წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წობ წოდ წოლ წონ წორ წოფ

წოფა 

ციხე (ქც 4: 310,8; 501,28).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 310,8; 501,28), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 57), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 125), აღპატის მონასტრის 1211 წ. წარწერა (კონსტანიანცი 1913: 51), 1730 წ. მამულის წყალობის სიგელი (ქრონიკები 1897: 503), 1730 წ. გირავნობის წიგნი სომხითის მელიქისა ყაფლანიშვილებისადმი (საქ. სიძ. 1909: 309).

წოფას შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „არს ხოჟორნიას ეკლესია გუნბათიანი, ხოლო წოფას ციხე მცირე“ (ქც 4: 310,8,9).

მდებარეობს მარნეულის მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. წოფის ტერიტორიაზე.

აღპატის მონასტრის 1211 წ. წარწერით მეფე გიორგი III-სა (1156-1184) და თამარს (1184-1207) სოფელი წოფი უბოძებიათ ვინმე ნაშმადინისათვის (კონსტანიანცი 1913: 15; ცქიტიშვილი 1960: 87,სქ.9). 1722 წ. განჯის ხანმა ააოხრა შულავერი და აღჯაყალიდან წოფას გადავიდა (ქც 4: 501,28), 1730 წ. სოფ. წოფა მელქისედეკ კათალიკოზმა ელიზბარ ორბელიშვილს უწყალობა (ქრონიკები 1897: 503).

1956-1958 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ.ბერძენიშვილი) სოფ. წოფის მიდამოებში გამოავლინა: ნამოსახლარი გორა, ქვის ხანის გამოქვაბული, ენეოლითური ხანის ნამოსახლარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი, შუა საუკუნეების ციხე და სხვ.

ქვის ხანის ძეგლი წოფი I შესწავლილ იქნა 1957-1958 წწ. ისტორიის ინსტიტუტის წოფის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. გ.გრიგოლია). ძეგლი წარმოადგენს დაქცეულ გამოქვაბულს, რომელიც მდებარეობს წოფის გორის სამხრეთ ფერდზე, სოფ. წოფიდან 300 მ-ის დაშორებით. გამოქვაბული ჩამოყალიბებულია ცარცული ასაკის გამარმარილოებული მუქნაცრისფერ კირქვებში გაჩენილი ნაპრალისა და კარსტული მოვლენების შედეგად. ბუნებრივი მოვლენების შედეგად გამოქვაბული დაიქცა. გამოქვაბულში გამოვლინდა 3,5 მ სისქის ფენა, რომლის ზედა ნაწილი 1,5 მ სისქის ჰუმუსური ფენაა და შეიცავს სხვადასხვა ორნამენტით შემკულ კერამიკის ნატეხებს (ქოთნები, ქვევრები), ხელსაფქვავის ქვებს, რომბული ფორმის ყუნწიან ისრისწვერს, ცხოველთა ძვლებს. მეორე ფენა შედგება 5 ჰორიზონტისაგან, სადაც გამოვლინდა ფაუნის ნაშთები, ქვის იარაღები, წარმოების ნაშთები. მეორე და მესამე ჰორიზონტში დაფიქსირდა ქვებისაგან შედგენილი კერები და იატაკში ჩაჭრილი ორმოები. წოფის გამოქვაბულში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის უმეტესობა დამზადებულია პორფირიტის ტუფის, ანდეზიტ-ბაზალტის, არგოლიტის, კირქვის, ქვიშაქვის ადგილობრივი უხეში ქანებისაგან. ისრისპირების მცირე ნაწილი ჩამოყალიბებულია მწვანე ფერის ქანებზე და ობსიდიანზე, სხვადასხვა ფერის კაჟზე, რომლებიც მოტანილი უნდა იყოს ხრამის ხეობიდან. მოპოვებულია გვიანი აშელისა და ადრე მუსტიეს ხანით დათარიღებული 2800 ერთეული ქვის ნივთი. აქედან 952 იარაღია, მათ შორის: სახოკები 419, საფხეკები 11, დანა-სახოკი 294, დანები 93, წვეტანები 102, ორმაგი წვეტანები 7, მინიატურული ხელნაჯახები 6, საჩეხი იარაღი 4, საჭრისები 2, ლამელა 6 ცალია. წარმოების ნაშთი 1848 ერთეულია, მათ შორის გვხვდება: ნუკლეუსები, კაჭრები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ანატკეც-ანამტვრევები, რაც მიუთითებს წოფის გამოქვაბულში იარაღის როგორც პირველად, ისე მეორეულ დამუშავებაზე. იარაღებზე კარგად შეინიშნება საფეხურიანი რეტუში. წოფის გამოქვაბულში ადამიანს უცხოვრია დიდი ხნის მანძილზე, გვიან აშელსა და ადრე მუსტიეს ხანაში. იარაღების ტრასოლოგიური გამოკვლევებით დადასტურდა, რომ წოფელთა მეურნეობაში ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. დამხმარე მეურნეობა იყო ნადირობა (გრიგოლია 1963: 50-90; ესაკია 1977: 8-12; კორობკოვა, ესაკია 1979: 56-60). გამოქვაბულში მოპოვებული ძვლოვანი მასალა განეკუთვნება: ბეწვიან მარტორქას, კეთილშობილ ირემს, დაღესტნის ჯიხვს, ნიამორს, ნამარხ ცხენსა და ვირს, დომბას, რუხ კურდღელს, მგელს, დათვს, ოქოტონას და სხვ. გამოქვაბული მეოთხეული ასაკისაა (გრიგოლია 1963: 48; ვეკუა 1968: 34-45).

