ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭელ ჭერ

ჭერემი

ქალაქი, ციხე (ქც 4: 114,2,8; 545,23, 546,5,7; ქც 1: 201,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 199,2,15; 201,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 114,2,8; 545,23; 546,5,7), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 410; 1970: 929; 1972: 96-97; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; ქრონიკები 1892: 255), იოანე ბაგრატიონი „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 69).

ვახუშტი ბაგრატიონი ჭერემის შესახებ გადმოგვცემს: ალაზანს „დასავლეთიდამ მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთასა და მომდინარე ჭერემამდე ჩდილოთ დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შორის. ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველისციხე და აწ უქმი. ამავ წყალზედ არს, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი; იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალ ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი და ქალაქი მაგარი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით-კახეთისა“ (ქც 4: 545,23, 546,5,7).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ჭერმისწყლის (მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, დღევანდელ სოფ. ჭერემთან და მის მიდამოებში.

წერილობითი წყაროების მიხედვით, ქალაქ ჭერემის დაარსება ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული. გორგასლის გარდაცვალების შემდეგ ჭერემი დაინგრა ირანელების შემოსევების შედეგად. XVII ს-ის მეორე ნახევრის ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება ჭერემის ეპისკოპოსები. XVIII ს-ის მეორე ნახევარში ჭერემი უკვე აოხრებულია და საჭერემლოს სამწყსოს ნინოწმინდელი ეპისკოპოსი განაგებდა.

1880 წ. ჭერემის ნაქალაქარზე დაზვერვები და მცირემასშტაბიანი გათხრები ჩაატარეს დ.ფურცელაძემ და ფრ.ბაიერნმა. მათ აქ 4 სამაროვანი აღმოაჩინეს – 2 ქრისტიანული და 2 „წარმართული“. „წარმართულ“ სამაროვანზე გათხარეს 4 კოლექტიური ქვისსამარხი. სამარხები, აღმოჩენილი მასალის მიხედვით, ადრე შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. 1979 წლიდან სოფ. ჭერემში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის ექსპედიცია (ხელმძღ. კ.ფიცხელაური).

სოფ. ჭერემის ტერიტორიაზე, სკოლის მშენებლობის დროს, გამოვლინდა და გაითხარა III-VII სს-ის სამაროვანი. სამარხები კოლექტიური ქვისსამარხებია. გამონაკლისს წარმოადგენს ქვის ფილით გადახურული 4 ორმოსამარხი. III-IV სს-ის სამარხებში საკმაოდ მდიდრული ინვენტარია წარმოდგენილი: თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი ან სწორი დანა; უხვადაა სამკაულიც. ყველა სამარხშია ბეჭდები. არის გემიანიც. გემები რომაულია. სამაჯურები ორი ტიპისაა: თავებგადახვეული და თავებგახსნილი. შედარებით მცირეა საყურეები. გვხვდება „წიწიბოსებრი“ საყურე და ორწილადი საყურის სხვადასხვა ვარიანტი. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი კონუსური მოყვანილობის, როგორც სადა, ისე დაფანჯრული ზარაკები. სამარხებში დიდი რაოდენობით იყო მძივები. სამოსელთან დაკავშირებული ნივთებიდან აღსანიშნავია: ვერცხლისა და რკინის ერთწილადი და ორწილადი საკინძები. ცოტაა მშვილდსაკინძები. სამარხებში გვხვდება მონეტები: ავგუსტუსისა და გოტარზესი. არის ავგუსტუსის მინაბაძიც (1 ც). IV და IV-V სს-ის სამარხებში ინვენტარი კლებულობს. კერამიკა უკვე სამარხის აუცილებელი ინვენტარი აღარ არის. იშვიათად გვხვდება მშვილდსაკინძი და ერთი მასალისგან დამზადებული საკინძები. მძივების რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს. გვხვდება ოთხკუთხაფარაკიანი ბეჭედი, რომელიც III-IV სს-ის სამარხებში არ ჩანდა. V-VI სს-ის დასაწყისის სამარხებში კიდევ უფრო კლებულობს ინვენტარი. გვხვდება ორწილადი საყურეები, სამაჯურები, მშვილდსაკინძები.

