გუმბათიანია. ნაგებია თლილი ქვით. გეგმაში სწორკუთხედია (ბერიძე 1974: 174). აგებულია 1753 წ. როსტომ რაჭის ერისთავის დაკვეთით, ხუროთმოძღვარ ავთანდილ შულავრელის მიერ. ამას გვაუწყებს აღმოსავლეთის სარკმელის თავზე ჯვრის ქვეშ ამოკვეთილი მხედრული წარწერა (ბოჭორიძე 1994: 171-174). ეკლესიას კარი აქვს დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ჩუქურთმიანი ჯვარი. კანკელი ხისაა. სამივე კარის თავზე ამოკვეთილია ასომთავრული და მხედრული წარწერები, სადაც მოხსენიებულია როსტომ რაჭის ერისთავი, რომელმაც 1753 წ. აღაშენა ბარაკონის ეკლესია. ეკლესიის შიგნით კანკელის წინ, სამხრეთის მხარეს ჩუქურთმებით შემკული საფლავის ქვაა. მისი მხედრული წარწერა იუწყება, რომ იქ განისვენებს 1766 წ. გარდაცვლილი ეკლესიის ამშენებელი როსტომ რაჭის ერისთავი (ბოჭორიძე 1994: 174); 5. ბარაკონის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხის გასწვრივ ძველი ბარაკონის ნანგრევებია, რომელიც აშენებული ყოფილა შირიმის ქვით. ეკლესია დარბაზული იყო (6,4X3,2 მ).

 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 7-11; ბერიძე 1974: 174; ბოჭორიძე 1994: 168, 177, 184, 270; ბურჯანაძე 1959: 177-179; გამბა 1987: 197; გიორგაძე 1991: 69, 70; გიულდენშტედტი 1962: 109, 111, 113, 121, 127, 291; 1964: 25, 273; დადიანი 1962: 150; პოლიევქტოვი 1926: 184; სოსელია 1981: 86, 87; უვაროვა 1894: 120, 121; ქც 4: 765,4,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9