წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წუნ წუქ

წუნდა

ციხე-ქალაქი, ქალაქი (ქც 1: 10,2, 30,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 10,2; 17,19; 24,18; 25,19; 30,8; 44,16,17; 47,13; 48,1; 49,19; 57,8), მისივე „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 117,20; 131,16), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 185,24; 198,16; 203,20; 204,3; 205,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 28,11; 57,14; 63,23; 64,23; 110,17; 113,26; 258,12; 662,7; 670,9,14,18; 675,16; 691,11,14), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 16), XVIII ს-ის ოსმალური დოკუმენტი (XVI-XVIII სს ოსმალური ... 1987: 150).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ისტორიული ტრადიციის თანახმად, ციხე-ქალაქი წუნდა ააშენა ქართველთა ეთნარქმა ჯავახოსმა (ქც 1: 10,2). „ქართლის ცხოვრებისეული“ ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად წუნდაც დახვედრია (ქც 1: 17,19). ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა (ძვ. წ. IV-III სს) დააარსა წუნდის საერისთავო (ქც 1: 24,18). არშაკ (არსუკ) მეფემ კიდევ უფრო განამტკიცა ქალაქის ზღუდე (ქც 1: 30,8). სომეხთა მეფემ ქართლის მეფე ფარსმანს მისტაცა წუნდა და მას უწოდა ქაჯატუნი (ქც 1: 44,16-18). შემდეგ სომხები იძულებული გახდნენ წუნდა დაებრუნებინათ (ქც 1: 49,19). იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქართლში გამოგზავნილმა ქვითხუროებმა ერთ-ერთი პირველი ეკლესია ააშენეს წუნდაში (ქც 1: 117,20). ვახტანგ გორგასალმა წუნდაში დასვა ეპისკოპოსი (ქც 1: 198,16). წუნდა იყო დაჩი ვახტანგის ძის საზაფხულო რეზიდენცია (ქც 1: 205,1). წუნდაზე გადიოდა ბიზანტიიდან ქართლში შემომავალი გზა. X ს-ში წუნდა თანდათან დაქვეითდა. ჯავახეთის ცენტრმა გადაინაცვლა თმოგვში (ბერძენიშვილი, გაბაშვილი 1987: 351). გვიან შუა საუკუნეებში თურქების მიერ სამცხის მიტაცების შემდეგ სოფ. წუნდა შედიოდა ახალქალაქის ლივას თმოგვის ნაჰიეში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 16). წუნდა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში ყველგან მოიხსენიება „წუნა“-ს ფორმით. მისივე განმარტებით, „ამასვე უწოდეს ჰური, შემდგომად უწოდეს ქაჯთა ციხე. იყო ქალაქი და ციხე და საერისთო ერთ მეფობამდე“ (ქც 4: 670,11-13). ვახუშტი ბაგრატიონის ეს ცნობა ექ.თაყაიშვილს მცდარად მიაჩნდა. შეცდომის საფუძველს წარმოადგენს ლეონტი მროველის ის ცნობა, სადაც საუბარია, რომ თავის დროზე სომხების მიერ მიტაცებულ წუნდაში დაასახლეს „კაცნი მხეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდეს წუნდას სახელად ქაჯატუნი“ (ქც 1: 44,16,17). წუნდას არ შეიძლება რქმეოდა ქაჯთა ციხე ან ჰური. ქაჯის ციხე მდებარეობს მტკვარსა და ყარა-სუს შესართავთან რამდენადმე ქვევით. რაც შეეხება ჰურს, ამ სახელწოდების სოფელი მდებარეობს მტკვრის გაცილებით ზევით, ველსა და არდაგანს შორის (მასალები ... 1909: 58, 59).

წუნდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1964 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ტ.ჩუბინიშვილი) თმოგვიდან 1,5 კმ-ის დაშორებით ბერთაყანაში გათხარა ძვ. წ. IV-III სს-ის ნამოსახლარი. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღმოჩენილი ნაგებობები შესაძლოა ეკუთვნოდეს ანტიკური ხანის ქალაქ წუნდის გარეუბანს (ჩუბინიშვილი, ღამბაშიძე 1965: 10).

წუნდის იოანე ნათლისმცემლის XII-XIII სს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ერთადერთი მიწისზედა ძეგლია. ეკლესიის დასავლეთ კედელზე სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი იჩქით გურგენის ძე (ცისკარიშვილი 1959: 47). აქვეა შემორჩენილი სამრეკლო, გელაზის ქვები და ქვაში ნაკვეთი საწნახლები. ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდგარა ნაციხარი ვერანყალა, რომელიც ქალაქ წუნდას დამცველი ციხე უნდა ყოფილიყო (ბერძენიშვილი 1985: 82).

 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 150; ბერძენიშვილი 1985: 76-80, 82; ბერძენიშვილი, გაბაშვილი 1987: 351; ბერძენიშვილი 1964: 136; ბოჭორიძე 1992: 221, 222; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 16; მასალები ... 1909: 58, 59; XVI-XVIII საუკუნეების ... 1987: 150; მჭედლიშვილი 1987: 26-29; ქც 1: 10,2; 17,19; 24,18; 25,19; 30,8; 44,16,17; 47,13; 48,1; 49,19; 57,8; 117,20; 131,16; 185,24; 198,16; 203,20; 204,3; 205,1; ქც 4: 28,11; 57,14; 63,23; 64,23; 110,17; 113,26; 258,12; 662,7; 670,9,14,18; 675,16; 691,11,14; ჩუბინიშვილი, ღამბაშიძე 1965: 8-11; ცისკარიშვილი 1959: 47; ჭილაშვილი 1968: 23-31.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9