VI-VII სს-ის სამარხებში იცვლება ინვენტარის ტიპები. განსხვავებულია სამაჯურები. გვხვდება სამაჯური წვრილი ღეროთი და დაბრტყელებული, გახსნილი ბოლოებით; სამაჯური ოთხწახნაგა ღეროთი, რომელიც ბოლოებისკენ თხელდება, მრგვალდება, იკეცება და მთავრდება კონუსური თავებით. ჩნდება საკინძთა ახალი ტიპები – სხვადასხვა ფორმისა და მასალის (ქარვის, მარგალიტის, მინის და სხვ.) საკინძისთავებით. გვხვდება ერთი მასალისგან – ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ბირთვისებურთავიანი საკინძიც. მშვილდსაკინძიც უკვე სხვა სახისაა – ბუდემთლიანი, მუხლსახსრიანი, ჭვინტიანი. სხვაგვარია აბზინდებიც – ერთწილადი, ჰერალდიკულფარაკიანი, ოთხკუთხა საქამრე ჩარჩოთი. ბეჭდებიც იცვლის ფორმას – გვხვდება სასანური ტიპის ბეჭდები. მათი ღერო უშუალოდ თვალბუდის გვერდებზეა მირჩილული და არა ბრტყელ ფარაკზე, რომელსაც ღეროს დაბრტყელებული ბოლოები ქმნიდა. საყურის მავთულის თავგახსნილ რგოლზე უკვე მძივებისაგან შედგენილი 2 საკიდია წამოცმული; ჩნდება ორწილადი სასაფეთქლე რგოლები. მძივები, ისეთივე, როგორც V-VI სს-ის სამარხებში, ცოტაა. სამაროვნის მასალა ინახება ჭერემის მუზეუმსა და ჭერემის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე (მამაიაშვილი, ჯავახიშვილი 1984: 77-107; მამაიაშვილი 1984: 33-36).

სოფლის ტერიტორიაზე, სამაროვანის გარდა, გაითხარა IV-V სს-ის დარბაზული ტიპის წმინდა მარინეს ეკლესია. წერილობით წყაროებზე დაყრდნობით წარმოიშვა მოსაზრება, რომ ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ქალაქი ჭერემი მდებარეობდა სოფელში არსებულ საკათედრო ტაძარსა (წმინდა ნიკოლოზის) და წვეროდაბალის (წმინდა გიორგის) ეკლესიას შორის (ჩუბინაშვილი 1959: 190; ჭილაშვილი 1970: 47). კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ამ ტერიტორიაზე ნაქალაქარს ვერ მიაკვლია, თუმცა არაერთი საყურადღებო ძეგლი გამოავლინა – ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარები და სხვა მრავალი.

სოფლის დასავლეთით 5 კმ-ის დაცილებით მდებარე ბორცვზე გაითხარა ქ. ჭერემის ციტადელი (10 ჰა). შესწავლილ იქნა ციხე-დარბაზი, სასახლე, სამეურნეო ეზო. გაიწმინდა და რესტავრირებულ იქნა სასახლის კარის წმინდა ბარბარეს ეკლესია და საკათედრო ტაძარი. გამოვლინდა ციტადელის გალავანი, ქალაქის სამხრეთი კარიბჭე, ქვაფენილით მოგებული ნაგზაური და სხვა.

დასავლეთიდან ბორცვი ბოლოვდება კლდოვანი კონცხით, რომელზეც აღმართულია ციხესიმაგრე. ამ დიდ ნაგებობაში (300 კვ მ) ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებულია 6 ოთახი, 2 დერეფანი და კოშკი. ბორცვის დასავლეთ მხარეს, შემაღლებაზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია (წვეროდაბალის ეკლესია). ციხესიმაგრესა და წვეროდაბალის ეკლესიას შორის გაითხარა სასახლის კომპლექსი. სასახლე (30,50X15,70 მ) დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. გაითხარა 3 დარბაზი. თითოეულს სამხრეთიდან ჰქონდა გაჭრილი კარი. ჩრდილოეთიდან დარბაზებს ესაზღვრება გაურკვეველი დანიშნულების ვიწრო სათავსები. ციხე-დარბაზისა და სასახლის კედლები აგებულია დიდი ზომის თლილი ქვებით ორპირად, რომელთა შორის სივრცე შევსებულია წვრილი ქვებითა და კირხსნარით. კედლების სიგანე 1,5 მ-ია. შემორჩენილია 2 მ-ის სიმაღლეზე. ორივე ნაგებობა გადახურული იყო წითელი წერნაქით შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით.

