ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭან ჭაპ ჭაქ

ჭაპალა

ციხე (ქც 4: 310,25).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 310,25; 311,3; 330,13; 607,30), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სიგელები ... 1898: 66; საქ. სიძ. 1909: 423, 424, 510; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 95, 129; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 155; 1981: 509, 510; 1985: 604), XVIII ს-ის ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 143, 145), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 234), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 57), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 104), ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთი (ქართულ-სპარსული ... 1955: 303, 304), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 81).

მდებარეობს ბოლნისის მუნიც-ში, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე სოფ. გუჩულოსთან.

ჭაპალა პირველად იხსენიება 1664 წ. საბუთში, რომლის მიხედვით, ვახტანგ V შაჰნავაზს (1658-1675) ჭაპალა უბოძებია ელიზბარ სოლოღაშვილისათვის (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266). ერეკლე I ნაზარალიხანმა (1688-1703) ჭაპალასთან დაამარცხა ქართლის მეფე გიორგი XI (1676-1688; 1703-1709) (ქც 4: 607,30). ერეკლე II-ის (1744-1798) ბრძანებით 1750 წ. დიმიტრი ორბელიანმა განაახლა ჭაპალას ციხე (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 95). გუჩულოს ციხე მიჩნეულია განვითარებული შუა საუკუნეების ქავაზიანად და გვიანდელი შუა საუკუნეების ჭაპალად. ვარაუდობენ, რომ აქვე იყო გაჩიან-ცურტავიც, ქართლის პიტიახშის რეზიდენცია (ბერძენიშვილი 1964: 44). სხვა მოსაზრებით, გუჩულოს ციხისა და ჭაპალას იდენტიფიკაცია დამაჯერებელია, მაგრამ იგი არ შეიძლება იყოს აგრეთვე ქავაზიანი, გაჩიანი და ცურტავი (სინაურიძე 1977: 134).

1974-1975 წწ. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. მ.სინაურიძე) გათხრებს აწარმოებდა ჭაპალას ციხის ტერიტორიაზე (სინაურიძე 1977: 129-134).

ციხე მდებარეობს მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, სოფ. გუჩულოს ჩრდილოეთით, შემაღლებულ კლდეზე, მდინარეზე არსებული ქვის თაღოვანი ხიდის ახლოს. ციხის მთავარი ნაწილი, რომელიც რამდენიმე მრგვალ კოშკსაც მოიცავს, აშენებულია შემაღლებულ კლდეზე, ბორცვის დასავლეთ ნაპირზე. ბორცვის თხემი მთლიანად შემოზღუდულია სქელი კედლით, რომლის სიმაღლე ზოგან 3 მ-ს აღწევს. კედლები გამაგრებულია ნახევარწრიული ბურჯებითა და რამდენიმე მრგვალი კოშკით. აღმოსავლეთიდან ციხე მიუდგომელია და ამ მხრიდან არცაა გამაგრებული. ეზოში სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ზღუდის წყობა ძირითადად ერთნაირია – კირხსნარზე ნაგები ქვისა და აგურის მონაცვლეობა. კლდოვან მასივში გამოკვეთილია საფეხურები. ციხის ძირითადი ნაწილის ქვევით, მრგვალი კოშკების ქვეშ, კლდეში ტალანია გაჭრილი. კლდეში 3 დიდი ორმოა წყლისათვის. ციხის ჩრდილოეთით და დასავლეთით ნასახლარები და 3 ეკლესიის ნანგრევია (ბერძენიშვილი 1964: 39-42).

ციხის ტერიტორიაზე გაითხარა მიწის ქვეშ მოქცეული თაღოვანი ნაგებობა. მისი სამხრეთი ნაწილის გასწვრივ გაიწმინდა ფართობი (16X8 მ), სადაც გამოვლინდა სამეურნეო დანიშნულების შენობის კედლის ნაწილები. ნაგებობაში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ხელსაფქვავის ქვები, ქვევრები და თონეები. ფენებში გამოვლინდა სადა და მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, მინის სამაჯურები, მოჭიქული კრამიტები, შორენკეცები. მასალა თარიღდება XII-XIII სს-ით.

თაღოვანი ნაგებობის გათხრის შემდეგ გაირკვა, რომ მისი კედლები შიდა მხრიდან მოპირკეთებული იყო გათლილი ქვებით. იატაკიდან 0,6 მ სიმაღლეზე ამგვარი ქვებით შექმნილი იყო კარნიზი. იატაკი მოლესილი ყოფილა დუღაბით. დასავლეთ კედელში იატაკის დონის ოდნავ ზემოთ, კედელში დატანებულია თიხის მილი, რომლის უფრო ზემოთ, მეორე ასეთივე მილია. ამ დეტალების მიხედვით ნაგებობა წყლის რეზერვუარი უნდა იყოს (სინაურიძე 1977ა: 43). ნაგებობის აღმოსავლეთი კედლის გაწმენდისას გამოვლინდა მასზე მიშენებული აგურის თაღი, რომლის თავს ეკვრის ნალესობით დაფარული წრიული მოედანი. სამეურნეო ნაგებობებიდან ამ ადგილას ქვის კიბე ეშვებოდა. თაღიანი ნაგებობის უკანა კედელთან გაითხარა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელშიც გამართული იყო ქვევრები და თონეები. ზედა ფენებში გამოვლენილი სადა და მოჭიქული კერამიკის ნატეხები, მინის სამაჯურები, მოჭიქული კრამიტები, შორენკეცები XII-XIII სს-ს განეკუთვნება (სინაურძე 1977ა: 44).

ერთ-ერთ კოშკში გაითხარა აბანო, რომელიც შედგებოდა რვაკუთხა თბილი და ცხელი განყოფილებისაგან, საცეცხლფარეშოსაგან და აუზისაგან. აბანოს შიგნით და გარეთ აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის სარკმლის მინის ნატეხები, მოჭიქული შორენკეცები; სადა კერამიკული ნატეხები და ერთი მოჭიქული ჭურჭელი არაბული წარწერით. მასალა თარიღდება XI-XIII სს-ით (სინაურიძე 1977ა: 44). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 57; ბერძენიშვილი 1964: 39-44; 1968:60; გიულდენშტედტი 1962: 81; თავგადასავალი ... 1913: 104; ლორთქიფანიძე 1935: 375; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; მასალანი საქ. სტატ ... 1907: 143, 145; ორბელიანი 1981: 234; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 95, 129; საქ. სიძ. 1909: 423, 424, 510; სიგელები ... 1898: 66; სინაურიძე 1977: 129-134; 1977ა: 42-44; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713; 1977: 155; 1981: 509, 510; 1985: 604; ქართულ-სპარსული ... 1955: 303, 304; ქც 4: 310,25; 311,3; 330,13; 607,30; ჩხეიძე 1913: 7; ხარაძე 1991: 105.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9