წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წილ წინ წირ წიფ წიწ

წირქვალი 

ციხე, დაბა (ქც 4: 359,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 138,8; 359,13,15), მატიანე ქართლისა (ქც 1: 308,28), XV, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; საქ. სიძ. 1980: 205; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512; ქსნის საერისთ. სტატ. 1951: 5-68), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 72, 74), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1013: 12), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36).

მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. წირქვალიდან 2 კმ-ის დაშორებით, მდ. ქსნის მარჯვენა მხარეს.

975 წ. ახლო ხანებში კახელებმა აიღეს უფლისციხე, შეიპყრეს მცირეწლოვანი ბაგრატ III და მისი მშობლები. ამის გამო დავით კურაპალატი თრიალეთს მისულა კახეთზე გასალაშქრებლად. კახელებმა ზავი ამჯობინეს. გაათავისუფლეს ტყვეები, დაუბრუნეს ბაგრატს უფლისციხე, ხოლო წირქვალისა და გრუის ციხეები თვითონ დაიკავეს (ქც 1: 275,1,2; ქც 4: 138,2-9). XI ს-ის წყაროებში იხსენიება ვეჟინის ერისთავი წირქუალელი (ქც 1: 308,28). XVIII ს-ში წირქვალის ციხეს ამილახორები ფლობდნენ (ორბელიანი 1981: 72, 74). 1768 წლიდან ქსნის საერისთაოს გაუქმების შემდეგ, ციხე სამეფო ხელისუფლებას დაექვემდებარა. წყაროებში წირქვალი ზოგჯერ „წირქოლის“ ან „წიქორის“ ფორმითაა მოხსენიებული (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512; ორბელიანი 1981: 72, 74).

1955 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.ცქიტიშვილი), სსრკ მეც. აკად. ლენინგრადის ინსტიტუტის პალეოლითის რაზმთან ერთად, სოფ. წირქოლთან გამოავლინა მუსტიეური ხანის სადგომი (ლიუბინი 1960: 15). იმავე წელს ისტორიის ინსტიტუტის შიდა ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ.ბერძენიშვილი) სოფლის ტერიტორიაზე მიაკვლია ნამოსახლარ გორას, რომლის ზედაპირზე აიკრიფა ენეოლითური ხანის კერამიკის ნატეხები. გორაზე გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენაც (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 188 190). 1981-1982 წწ. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შიდა ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ი.გაგოშიძე) სოფლის (ხრიკულების უბნის) დასავლეთით, მთის შიშველ ფერდობზე, VIII ს-ის ეკლესიის სამხრეთით, ხევგამოღმა აკრიფა თეთრანგობიანი, ანტიკური იერის კერამიკა, ნავისებური ხელსაფქვავი, ადრე შუა საუკუნეების ჭდეულზედაპირიანი ქვევრის ნატეხები. სავარაუდოა, რომ იქ ანტიკური ხანის ნასოფლარი არსებობდა. სოფლის ჩრდილოეთით, ხევისაკენ ჩანს კედლის ფრაგმენტები დამწვარი ალიზის შელესილობით. იქვეა გამოვლენილი შავი, რელიეფურსარტყელიანი ქვევრის ნატეხი. უფრო ჩრდილოეთით ქვიტკირის კედლების ფრაგმენტებია, რომლებიც ეკლესიასთან ახლოა და ალბათ მისი თანადროულია (VIII ს). იმავე ეკლესიის სამხრეთით, სოფლისაკენ დაქანებული სერის თხემზე შემორჩენილია კვადრატს მიახლოებული ნაგებობის კვალი (გაგოშიძე 1983: 7). ეკლესიის მიდამოებში ზედაპირულად მრავლად იკრიფება შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ნატეხები. იქვეა გამოვლენილი VIII ს-ის პირველი ნახევრის ომეიდების სპილენძის მონეტა (გვრიტიშვილი 1999: 93, 94).

სოფ. წირქვალში რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები ერთი მრგვალი, ორსართულიანი კოშკია. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ჭერი თაღიანია, აგურით ნაშენი. კოშკის ორივე სართულში ბუხარი, სათოფურები და სარკმლებია. კოშკის მახლობლად შეიმჩნევა პატარა ეკლესიის საძირკველი (მაკალათია 1968: 69).

სოფლიდან 2 კმ-ის დაშორებით, ძველი წირქვალის ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია ეკლესია და ციხის ნანგრევები. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ტუფის ქვით. ჩრდილო და აღმოსავლეთი ფასადი თაღოვანსვეტებიანია. ინტერიერი თავის დროზე მოხატული ყოფილა. თარიღდება VIII ს-ით (ჩუბინაშვილი 1942: 1-30). ეკლესიის სახურავზე განლაგებული ყოფილა თიხის 4 ფილა წმინდანის გამოსახულებით. ფილების ზომებია: 76,5X88,5X3-5 სმ. ყველა ფილა ერთი ყალიბიდანაა ამოწნეხილი. წმინდანის სქემატური გამოსახულება (პორტრეტი) წრიულ ჩარჩოშია ჩასმული (მაისურაძე 1967: 8, 9). ეკლესიის რელიეფების 3 ფრაგმენტზე შემორჩენილია ნუსხანარევი ასომთავრული წარწერა ლეონ II აფხაზთა მეფისა: „დანიელი იტყუის: მიხსენ მე უფალო პირისაგან ლომთაისა. იხსენ სასჯელისაგან გაბრიელ მთავარანგელოზო ლეონ მეფე“. წარწერა თარიღდება 952-967 წლებით (ქართ. წარწ. კორ. 1980: 220, 221).

წირქვალის ციხე ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით, კირხსნარზე. ზოგან გამოყენებულია რიყის ქვა. ციხე მთის წვერზე მდგარა. მოგვიანებით ჩრდილოეთის მხრიდან მიუშენებიათ ახალი ნაგებობები, რომელთა სიდიდე ორჯერ აღემატებოდა ძველს. ძველი ციხის კედლები მთის რელიეფს გასდევდა. ციხის ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა სათავსოს ნაშთები და წყალსაცავი. ახალი სიმაგრეც მთის რელიეფს მიუყვება. ციხე რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ეზოს ირგვლივ განლაგებულია: აღმოსავლეთით – ოთხსართულიანი სასახლე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში – კოშკი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – საცხოვრებელი ნაგებობა. მათ გარდა ეზოში სხვა ნაგებობათა ნაშთებიცაა შემორჩენილი. ციხეს შესასვლელი ჰქონია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ციხეს გააჩნდა გვირაბი, რომლის გაუქმების შემდეგ, მასში წყალსადენი გაუყვანიათ (ზაქარაია 1988: 68, 69).

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული წირქოლის გარდა, ცნობილია სხვა წირქოლიც (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 432; გიულდენშტედტი 1962: 301), რომელიც ლოკალიზდება ჭიათურის მუნიც-ში. მდებარეობს მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, ჭიათურის პლატოზე.

ჭიათურის წირქვალი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ჭიათურის წირქვალის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი გვანი ბრინჯაოს ხანის ერთი შუბისპირი (საქ. არქ. 1959: 154). ნივთი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1961: 161, 162; ბაგრატიონი 1986: 36; გაგოშიძე 1983: 7; გვასალია 1983: 48, 77, 78; გვრიტიშვილი 1999: 93, 94; გიულდენშტედტი 1962: 301; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 432; ზაქარაია 1950: 182-188; 1988: 67-69; თავგადასავალი ... 1013: 12; ლიუბინი 1960: 15; მაისურაძე 1967: 8, 9; მაკალათია 1968: 69-72; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1955: 188, 190; ორბელიანი 1981: 72, 74; საქ. არქ. 1959: 154; საქ. სიძ. 1920: 205; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512; ქართ. წარწ. კორ. 1980: 220, 221; ქსნის საერისთ. სტატ. 1951: 5-68; ქც 1: 275,1, 308,28; ქც 4: 138,8; 359,13,15; ჩუბინაშვილი 1942: 1-13; ხიმშიაშვილი 1965: 51-54.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9