წმინდა გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთით ჭერემისწყლის ხეობამდე მიემართება გალავანი. ორმაგი ზღუდე დაფიქსირდა ბორცვის სამხრეთ ნაწილში, მდ. ჭერმისწყლის გასწვრივ; აქვე აღმოჩნდა კარიბჭე და ქვაფენილიანი გზა, რომელიც ჩაილურისაკენ მიემართებოდა. არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად დაფიქსირდა, რომ ქალაქი გაშენებული იყო ციტადელის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით. ციტადელის ნაგებობების თხრისას აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა – მინისა (ხალიანი მინის ჭურჭელი, ფეხიანი სასმისები თუ ჭრაქები, სანელსაცხებლები), თიხის დახვეწილი ჭურჭელი (ამოკაწრული, ერთმანეთზე მიჯრილი ტალღური ორნამენტით შემკული მოვარდისფრო-ჩალისფრად გამომწვარი წმინდა სილანარევი თიხის ხელადები; ასეთივე თიხის ყელწიბოიანი დოქები – უმრავლესობის ზედაპირი ჩარხისეული ხაზებითაა დაფარული; მოაგურისფროდ გამომწვარი წვრილმარცვლოვანი თიხის ზედაპირნაპრიალები მსხლისებური ფორმის ხელადები. ზოგიერთი მათგანის ზედაპირი ერთმანეთზე მიჯრილი ამოღარული ტალღური სარტყლითაა შემკული და სხვ. მრავალი), სამშენებლო კერამიკა (წითლად გამომწვარი, წითელი წერნაქით დაფარული ბრტყელი და ღარიანი კრამიტი) – ციტადელის თარიღს, საისტორიო წყაროების კვალდაკვალ, V ს-ის მეორე ნახევრით განსაზღვრავს. მასალა ინახება ჭერემის სოფლის მუზეუმში.

წვეროდაბალის ბორცვზე, რომელზეც V ს-ის მეორე ნახევარში ციტადელი იგება, შემდეგი ფენებია დადასტურებული – გვიანბრინჯაო-ადრეკინის ხანის, გვიანანტიკური, ადრე შუა საუკუნეების, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებისა (მამაიაშვილი 1987: 93-95; 1995: 115-117; 1987: 22-25).

წვეროდაბალის (წმინდა გიორგის) ეკლესია (10,27X3,74 მ; გარშემოსავლელის სიგანე 2,40 მ) აგებულია შირიმის თლილი ქვით. ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან აქვს გარშემოსავლელი. აფსიდა ნახევარწრიულია, ხოლო კონქის თაღი ნალისებრი ფორმისაა. საკურთხევლის მახლობლად გაჭრილი კარით ეკლესია უკავშირდება გარშემოსავლელის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ სწორკუთხა სათავსოს, რომლის სამხრეთ კედელში ღრმა ნიშია. ნალისებრი ზედა ნაწილი აქვს აფსიდში გაჭრილ სარკმელს, ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელებს. სამხრეთის გარშემოსავლელს აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აფსიდა და სამხრეთ კედელში გაჭრილი 3 შესასვლელი, რომლებიც თაღებითაა გადაყვანილი. გარშემოსავლელი ძლიერ დაზიანებულია, ის ეკლესიის თანადროულია (ჩუბინაშვილი 1959: 188-190).

წმინდა ბარბარეს ეკლესია მდებარეობს ჭერემის ციტადელში, წვეროდაბალის ბორცვის თხემზე, ჩართულია სასახლის კომპლექსში. კარის ეკლესიას უნდა წარმოადგენდეს. ეკლესია დარბაზულია, თარიღდება V ს-ის ბოლო მესამედით (ჩუბინაშვილი 1988: 53-54). ეკლესია აღდგენილია.

სოფელში მდ. ჭერემისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე დგას ერთიანი გალავნით შემოზღუდული საეპისკოპოსო ტაძარი, სასახლე და გუმბათიანი კვადრატული ნაგებობა.

