![]() |
![]() | |
(ქც 4: 767,5,8,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:3 71,8; 760,18; 767,5,8,10), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 78), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 103, 105, 171; 1964: 67).
ვახუშტი ბაგრატიონი წონას შესახებ გადმოგვცემს: „გულოვანთას ერთვის ჯეჯორს აღმოსავლიდამ სხვა ხევი, წონასა და ამის შორის მთის გამომდინარე ... ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამხრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის ვითარცა აღვწერეთ ... გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ხეობასა ზედა, დვანის ხეობასა ზედა, ქართლში“ (ქც 4: 767,5,8,10).
მდებარეობს ჯავის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. წონას ტერიტორიაზე.
სოფ. წონას მახლობლად, ბუბას მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს კარსტული წარმოშობის გვირაბისებური მღვიმე (სიგრძე 90 მ, სიგანე 13 მ, სიმაღლე 15 მ), რომელიც აღმოჩნდა 1958 წელს. 1958-1961, 1965, 1968 წწ. აქ გათხრებს აწარმოებდა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა კავკასიონის სამხრეთი კალთის პალეოლითური ექსპედიცია (ხელმძღ ალ.კალანდაძე). 1977-78 წწ. მღვიმეში დამატებითი სამუშაოები ჩაატარა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ.თუშაბრამიშვილი). გაითხარა 140 კვმ ფართობი 6 მ-ის სიღრმეზე, კლდოვან საფუძვლამდე. გამოიყო აშელის, მუსტიეს, მეზოლითისა და გვიანენეოლითი-ადრებრინჯაოს ხანის ფენები. ქვედა პალეოლითური ფენები წარმოდგენილია აშელის 2 და მუსტიეს 1 ფენის სახით. აშელის ქვედა ფენაში სულ 30 ნივთია ნაპოვნი. კაჟისა და არგოლიტის ანატკეცებზე გაფორმებულია ამოზნექილ სამუშაოპირიანი სახოკები, უხეში მჭრელი იარაღი და წვეტანები. აშელის ზედა ფენაში აღმოჩნდა 104 ქვის ნივთი, რომელთა დასამზადებლად გამოყენებულია ანდეზიტი და არგილიტი, იშვიათად ქვიშაქვა და კაჟოვანი კირქვა. აქ აღმოჩნდა ხელცულები (47ც), უხეში საჩეხი და მჭრელი იარაღები, სახოკები, წვეტანები, ურეტუშო და რეტუშირებული ანატკეცები. ამ ფენის იარაღებიდან აღსანიშნავია არგილიტისაგან დამზადებული, 25 სმ სიგრძის სახელურიანი წალდისებური იარაღი, ე. წ. „წონას ტიპის“ ხელცული. აშელის ორივე ფენაში აღმოჩნდა მღვიმის დათვის, მურა დათვის, დომბას, კეთილშობილი ირმის, შვლის, მაჩვის, კურდღლისა და სხვა ცხოველების, აგრეთვე, ფრინველების ძვლები. წონას მღვიმეში მუსტიეს ხანა წარმოდგენილია მხოლოდ გვიანი პერიოდით. ამ ხანის ფენაში აღმოჩნდა 71 ქვის ნივთი, დამზადებული ფიქალის, არგოლიტის, ანდეზიტის, კაჟისა და ერთ შემთხვევაში ობსიდიანისაგან. აქ აღმოჩნდა წვეტანები და სახოკები; კირქვის ფილის ნატეხი, რომლის ერთ-ერთ ზედაპირზე ჯვრისებური გამოსახულებაა ამოკვეთილი. მუსტიეურ ფენაში აღმოჩნდა იგივე ცხოველების ნაშთები, რაც აშელურ ფენებში. წონას მღვიმეში მეზოლითური ხანის ფენის სიმძლავრე 0,40-0,45 მ-ია. ამ ფენაში წარმოების ნაშთებსა და დაუმუშავებელ ლამელებთან ერთად აღმოჩნდა მიკროსაფხეკები, სახვრეტები და საჭრისები, დამზადებული ორფერდა მიკროლამელებზე, ასიმეტრიული სამკუთხა და სეგმენტისებური ჩასართები. იარაღი დამზადებულია კაჟისაგან. თარიღდება ადრე მეზოლითური ეპოქით. წონას მღვიმის ქვედა პალეოლითური და მეზოლითური მასალისა და ფაუნის ნაშთების მოპოვება მოწმობს, რომ მღვიმე უძველეს მონადირეთა დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა (კალანდაძე 1965: 32-36; კალანდაძე, თუშაბრამიშვილი 1978: 96-100; საქ. არქ. 1991: 104-108, 200). მღვიმეში დადასტურდა გვიანენეოლითი-ადრებრინჯაოს ხანის ცუდად გამომწვარი თიხის ჭურჭლების ფრაგმენტები, რომლებსაც აქვთ მასიური კეცი, შავპრიალა ზედაპირი და ვარდისფერი სარჩული (კალანდაძე 1960: 6-10).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |