წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წობ წოდ წოლ წონ წორ წოფ

წორბისი

(ქც 4: 375,5,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართვლოსა“ (ქც 4: 375,5,6), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 599; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 190), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42).

ვახუშტი ბაგრატიონი წორბისის შესახებ გადმოგვცემს: „ყორნისს ზეით, წორბისს, ერთვის ამ წყალს ხტანის-ხევი. წორბისს ზეით ... მთასა შინა, არს ციხე საქართლისა“ (ქც 4: 375,5-7).

მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, მდ. აღმოსავლეთი ფრონეს ნაპირებზე, ზნაურიდან ჩრდილოეთით 12 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. წორბისის ტერიტორიაზე.

XVIII ს-ში წორბისი ამილახორთა მფლობელობაშია (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 190).

1980 წ. სოფ. წორბისის აღმოსავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, მდ. ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ტყეში გზის მშენებლობის დროს დაზიანდა ნამოსახლარი, სადაც აღმოჩნდა ქვის ფილა ორი ასომთავრული წარწერით: „სახელითა ღმრთისაითა ესე კონქი შექმნა ივანე ერისთავმან სალოცველად მათდა ქორონიკონსა რპ საბაის მამასახლისობასა,“ „იქმნა ხელითა ბარველისაითა.“ წარწერა თარიღდება 960 წ. ინახება ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

1981 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. ო.ტყეშელაშვილი) წორბისის მიდამოებში ჩაატარა დაზვერვითი ხასიათის სამუშაოები, რომლის მიზანს შეადგენდა გარკვეულიყო იმ ძეგლის ხასიათი, სადაც გამოვლინდა წარწერები. ბორცვზე განლაგებული ძეგლი აღმოჩნდა სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. შვიდ შენობას ეკავა დაახლოებით 2000 კვმ ფართობი. გაითხარა რიყისა და თლილი ქვით კირხსნარზე ნაგები ერთი სათავსო (9,5X5,5 მ, კედლის სისქე 1 მ), რომელსაც ჰქონდა კრამიტის ორფერდა სახურავი. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ქვის ფილებით გადახურული XI-XII სს-ის ორმოსამარხი (2,3X1,5X1,38 მ), რომელშიც ქრისტიანული წესით დაკრძალული იყო 4 მიცვალებული (ტყეშელაშვილი 1984: 68-72).

სოფ. წორბისში, მდ. აღმოსავლეთი ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ადგილზე დგას ფლეთილი ქვით ნაგები XVI ს-ის ექვსსართულიანი ოთხკუთხა კოში. კუთხეები, კარები და სარკმლები გამოყვანილია თლილი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა არ შემორჩენილა. პირველ და მეორე სართულზე აქვს თითო შესასვლელი (ზაქარაია 1982: 98, 99).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 190; ზაქარაია, 1982: 98, 99; ტყეშელაშვილი 1984: 68-72; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 599; ქც 4: 375,5,6.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9