წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წილ წინ წირ წიფ წიწ

წინწყარო

(ქც 4: 327,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 327,6; 330,15; 620,12), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 408,19), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1909: 203; 1910: 298, 382; 1920: 386; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 101; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 280; 1970: 624, 929; 1970ა: 679, 698, 703, 798, 721; 1972: 152, 170, 229, 515; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 253; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 56, 152), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47).

მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, თეთრი წყაროდან 12 კმ-ის დაშორებით, მდ. ალგეთის ხეობაში.

1625 წ. მარაბდის ბრძოლის წინ ყიზილბაშთა ჯარი წინწყაროს მდგარა (ქც 2: 408,19). ვახუშტი ბაგრატიონი წინწყაროს მცირე ქალაქს უწოდებდა (ქც 4: 327,6). XVIII ს-ის 70-იანი წლებისათვის მტრების განუწყვეტელი თარეშის გამო წინწყაროს საეპისკოპოსო მოსახლეობისაგან დაცლილა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 929).

1940 წ. სოფ. წინწყაროს მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი მდიდრული ინვენტარით, რომლის ერთი ნაწილი მოხვდა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. სამარხი აღმოჩენილია მიწის ზედაპირიდან 1 მ სიღრმეზე. ის წარმოადგენდა მცირე ზომის (1X0,8მ) ქვის სამარხს. კედლები ნაგები იყო თითო ქვისაგან. გადახურული ყოფილა ერთი ქვით. სამარხში დიდი რაოდენობით გამოვლინდა ნაცარი. ძვლები არ შემორჩენილა. სამარხეული ნივთების ერთი ნაწილი მუზეუმში მოხვედრამდე დაკარგულა (კუფტინი 1941: 34-41; დავლიანიძე 1976: 118). გადარჩენილ ნივთებს შორის გვხვდება ელექტრუმის ბაგისა და თვალისსაფარი ფირფიტები. ბაგისსაფარი რომბისებური მოყვანილობისაა. შემკულია მარჯვენა პროფილში გამოსახული ფრინველის 21 ფიგურის მწკრივით. ფირფიტას უკან, ცალ მხარეს, შემორჩენილი აქვს ყუნწი. მეორე ყუნწი აკლია. თვალისსაფარი ფირფიტაც რომბისებურია. ზურგზე შემორჩენილი აქვს ყუნწი. აკლია მეორე ყუნწი და ფირფიტის ნაწილი. ამავე კომპლექტს უნდა ეკუთვნოდეს ელექტრუმის სამი დისკოსებური ფირფიტა, რომლებზეც რომელიღაც ქალღმერთის თავია გამოსახული. სამარხში აღმოჩენილი 2 საკინძიდან 1 ბრინჯაოსია, დაფანჯრული თავით. მეორე საკინძი ვერცხლისაა. ღერო გრეხილია. თავი შემკულია კონცენტრული ჭდეული ხაზებით. საკინძის თავი გახვრეტილი ყოფილა. 3 სამაჯურიდან ყველა რკალგახსნილია. ზურგჩაზნექილ ვერცხლის სამაჯურს შემოკრული აქვს ოქროს ფირფიტა. ღერო მრგვალგანივკვეთიანია. დაფარულია ჭდეული კონცენტრული ხაზებით. ბოლოები შემკულია ნაჭდევი ზოლებით. ელექტრუმის 2 სამაჯური დამზადუბულია მრგვალგანივკვეთიანი ღეროსაგან. ბოლოებზე წამოცმული აქვს ბრტყელი ფირფიტისაგან ნაკეთები სალტეები. სამარხში აღმოჩენილია ვერცხლის 4 რკალგახსნილი საბეჭდავი ბეჭედი, რომელთა ფარაკებსაც სხვადასხვა გამოსახულება ამკობს. ბრინჯაოს კანდელაბრიდან შემორჩენილია მისი ქვედა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის მუხლში მოხრილ 3 ფეხს. ფეხების შეერთების ადგილას აქვს დაკბილული დისკო, რომელზეც აღმართული უნდა ყოფილიყო რკინის ღერო. ბრინჯაოს ლანგარი დამზადებულია თხელი ფირფიტისაგან. ის სადაა. ვერცხლის თასები დაბალია, თეფშისებური ფორმის. ერთ-ერთი თასის ძირზე გამოყვანილია ომფალოსი, საიდანაც სხივისებურად გამოდის 38 ფურცელი. ვერცხლის მეორე თასის მომრგვალებული კალთები გადადის მომრგვალებულსავე ძირში, რომელზეც ომფალოსის ადგილას, გარეპირიდან დაჭდეულია წრიდან მხრისაკენ გამოსხივებული 28 ფურცელი. მინის ფიალა ჩამოსხმულია მოყვითალო-მოთეთრო ფერის გამჭვირვალე მინისაგან. აქვს მომრგვალებული კალთები და ძირი. ფიალის ძირი გარედან შემკულია 14 რადიალური რელიეფური ფოთლით, რომელთა წვერებს შორის, კალთებზე ჩასმულია 14 ბურცობი. ვერცხლის კოვზის გრძელი ტარი წარმოადგენს მრგვალგანივკვეთიან ღეროს, რომელიც რგოლით მთავრდება. სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს 3 ლაგამი. პირველს აქვს მრგვალგანივკვეთიანი, ბოლოებისაკენ ოდნავ შევიწროებული საყბეურები. მეორე ლაგამი შედგება 3 ორწილადი რგოლისაგან. მესამე ლაგამს აქვს მრგვალგანივკვეთიანი, ბოლოებისაკენ ოდნავ შევიწროებული საყბეურები. სამარხში აღმოჩნდა ავშარის შესამკობი ვერცხლის ფირფიტები ორ-ორი ყუნწით. იმავე სამარხიდან მომდინარეობს ვერცხლის სხვა ფირფიტებიც, რომელთაგან ზოგი დისკოსებურია. იქვეა აღმოჩენილი ვიწრო, ბრტყელი ფირფიტისაგან ნაკეთები ყუნწები, ბრინჯაოს თხელი ფირფიტის მილაკის ნატეხი და ვერცხლის თხელი ფირფიტების უფორმო ნატეხები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. IV ს-ით (დავლიანიძე 1976: 118-147).

ალგეთის წინწყაროს მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა. ესენია: 1936 წ. აღმოჩენილი თეოდორას სპილენძის მონეტა; 1937 წ. აღმოჩენილი ირაკლისა და ირაკლი-კონსტანტინეს სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა – ჰექსაგრამი, აგრეთვე იოანე ციმისხის სპილენძის მონეტა (აბრამიშვილი 1965: 126, 129, 132). წინწყაროდანვეა ცნობილი XIII ს-ის მეორე ნახევრის ორი ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემი (ჯალაღანია 1958: 115). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ალგეთის წინწყაროს გარდა, ცნობილია ამავე სახელწოდების სოფელი წალკის მუნიც-ში, რომელიც მდებარეობს წალკის წყალსაცავის დასავლეთ ნაპირზე. 1937 წ. ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების წალკის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ.კუფტინი), სოფლის აღმოსავლეთით, მდ. ხრამის ნაპირზე შეისწავლა წინწყაროს სამაროვანი (კუფტინი 1941: 53-64). გაითხარა 77 სამარხი, რომლებიც ჯგუფურად იყვნენ განლაგებული. სამარხები მიწის ზედაპირიდან ძირითადად 1,5-1,6 მ სიღრმეზე მდებარეობდნენ. სამარხებს ზემოდან ქვებით მოფენილი მოედნები ჰქონდათ. მათ ქვეშ ჩნდებოდა სამარხების გადასახურავი ქვები. ზოგიერთ შემთხვევაში ქვიანი მოედნის ქვეშ სამარხი არ აღმოჩენილა. სამარხები შედგენილი იყო ქვის ბრტყელი ფილებისაგან. სახურავად გამოუყენებიათ 2 მოზრდილი ფილა, თუმცა იმ ტერიტორიაზე წარმოებული მიწის სამუშაოების გამო, გათხრების დროს სამარხები ან აღარ იყო გადახურული, ან მხოლოდ გადახურვის ნაწილი ჰქონიათ შერჩენილი. სამარხების განივი კედლები თითო, გრძივი კედლები კი 2-3 ქვისაგან შედგებოდა. ზოგჯერ კედელი ან კედლის ნაწილი ამოყვანილი იყო წვრილი ქვებით. წვრილი ქვებით ავსებდნენ კედლებსა და კუთხეებში დარჩენილ არეს. 2-3 შემთხვევაში მიცვალებული ორმოსამარხში დაუკრძალავთ. სამარხები ინდივიდუალურია. მათი უმრავლესობა დამხრობილია დასავლეთ-აღმოსავლეთისაკენ, ერთი (№2) სამრხეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი-საკენ. №5 სამარხი დამხრობილი ყოფილა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.