1965 და 1969 წწ. წოფის ენეოლითური ნასახლარი (ნასოფლარი) შეისწავლა ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ტ.ჩუბინიშვილი). ნასახლარზე გამოვლინდა ცალკე ან ჯგუფად განლაგებული 12-მდე სამეურნეო ორმო და ორმოს ნაშთი (დმ 1,4-1,8 მ). ორმოთა ნაცროვან ფენაში აღმოჩნდა ცხვრის ძვლები. ერთში – თიხისგან დამზადებული ხარის პატარა ქანდაკება და ადამიანის ძვლები (ჩუბინიშვილი 1966: 9, 10). არქეოლოგიური მონაპოვრიდან ყველაზე არქაულია ქვის მასალა: სატეხი, გახეხილი ცული, სეგმენტები, სახვრეტები, საჭრისები. დამახასიათებელია მიკროლითები. გეომეტრიული ფორმის იარაღები დამზადებულია რიყის ქვის, რქეულასა და ობსიდიანისაგან. არქაული კერამიკის ნატეხებში ძირითადად გამოირჩევა ქილისებური მოშავო თიხის ჭურჭლები, რომელთა კეცში დიდი რაოდენობითაა შერეული დანაყილი კვარცი. ზოგ ჭურჭელს ამკობს კოპისებური წანაზარდები. მოგვიანო ჭურჭელი მრავალფეროვანია, პირგადაშლილი, სფერულმუცლიანი, მოვარდისფრო-მოყავისფრო კეცით, თიხაში ქვიშისა და ბზის მინარევებით. აღსანიშნავია ბზენარევი თიხისაგან დამზადებული ორი ჭურჭელი, ძაბრისებური დაბალი ყელითა და სფერული მუცლით. მათი ყელ-პირი გამოყვანილია ჩარხზე, ტანი ხელითაა ნაძერწი. ნასახლარის ძვლოვან მასალაში გამოირჩევა: შინაური ძაღლი, ძროხა, თხა, ცხვარი, ბატი. გარეული ცხოველებიდან: ველური კატა, თაგვი, ტახი, დომბა, ჯიხვი, მუფლონი (ჩუბინიშვილი 1966: 9, 10; 1971: 9, 10).

1958 წ. წოფის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის ერთი რაზმის მიერ (ხელმძღ. რ.აბრამიშვილი) გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი, რომელიც მდებარეობს წოფის ციხის დასავლეთით, წოფისწყლის ხევის მარცხენა ნაპირზე. სამაროვანი მოიცავდა 1,5 ჰა ფართობს. იქ გამოვლინდა ორმოსამარხები და ქვის სამარხები. ეს უკანასკნელნი ნაგებია ან ფლეთილი ქვით, ან შეკრულია ქვის ფილებით და შემოზღუდულია ქვის წრეებით. სამარხები ინდივიდუალურია. 2 სამარხი კენოტაფია. მიცვალებულები დაეკრძალათ მოხრილ პოზაში მამაკაცები მარჯვენა, დედაკაცები მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. XIII-VIII სს-ით. ქვის წრეებიან სამარხებში გვარის დაწინაურებული წევრები უნდა იყვნენ დაკრძალული (აბრამიშვილი 1959: 17, 18).

ციხის ქედის სამხრეთით, კლდოვანი ტოტის ძირში გაითხარა ფლეთილი ქვით ნაგები დანგრეული და გადამწვარი სათავსო, სადაც აღმოჩნდა კერამიკული ჭურჭელი: ლეგად გამომწვარი სადღვებელი; სხვადასხვა ზომის შავკეციანი, ვიწროყელიანი დოქები; შავპრიალა ჭინჭილა; სხვადასხვა ზომის ჯამები; ქოთნები; დერგები შემკული პარალელური ღარებით, ტალღური და გრეხილი სარტყლებით, ჭდეური ორნამენტით; დიდი ზომის თიხის ხელ-გობი სამი მორჩისებური ყურით. იქვე აღმოჩნდა: ძვლის 3 კვირისტავი, ხელსაფქვავის ქვა და სხვ. მასალა თარიღდება ძვ. წ. VIII-V სს-ით.

