ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბაკურციხე 

დაბა (ქც 4: 544,9, სქ.2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 544,9, სქ. 2), XVIII-XIX სს-ის დასაწყისის ისტორიული საბუთები (ქართულ-სპარსული ... 1984: 42; ქრონიკები 1967: 318-320; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 206, 421, 422; 1977: 50; 1981: 228; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 386; 1953: 275), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 160), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29, 261, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი ბაკურციხის შესახებ გადმოგვცემს: „კარდანახის ჩდილოთ არს ხევი ჩალაუბნისა ... ამ ხევზედ არს დაბა ბაკურციხე მაღალსა გორასა და კეთილს ადგილს“ (ქც 4: 544,8,9).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, გურჯაანიდან 8 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. ბაკურციხის ტერიტორიაზე.

1938 წ. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. ა. აფაქიძე) მიერ ბაკურციხის მიდამოებში ჩატარდა პირველი არქეოლოგიური გათხრები (აფაქიძე 1941: 1). 1968 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური), გურჯაანის მუზეუმთან ერთად, სოფლის სამხრეთით შეისწავლა გვიანბრინჯაოს ხანის ორმოსამარხები (ბუგიანიშვილი ... 1969: 17; ფიცხელაური 1973: 61). 1980 წ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) მიერ ბაკურციხის მახლობლად გაითხარა ადრებრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი. ბაკურციხესთან შესწავლილ იქნა შუა ბრინჯაოდან გვიან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის ორმოიანი სამარხი (ფიცხელაური 1982ა: 18, 19).

ბაკურციხის ყორღანი მდებარეობს მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „გორიელებთან“. ყორღანის მიწაყრილის დმ 60 მ, სიმაღლე 3 მ-ს აღწევდა. ყრილის ქვეშ გამოვლინდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი, მორებით ნაგები მიწისზედა ოთხკუთხა შენობა (9X8,5 მ). მორებით მოგებულ იატაკზე ეფინა ჭილობი. იატაკზე აღმოჩნდა სახურავის საყრდენი ბოძებისათვის განკუთვნილი 9 ორმო. სამარხის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გაძარცული იყო, გამოვლინდა შავპრიალა თიხის ჭურჭელი, ადამიანის გაფანტული ძვლები, მინისებური პასტისა და ოქროს მძივები. სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაიწმინდა მარჯვენა და მარცხენა გვერდზე დასვენებული, კიდურებმოხრილი ორი მიცვალებულის ჩონჩხი. თავით ერთი ჩრდილოეთით იყო მიქცეული, მეორე – სამხრეთით. იატაკზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა მცირე ზომის შავპრიალა თიხის ჭურჭელი. სამარხის სამხრეთ ნაწილში, იატაკზე გაიწმინდა წრეში ჩახატული გეომეტრიული ორნამენტი. სამხრეთი კედლის გასწვრივ აღმოჩნდა დიდი ზომის რელიეფური და ნაკვეთი ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი. აღმოსავლეთ კედელთან გამოვლინდა ობსიდიანის ისრისპირები, ოქროს გარსაკრავი, შუბისპირები ვერცხლის სალტეთი, ბრინჯაოს სატევარი და სხვ. ყორღანი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულით (ფიცხელაური 1982ა: 18). განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

„ბაკურციხის სამაროვანი“ მდებარეობს სოფლის სამხრეთ განაპირა ნაწილში. ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ახალი შენობის აგებისას დაზიანდა სამარხები, რომელთა ქვეშ უფრო ადრეული სამაროვანიც გამოვლინდა. ქვედა ფენის ორმოსამარხები დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთ – სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილო-დასავლეთით. სამარხებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი და სამკაულები ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულით თარიღდება (ფიცხელაური 1973: 61).

ზედა ფენის დაზიანებული ორმოსამარხები, მათში გამოვლენილი თიხის ჭურჭლებისა და ბრინჯაოს მახვილების მიხედვით, ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნით თარიღდება (ფიცხელაური 1973: 61). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (გურჯაანის საცავი).

„გორა მიწის“ სამაროვანი მდებარეობს ბაკურციხის ჩრდილოეთით, ალაზნის ველის შემაღლებულ ადგილზე. ადრეულ, მიწაყრილიან გორასამარხზე გამართული იყო ორმოსამარხები, რომლებშიც კიდურებმოხრილი მიცვალებულები ესვენა მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია: შავპრიალა თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს ბოლოკვეთილი მახვილებით, ნამგლებით, სამკაულებითა და სხვ. სამაროვანი ძვ. წ. XIII-X სს-ით თარიღდება (აფაქიძე 1941: 3). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

იმავე მუზეუმშია დაცული ბაკურციხესა და მის მიდამოებში სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები. 1932 წ. მუზეუმში შესული მასალებიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს ზოდი, ე. წ. აღმოსავლეთ-ამიერკავკასიური ცულები, ბრტყელი ცულები, სატეხი, მთლიანადსხმული, მომრგვალებულბოლოიანი და ბოლოკვეთილი სატევრები, რომელთა სახელურები ბოლოვდება დაფანჯრული თავით, მასრაშეკრული შუბისპირები, სადა და გრეხილი ბოლოებდაბრტყელებული სასაფეთქლე რგოლები, სამაჯურები, აბზინდები და სხვ. 1936 წ. მეტეხის ხელოვნების მუზეუმმა საქართვლოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა ბაკურციხიდან მომდინარე არქეოლოგიური ნივთები: რკინის თოხები, შუბისა და სატევრის პირები, ისრისპირები და სხვ. 1952-1954 წწ. მუზეუმში მოხვდა ბაკურციხის მიდამოებში აღმოჩენილი ნივთები: ბრინჯაოს მთლიანადსხმული, წვერმომრგვალებული სატევარი, რომლის სახელური დაფანჯრული თავით ბოლოვდება, ბრინჯაოს შუბისპირები, შავად გამომწვარი თიხის დოქი, ხელადა და ჯამი. ბაკურციხესა და მის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით.
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე 1941: 1-3; ბაგრატიონი 1986: 68; ბუგიანიშვილი ... 1969: 17; გიულდენშტედტი 1962: 29, 261, 273; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 386; 1953: 275; საქ. არქ. 1992: 208, 209; ორბელიანი 1981: 160; ფიცხელაური 1973: 61; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 206, 421, 422; 1977: 50; 1981: 228; ქართულ-სპარსული ... 1984: 42; ქრონიკები 1967: 318-320; ქც 4: 544,9; ფიცხელაური 1982ა: 18, 19.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9