სამარხეული ინვენტარის დიდ ნაწილს შეადგენს კერამიკა, რომლის დაახლოებით 2/3 მორგვზეა დამზადებული; დანარჩენი ხელითაა ნაძერწი და თიხაში ობსიდიანის ნატეხები ან წვრილი კენჭებია შერეული. მორგვზე დამზადებული ჭურჭელი შედარებით მრავალფეროვანია: სხვადასხვა ზომის დოქები, დერგისებური ორყურა ჭურჭლები, ქოთნები, სადღვებელი, ტოლჩები და კოჭბები. ჭურჭლების დიდი ნაწილი ორნამენტირებულია. ორნამენტი ძირითადად ჭურჭლის ზედა ნახევარზეა დატანილი. სჭარბობს კონცენტრული ზოლები, ხშირადაა გამოყენებული გაპრიალება. ხელით ნაძერწი კერამიკა ერთგვაროვანია და ქოთნებითაა წარმოდგენილი. სამარხებში აღმოჩენილი იარაღი რკინისაა. გამონაკლისს წარმოადგენს ბრინჯაოს გრძელყურიანი ე. წ. „აღმოსავლეთ ამიერკავკასიური“ ტიპის ისრისპირები. რკინის იარაღებიდან აღსანიშნავია სატევრები, ბრტყელყუნწიანი სატევრები, მასრაგახსნილი შუბისპირები და დანები. რკინის სამკაულიდან მხოლოდ 2 სამაჯურია აღმოჩენილი. შედარებით მრავლადაა ბრინჯაოს ნივთები: კვერთხისთავები, ორნამენტირებული ბრტყელი ნატეხები, რგოლები. მძივები მრავალრიცხოვანია. მათ შორის გვხვდება სარდიონის ოვალური ფორმის ექვსწახნაგა, მრგვალ-ბრტყელი, კასრისებური, ცილინდრული, ბიკონუსური და სხვ. სამაროვნის №6 და №60 სამარხები ყველაზე ადრეულებია და თარიღდება ძვ. წ. XII ს-ის მიწურულით. ძვ. წ. X ს-ით თარიღდება №36 სამარხი. №21 სამარხი ძვ. წ. X ს-ის ბოლოს ან IX ს-ის პირველ ნახევარს განეკუთვნება. დანარჩენი სამარხები, ძირითადად, თარიღდება ძვ. წ. IX-VIII სს-ით. განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1961: 325, 327, 364, 368, 369; აბრამიშვილი 1965: 126, 129, 132; ბაგრატიონი 1986: 47; დავლიანიძე 1976: 118-147; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 60, 253; კუფტინი 1941: 37; ლორთქიფანიძე 1935: 372; ლორთქიფანიძე 1969: 91-95; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; მასალები საქ. სტატ. ... 1907: 101; მენაბდე, დავლიანიძე 1968: 5-97; იოსელიანი 1850: 71; ორბელიანი 1981: 56, 152; საგინაშვილი, გაგოშიძე 1973: 81-98; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54; საქ. სიძ. 1909: 203; 1910: 298, 382; საქ. სიძ. 1920: 386; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 280; 1970: 624, 929; 1970ა: 679, 698, 703, 708, 721; 1972: 152, 170, 229, 515; ქც 2: 408,19; ქც 4: 327,6; 330,15; 620,12; ციციშვილი 1979ბ: 5; ხარაძე 1991: 91; ჯალაღანია 1958: 115.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9