წოფის ციხე აღმართულია შულავერის წყლისა და დებედის წყალგამყოფ უსახელო ქედის გაშიშვლებულ კირქვებსა და მარმარილოსებრ კირქვების კლდეზე (ცქიტიშვილი 1960: 83). შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის კედლის ფრაგმენტები, რომელიც სამხრეთის კლდოვანი ფერდობის დიდ ტერიტორიას ზღუდავს. ციხის კედლები ნაგებია მარმარილოსებრი კირქვის სწორკუთხა კვადრებით. დაცულია რიგის ჰორიზონტალურობა. ზედა ციხის ირგვლივ კედლებში დატანებული 4 ნახევარწრიული ბურჯია. ბურჯებია გალავნის კედელშიც, რომლებიც იმ ადგილებშია ამოყვანილი, სადაც ბუნებრივი სიმაგრე სუსტია. ქვედა ციხე შექმნილია ერთიანი ზღუდით. იქ გამოყენებულია ციკლოპური წყობაც. ზედა ციხის აღმოსავლეთით, გარეთ გატანილი მრგვალი გეგმის კოშკია აღმართული. გალავნის შიგნით ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი კომპლექსები და ნალისებრაფსიდიანი ეკლესია, რომელიც აგებულია ისეთივე სამშენებლო მასალითა და წყობით, როგორითაც ციხეა ნაგები (ცქიტიშვილი 1960: 86). წოფის ციხის გათხრისას ზედა ფენაში გამოვლინდა XI-XIII სს-ის დამახასიათებული მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ფრაგმენტები. ე. წ. ჩამოღვენთილჭიქურიანი კერამიკა და მინის სამაჯურის ნატეხები. გეგმარებით, ტოპოგრაფიით, სამშენებლო ტექნიკითა და მასალით წოფის ციხე ანალოგიურია V-VI სს-ით დათარიღებული ციხეებისა და სავარაუდოა, რომ წოფის ციხეც ადრე შუა საუკუნეებში იყოს აშენებული (ცქიტიშვილი 1960: 87-89).

წოფის ციხის ფერდობზე ზედაპირულად აკრეფილ მასალაში არის ელინისტური და რომაული ხანისათვის დამახასიათებელი ჭურჭლის ნატეხები, რაც შესაბამისი ფენების არსებობაზე უნდა მიუთითებდეს (ცქიტიშვილი 1960: 87). წოფის ციხე დგას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, ის სხვა ციხეებთან ერთად მეთვალყურეობდა დმანის-ლორედან სომხეთისაკენ მიმავალ გზას (ბერძენიშვილი 1966: 87).

წოფის გორის ქედზეა აგებული დარბაზული ტიპის ნალისებურაფსიდიანი ეკლესია. კონქის თაღიც ნალისებურია. აგებული უნდა იყოს VI-VII სს-ში. მეორე ეკლესია ნასოფლარზე დგას. ის დარბაზულია, გარეთ გაწეული ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით. ნაგებია უხეშად გათლილი მარმარილოსებრი კირქვის ქვებით. წყობაში ჰორიზონტალობა დაცულია. კუთხის, ბალავრისა და სვეტების ქვები კარგად გათლილი ტუფი, კირქვა და ტრავერტინია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ამბიონი საფეხუროვანი და ამაღლებულია. ძეგლის გათხრისას გამოვლინდა მოჩუქურთმებული ქვები და ბოლნური ჯვარი. სვეტის თავზე გამოსახულია რელიეფი – დედალ-მამალ ირმებს მისდევს ლომი. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სტოა, რომლის სვეტად გამოყენებულია ქვაჯვარის ჩუქურთმით შემკული ნატეხი. მის ერთ მხარეზე ამოკვეთილია მხედარი – მარცხენა ხელში ფარით, მარჯვენაში შუბით. ქვაჯვარი დგას კუბური ფორმის ბაზისზე, რომელსაც ამკობს ლენტურ ჩარჩოში ჩასმული ბოლნური ჯვარი. ეკლესია აგებული უნდა იყოს VI-VII სს-ში (ცქიტიშვილი 1960: 89).

 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1959: 17, 18; ბაგრატიონი 1986: 57; ბერძენიშვილი 1964: 39-44; 1979: 5, 22, 46, 47, 62, 85, 101; ბერძენიშვილი 1966: 68, 87; გრიგოლია, ტატიშვილი 1960: 63-81; გრიგოლია 1963; დადიანი 1962: 127; ესაკია 1977: 8-12; ვეკუა 1958: 34, 35; კორობკოვა, ესაკია 1979: 56-60; კონსტანიანცი 1913: 51; მუსხელიშვილი 1960: 35; საქ. არქ. ... 1992: 309; საქ. სიძ. 1909: 309; ქრონიკები 1897: 503; ქც 4: 310,8, 501,28; ჩუბინიშვილი ... 1966: 9, 10; ჩუბინიშვილი ... 1971: 9-12.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9