![]() |
![]() | |
იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 360,19, სქ. 3).
მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ჭურთისხევსა და ცხრაწყაროს შესართავთან (ხარაძე 1992: 96). სხვა მოსაზრებით, წინკიბე მდ. ჭურთის მარცხენა ნაპირზე, სოფ. გავაზთან მდგარი ციხე უნდა იყოს (ზაქარაია 1962: 69, 70).
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, წინკიბე „ფრიად მაგარი“ ციხე ყოფილა (ქც 4: 360,19). წინკიბე შედიოდა ქსნის საერისთაოში და კეტავდა იმ გზას, რომელიც ლომის-ოხირის გადმოსასვლელით ქსანზე გადმოდიოდა (გვასალია 1967: 32). წინკიბეში გამაგრებულა 1720 წ. გაზაფხულზე ვახტანგ VI-ის (1716-1724) წინააღმდეგ აჯანყებული ქსნის ერისთავი შანშე (გვრიტიშვილი 1955: 318; ზაქარაია 1962: 69, 70).
წინკიბე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ციხე აღმართულია მდ. ცხრაწყაროს მარცხენა ნაპირზე. გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვითა და დუღაბით. წინკიბე ზურგიანი კოშკების ტიპს მიეკუთვნება. დღეისათვის დაზიანებული კოშკი თავდაპირველად ექვსსართულიანი ყოფილა. უკეთაა შემორჩენილი აღმოსავლეთის კედელი. კოშკის წინ გრძელი კედლის ნანგრევებია, რომელიც ალბათ ციხის ზღუდე უნდა ყოფილიყო. ციხე თარიღდება IX-X სს-ით (ზაქარაია 1962: 69, 70; გვასალია 1967: 32).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |