წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წობ წოდ წოლ წონ წორ წოფ

წობენი

(ქც 1: 125,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1:125,16), „მოქცევაი ქართლისაი“ (სამი ისტ. ქრ. 1890: 18; მქ 1963: 38), XII ს-ის დაწერილი საკათალიკოსო სოფლების შესავლისა (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74).

ლეონტი მროველი წობენის შესახებ გადმოგვცემს: „წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მოვიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა, და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ რჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი“ (ქც 1: 125,16).

ლოკალიზდება დღევანდელი დუშეთის მუნიც-ში, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ჩინთსა და ჟინვალს შორის.

გადმოცემით, ჟინვალის სამხრეთით, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარე მინდორს ბოდავის ხევამდე ეწოდებოდა წობენი ანუ წობნები (გვასალია 1970ა: 753-756; 1975: 59). XII ს-ში წობენი ყოფილა საეკლესიო გლეხებით დასახლებული სოფელი, რომელსაც ევალებოდა გადაეხადა „ვერცხლი დრამაი გ (3); კაბიწი ბ (2)“ (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74). წობენზე გადიოდა დარიალ-არაგვის დიდი სავაჭრო მაგისტრალი (ბერძენიშვილი 1966: 60; გვასალია 1975: 71).

1973 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ.რამიშვილი) ჟინვალიდან სამხრეთით 700 მ-ის დაშორებით, წობენის ველთან გათხარა ზღუდე კარიბჭით (სიგრძე 13,5 მ, სისქე 1 მ, სიმაღლე 1,5 მ), მიმართული აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, მდ. არაგვამდე. ზღუდე ნაგები იყო ნატეხი ქვითა და დუღაბით. ზღუდის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი იყო კარიბჭე, ჩამოსაშვები კარის სამოძრაო ღარითა და საურდულე ხვრელებით. კარიბჭის სავალი ნაწილის სიგანე 1,5 მ-ია. იქ გამოვლინდა თიხის მოჭიქული და სადა ჭურჭლის მცირე ნატეხები (სძა 2004: 297). ძეგლი განადგურდა ჟინვალის კაშხლის მშენებლობისას.

1988-1989 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ.რამიშვილი) ადგილ წობნებში გათხარა განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩინთიდან 400 მ-ის დაშორებით, ხევის მარცხენა ნაპირზე, ჟინვალ-ბარისახოს გზის აღმოსავლეთით. გამოვლინდა საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ნაშთები. მცირე რაოდენობით სადა და მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ნასოფლარის განაპირას, ჩრდილოეთით, ყუჩიხევის მარჯვენა ნაპირზე, დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია (7,5X5,2 მ), რომლის კედლები შემორჩენილია 0,5-1,5 მ-ზე. ნაგებია ტლანქად, დაუმუშავებელი საშუალო ზომის კლდის ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის შუაში შემორჩენილია სწორკუთხა ტრაპეზის ნაწილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში ნიშის ნაშთია. ჩრდილოეთის მხართან შემორჩენილი კანკელის ნაწილის წინ დგას ჯვრის საყრდენი სწორკუთხა პოსტამენტი, რომლის ცენტრში 0,5 მ სიღრმის ოთხკუთხა ფოსოა. დარბაზის სამივე კედელს გასდევს ქვის საფეხური. ეკლესიის აღმოსავლეთით გაითხარა რვა უინვენტარო ინდივიდუალური და საოჯახო სამარხი, ორიენტირებული აღმოსავლეთისაკენ. სამარხები 2 ტიპისაა: ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვის სამარხები (რამიშვილი ... 2004: 100; სძა 2004: 341). განათხარ ძეგლებზე აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური ცენტრის დუშეთის ბაზაზე.

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 60; გვასალია 1970ა: 753-756; მქ 1963: 38; რამიშვილი ... 1947: 65-73; რამიშვილი ... 2004: 95-104; სამი ისტ. ქრ. 1890: 18; სძა 2004: 297, 341; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74; ქც 1: 125,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9