საეპისკოპოსო ტაძარი (წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) მდებარეობს სოფ. ჭერემის ცენტრში. იგი ამჟამად სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის შუა, მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან შიგნით ნალისებური, გარედან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდა აქვს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდებით ბოლოვდება. შუა ეკლესია მოპირკეთებულია შირიმის ფოროვანი ქვით, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები აგებულია რიყის ქვით. გ.ჩუბინაშვილი ეკლესიას დეკორაციული ფორმების მიხედვით X-XI სს-ს მიაკუთვნებდა და ფიქრობდა, რომ იგი აგებულია უფრო ძველი ტაძრის ადგილას, რომლის პირველად ფორმად მიიჩნევდა სამნავიან ბაზილიკას, შვერილი ხუთწახნაგა აფსიდით (ჩუბინაშვილი 1959: 190-193).

ტაძრის ჩრდილოეთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ქვედა ნაწილში ქვაზე ამოკვეთილ წარწერას ლ.მელიქსეთ-ბეგი შემდეგნაირად კითხულობდა: „კათალიკოზი მელქისედეკ“ და შესაძლებლად მიიჩნევდა იგი მიეწეროს XI ს-ის კათოლიკოს მელქისედეკს (მელიქსეთ-ბეგი 1920). თ.ბარნაველი კი შემდეგნაირად კითხულობდა ზემოთ დასახელებულ წარწერას: „ესე საფლავი მელქისედეკისი“. ის მეორადი გამოყენებით მოხვედრილა კედელში. პალეოგრაფიულად წარწერის მელქისედეკი არ უნდა იყოს კათოლიკოსი მელქისედეკ I (1010-1033) (ბარნაველი 1962: 140).

გუმბათიანი კვადრატული ნაგებობა დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე, საკათედრო ტაძრის გალავნის შიგნით, ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდგარა. ის 1924 წ. ანტირელიგიურ მოძრაობასთან დაკავშირებით დაუნგრევიათ. ეს იყო რიყის ქვით ნაშენი, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი გუმბათოვანი ნაგებობა, რომლის ქვედა, მიწისქვეშა სართული საძვალეს წარმოადგენდა. გ.ჩუბინაშვილის აზრით, ნაგებობა უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში (ჩუბინაშვილი 1959: 208). შ.ამირანაშვილის ვარაუდით, ჭერემის კვადრატი სამსხვერპლოს უნდა წარმოადგენდეს და ის მსგავსებას ამჟღავნებს ირანის ცეცხლთაყვანისმცემელთა ნაგებობებთან (ამირანაშვილი 1961: 101).

წმინდა დავითის ეკლესია მდებარეობს სოფ. ჭერემის აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სამეკლესიანი ბაზილიკა V ს-ის ბოლო – VI ს-ის დასაწყისით თარიღდება (ჩუბინაშვილი 1988: 65). შემორჩენილია შუა ეკლესია ნალისებრი აფსიდით.

გათხრებმა ცხადყო, რომ ჭერემის სახით საქმე გვაქვს ორი სხვადასხვა პერიოდის ქალაქთან, ერთი – III ს-ის მეორე ნახევარში ეკონომიკურ საფუძველზე აღმოცენებული, აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარე პუნქტია (მისი ძირითადი უბანი დღევანდელი სოფლის ტერიტორიას მოიცავს), მეორე ციხე-ქალაქია, სტრატეგიული პუნქტია, რომლის დაფუძნებაც, საისტორიო წყაროების მიხედვით, ვახტანგ გორგასალს მიეწერება და მდებარეობს დღევანდელი სოფ. ჭერემის დასავლეთით, 4-5 კმ-ის დაცილებით, წვეროდაბალის ბორცვზე.

 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1961: 101; ბაგრატიონი 1986: 69; ბარნაველი 1962: 140; მამაიაშვილი 1984: 33-36; 1987: 22-25; 1987ა: 93-95; 1995: 115-117; მამაიაშვილი, ჯავახიშვილი 1984: 77-107; მელიქსეთ-ბეგი 1920: №№ 945, 950, 951; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; ფიცხელაური ... 2004: 22-32; ჭილაშვილი 1970: 47; ჩუბინაშვილი 1959: 190-193, 208; ჩუბინაშვილი 1988: 53, 54, 63, 65; ქრონიკები 1892: 255; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 410; 1970: 929; 1972: 96, 97; ქც 1: 199,2,15; 201,1; ქც 4: 114,2,8; 545,23; 546,5,7.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9