იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 125,17, 131,10), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 212,10,17, 21, სქ. 2), მატიანე ქართლისა (ქც 1: 311,10), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 117,14; 351,16, 20,სქ.2; 506,4,5), მოქცევაი ქართლისაი (მქ 1963: 91), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34) ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 132,14), XII, XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 259; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 16, 396; 1970: 560, 563; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 57), ეპისტოლეთა წიგნი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97), გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 207).
მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე დღევანდელი სოფ. წილკნის ტერიტორიაზე.
წილკანი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქ თავს იყრიდა ქართლ-კახეთისა და ერწოს გზები (ბერძენიშვილი 1964: 421). 506 წ. დვინის საეკლესიო კრებას ესწრებოდა წილკნის ეპისკოპოსი ენოვქი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97). წილკანში მოღვაწე ეპისკოპოსთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ისე წილკნელი (VI ს), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის მთიელთა გაქრისტიანების საქმეში. მასვე მიეწერება წილკნის რუს გამოყვანა (ქც 1: 212,10,17,21). 1069 წ. ბაგრატ IV-მ (1027-1072) წილკანთან დაამარცხა განძის ამირა ფალდონი (ქც 1: 311,10). 1723 წ. ვახტანგ VI წილკანთან შეებრძოლა ლეკთა ჯარს (ქც 4: 506,4,5).
1951 წ. წილკანში შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად გამოვლინდა ოქროს გულსაკიდი ამეთვისტოს თვალით. თვალზე გამოსახულია მენადის ბიუსტი პროფილში, ხოლო ამოზნექილ ქვედაპირზე ჩაჭრილია ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული ვრცელი წარწერა, რომლისგან მხოლოდ მცირე ნაწილი იკითხება: „უფალო ქტორიოსი, მატარებელი (ამ ნივთისა) შეიწყალე სასიკეთოდ და საბედნიეროდ.“ წარწერა თარიღდება III-IV სს-ით (ყაუხჩიშვილი 1955: 211-218). სოფლის ტერიტორიაზე გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები. მდ. ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე, ე. წ. „წილკნის გორაზე“ აღმოჩნდა გვიანი ბრინჯაოს ხანის ქვამიწაყრილიანი ყორღანი (სძა 1990: 342).
1979 წ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით შეისწავლა IV-V სს-ის აკლდამა. აკლდამა გეგმით ოთხკუთხაა. ჩადგმულია საგანგებოდ ამოჭრილ ქვაბულში. დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ნაგებია გათლილი ქვიშაქვის ქვებით კირხსნარზე. შედგება დასაკრძალავი დარბაზისა და დრომოსისაგან. შემოვლებული აქვს რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები სამაგრი კედელი. დასაკრძალავ დარბაზში (3,45X3,25X2,88 მ) შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. 13 საფეხურიანი კიბე ჩადის 2,2 მ სიგრძის დერეფანში. დასაკრძალავ დარბაზს აქვს თლილი ქვით ნაგები ნახევარწრიული თაღი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების გასწვრივ ტახტრევნებია. მასზე ერთმანეთისაგან ბორდიურით გამოყოფილი სამარხებია, სადაც ქრისტიანული წესით (გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთით) დასვენებული იყო სუდარაში გახვეული 8 მამაკაცის ჩონჩხი. აკლდამა გაძარცვულია. აკლდამის კედლებზე შემორჩენილია ჯვრის გამოსახულებები, აგრეთვე წითელი და შავი საღებავით შესრულებული ოთხპწკარიანი ბერძნული წარწერა: „მე ტიკასმა და ბერმა, ჩემმა ამბა ფარანუსესმა გავაკეთეთ ეს აკლდამა თლილი ქვებისაგან ჩვენთვის. პაპრიუპასი (?) ისდიგერდესი (?) ასევე აქ განისვენებენ“ (ყაუხჩიშვილი 1982: 134-148). აკლდამის გვერდით გამოვლინდა გვიანანტიკური ხანის ორმოსამარხები და ქვის სამარხები, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით, თიხის სარეცელზე. აკლდამის დასავლეთით 3 მ-ის დაშორებით აღმოჩნდა ეკლესიის (7,15X5,5 მ), ხოლო ჩრდილოეთით, 22 მ-ის დაშორებით რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაშთი (აფაქიძე ... 1982: 199-202; ნიკოლაიშვილი 1983: 35-41).
სოფლის ცენტრში დგას ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი. მასში შედის ეკლესია და ციხე-გალავანი. ლეონტი მროველის ცნობით, IV ს-ში მეფე ბაქარ მირიანის ძემ აქ ააგო ეკლესია, რომელიც შემდგომ გახდა საეპისკოპოსო ცენტრი (ქც 1: 131,10, სქ. 1). დარბაზული ტიპის ეკლესია V-VI სს-ში გადაუკეთებიათ სამნავიან ბაზილიკად, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებში გადაუკეთებიათ გუმბათიან ეკლესიად. შემდგომში (XVI-XVII, XIX სს) მან რამდენჯერმე განიცადა გადაკეთება (ბერიძე 1982: 111). დღეისათვის შემორჩენილი ტაძარი ნაგებია გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. ზოგიერთ მონაკვეთში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტირებული ქვათლილები, რომლებიც ჩაშენებული უნდა იყოს გადაკეთება-აღდგენის დროს. ტაძარს აქვს 3 შესასვლელი. აფსიდა ნახევარწრიულია. გუმბათის ყელი ებჯინება 4 თავისუფლად მდგარ ბურჯს. გუმბათში 12 სარკმელია. სამხრეთის კარიბჭეს აღმოსავლეთიდან ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, ნახევარწრიული აფსიდითა და 2 ნიშით. ეკლესია კარით უკავშირდება ტაძრის სამხრეთ ნავს. ტაძარში შემორჩენილია XV-XVIII სს-ის მხატვრობის ფრაგმენტები. გალავანი (58X72 მ) ნაგებია რიყის ქვით. წყობაში გამოყენებულია აგური და ტაძრის ორნამენტირებული ქვები. კედლებში დატანებულია სათოფურები. კუთხეებში დგას წრიული კოშკები, რომელთაგან სამხრეთისა სამსართულიანია, დანარჩენები – ორსართულიანი. ყოველ სართულზე ნიშები, სათოფურები და ბუხარია. კოშკებში შესასვლელი ეზოს მხრიდანაა. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკზე XIX ს-ში დაუშენებიათ სამრეკლოს ექვსწახნაგა ფანჩატური. აგურის თაღიანი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. აგებული უნდა იყოს XVIII ს-ის მეორე ნახევარში.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |