ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭან ჭაპ ჭაქ

ჭაქვითი

ციხე (ქც 4: 449,28; 778,5, სქ. 2; 836,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 449,28; 778,5,სქ.2; 836,15), 1640 წ. წმინდა ნიკოლოზის ხატის წარწერა (ქრონიკები 1897: 455), XVII ს-ის მარტვილის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატის წარწერა (თაყაიშვილი 1913ბ: 55), ფეშანგის „შაჰნავაზიანი“ (ფეშანგი 1935: 80,1, 464,1), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962:162,35, 183,3, 190,21, 199,11, 203,14), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 36), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: ხორგის „წყალზედ, მთის ძირში, უნაგირას ჩდილოთ, არს ციხე ჭაქვითი და სასახლე დადიანისა“ (ქც 4: 778, 4,5).

მდებარეობს ზუგდიდის მუნიც-ში, მდ. ჭანის წყლის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ჭაქვინჯის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში (ქრონიკები 1897: 455). იქ მდებარეობდა ოდიშის ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ციხე (ბერაძე 1970: 45). 1660 წ. ქართლის მეფე ვახტანგ V-ემ (1658-1675) აიღო ჭაქვითის ციხე, რომელშიც ლევან II დადიანის ცოლშვილი იმყოფებოდა (დადიანი 1962: 162,35). ჭაქვითზე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა (ზაქარაია 1980: 29). წყაროებში იხსენიება „წაქვიჯი“, „ჭაქვიჯი“, „ჭაქვინჯის“ სახელითაც.

1968-1979 წწ. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. პ.ზაქარაია) არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ჭაქვითის ციხის ტერიტორიაზე.

ჭაქვითის (ჭაქვინჯის) ციხე მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში. ციხეს დიდი ფართობი უჭირავს. მისი ეზო შემოზღუდულია 5 მ სიმაღლის და 1 მ სიგანის გალავნით. ციხე შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან, რომელიც ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ციტადელი (დაახლ. 100X30 მ) გეგმაში ოვალურია. შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ციტადელი ქვედა ციხესთან გვირაბითაა დაკავშირებული. ქვედა ციხე გეგმაში ოთხკუთხაა (5,2X12,7 მ). კედლების სიგანე მერყეობს 1,5-2 მ-ს შორის. ქვედა ციხის ტერიტორიაზე 1 კოშკია შემორჩენილი. ქვედა ციხეც და კოშკიც დაზიანებულია. ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილია 3 ფენა: ადრე, შუა და გვიანი შუა საუკუნეების (ზაქარაია 1980: 9). ციტადელის ეზოში აღმოჩნდა ეკლესია, პალატი და სამეურნეო ნაგებობათა საძირკვლები. ციტადელი რამდენჯერმე ყოფილა გადაკეთებული. უძველესი სამშენებლო ფენა IV-V სს-ით თარიღდება (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 155). ციხეზე აღმოჩნდა XIII-XIV სს-ის მიჯნისა და XVI ს-ით დათარიღებული ნაგებობები. ეკლესია მდებარეობს ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ის დარბაზული ტიპისაა (ფართობი 8 კვმ). ნაგებია თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. თითო სარკმელია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებზე. დასავლეთის მხრიდან გვიანდელი პერიოდის მინაშენებია, სადაც აკლდამაა. ეკლესიაში აღმოჩნდა: ვერცხლის გულსაკიდი ხატი წმინდა გიორგის გამოსახულებით; მოოქრული ვერცხლის ხატის ფრაგმენტები; ისრისპირი; ცხრა ცალი 1757, 1773 და 1788 წწ. დათარიღებული თურქული მონეტა ე. წ. „აყჩე“, მოჭრილი მისრსა და ისტამბულში. ეკლესია თარიღდება XIII-XIV სს-ის მიჯნით (ზაქარაია, ლექვინაძე 1971: 98; ზაქარაია 1980: 36, 37, 40-42).

პალატი მდებარეობს ციტადელის სამხრეთ კედელთან. გეგმაში ოთხკუთხაა (13,2X7,6 მ). მოპირკეთებულია თლილი ქვით. კედლები შემორჩენილია 1 მ სიმაღლეზე. პალატი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. ჰქონია აივანი და შესასვლელი ჩრდილოეთი მხრიდან. დასავლეთიდან მიშენებული ყოფილა ოთხკუთხა გეგმის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომლის სამხრეთი კედლის მაგივრობას ციტადელის გალავანი ასრულებდა. პალატის ტერიტორიაზე აღმოჩნდა XVII-XVIII სს-ის ვერცხლის ბეჭედი, დაზიანებული მხედრული წარწერით. იმ დროისთვის პალატი დანგრეული უნდა ყოფილიყო. პალატის აგების სავარაუდო თარიღი IX-X სს-ია (ზაქარაია, ლექვინაძე 1971: 99; ზაქარაია 1980: 35, 36).

ჭაქვითის ეკლესიაში დაცულია წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელზეც ასომთავრული წარწერაა: „...მამაო ნიკოლოზ ... შეიწყალე ცოდვათა მისთაგან თანამეცხედრე ჩვენი კურთხეული დედოფალი ნესტან დარეჯან, რამეთუ მოვაჭედინეთ ჩვენ დადიანმა ლევან ხატი ესე წმიდის ნიკოლოზისა ... მის კურთხეულსა სულისა სახსრად და დავასვენეთ საყდარსა ჭაქვინჯის ციხესა შიგან“ (ქრონიკები 1897: 455).

 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 61; ბერაძე 1970: 45; 1971: 57; გიულდენშტედტი 1962: 325; დადიანი 1962: 162,35, 183,3, 190,21, 199,11, 203,14; ზაქარაია 1973: 52, 54; 1980; 1988: 170, 171; ზაქარაია, ლექვინაძე 1971: 96-102; ზაქარაია, კაპანაძე 1991: 156; თაყაიშვილი 1913: 55; მაკალათია 1941ა: 233, 234; სევეროვი 1947: 142-207; ფეშანგი 1935: 80,1, 464,1; ქრონიკები 1897: 455; ქც 4: 449,28; 778,5,სქ.2 ; 836,15; შარდენი 1975: 36.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9