ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭობ ჭოე ჭოტ

ჭობისხევი

(ქც 4: 661,19,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 661, 19,21; 662,3,8; 672,7), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 245), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 329), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 219).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, ბორჯომიდან 13 კმ-ის დაშორებით, მდ. ჭობისხევის ნაპირებზე.

1968 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ღამბაშიძე) სოფ. ჭობისხევში ე. წ. „სათიხეს“ ბორცვზე მიაკვლია სამეთუნეო წარმოების ნაშთებს (ღამბაშიძე 1969: 15). ადგილ „ნადიკრებში“ კი გამოვლინდა შუა საუკუნეების მოზრდილი ნასოფლარი (ნასიძე 1969: 35). 1969 წ. იმავე ინსტიტუტის თორი-ლიკანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.ნასიძე) გათხრები აწარმოა ადგილ „ნადიკრებში“ (ნასიძე, კალანდაძე 1971: 100-112). ნასახლარის გათხრები გრძელდებოდა 1970-1974 წწ. (ღამბაშიძე, ნასიძე 1971: 50; ნასიძე 1979: 79-81).

1977 წ. თორი-ლიკანის არქეოლოგიუმა ექსპედიციამ შეისწავლა ჭობისხევის მახლობლად მდებარე ადგილი ქურუხეთი, სადაც ჯერ კიდევ 1976 წ. იქნა შენიშნული გეგმაში ოვალური მოყვანილობის დიდრონი დაუმუშავებელი ქვებით მშრალი წყობით ნაგები კედელი, რომლის გაწმენდის შემდეგ გაირკვა, რომ მისი ქვედა ნაწილი ორივე მხარეს საფეხურებად ფართოვდებოდა და ქმნიდა ტერასებს. გათხრებისას არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა. კედლით შემოსაზღვრული ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა კვადრატული გეგმის (4X4 მ) შენობა, ნაგები საშუალო ზომის ქვებით. შენობების კუთხეებად გამოუყენებიათ მოზრდილი ლოდები. ნაგებობის გათხრებისას აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის (გვიანანტიკური, ადრე შუა საუკუნეების) თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც არ იძლევა ნაგებობის კონკრეტული თარიღის განსაზღვრის საშუალებას. ექსპედიციამ ხეობაში მდებარე 5 კოშკიდან შეისწავლა 2. გაირკვა, რომ კოშკები აგებული ყოფილა ადრე შუა საუკუნეებში და XIV ს-მდე ფუნქციონირებდნენ (ნასიძე, ართილაყვა 1980: 292-296).

1982 წ. ჭობისხევსა და დაბაძველს შორის დაწყებული საბაგირო გზის მშენებლობისას, სამშენებლო ზონაში მოექცა ნასახლარი, რომელიც შედგებოდა რვა საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობისაგან. ისინი ნაშენია დიდი, ნაწილობრივ დამუშავებული ბაზალტის ქვებით თიხის ხსნარზე. აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ჰქონდა საწნახელი (2X0,75X0,35 მ). ნაგებობები ერთმანეთთან საერთო კედლებითა და გასასვლელებით იყო დაკავშირებული. №5 ნაგებობაში აღმოჩნდა 2 სამეურნეო ხარო. №6 სათავსო პურის საცხობია, №7 ნაგებობა კი საკუჭნაო უნდა ყოფილიყო. აღნიშნული კომპლექსიდან №№3,4,5,6,7 ოთახები მიჩნეულია ადრე შუა საუკუნეების ნაგებობებად, რომელთაც მოგვიანებით მიაშენეს სხვა დანარჩენი შენობები. გათხრებისას გამოვლენილი სადა და მოჭიქული კერამიკის მიხედვით კომპლექსი XII-XIII სს-ით თარიღდება (ნასიძე 1987: 95, 96).

სოფ. ჭობისხევის ქვემოთ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „ნადიკრებში“ მდებარეობს მოზრდილი ნასოფლარი, რომელიც 10 ტერასაზეა განლაგებული. ქვედა, პირველ ტერასაზე გათხრილი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 9 სხვადასხვა ფართობისა და დანიშნულების სენაკისაგან. 5 სენაკი საცხოვრებელი დანიშნულებისაა. მათგან 2 გეგმაში წრიულია, 3 სწორკუთხა. დანარჩენები წარმოადგენდნენ მარანს, სამზარეულოს, საკუჭნაოს. საცხოვრებელი სენაკები აგებულია მოზრდილი დამუშავებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ქვებით. წრიული გეგმის სენაკებში საძირკველიდანვე იწყება სწრაფვა ცრუ კამარის შესაკვრელად. ქვის ყოველი ზედა რიგი 10 სმ-ით უფრო წინაა წამოწეული. დამთავრებული ფორმა კონუსურია. შუაში დატანილია ერდო. პირველ წრიულ სენაკში გამოვლინდა 3 იატაკის დონე, რომელთა შორის სტერილური ფენებია სისქით 0,25-0,15 სმ. ზედა იატაკის დონე აქ აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმით XI-XIII სს-ით თარიღდება. ქვედა ფენები ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება. მეორე წრიული სენაკი აღნაგობით იმეორებს პირველს. მესამე სენაკი პირველის წინაა გამართული და გეგმაში სწორკუთხაა (30 კვმ). სენაკის კარი გადის ფილაქვებით მოგებულ დერეფანში (სიგრძე 5,5 მ, სიგანე 2,5 მ), რომელიც ერთმანეთს უკავშირებს მესამე და მეოთხე სენაკებს და გადის სამეურნეო დანიშნულების სენაკში, სადაც გამოვლინდა ქვის საწნახელი, საქაჯავი ქვა, 2 ქვევრი და ხარო. თავის მხრივ მეხუთე სენაკი დაკავშირებულია მეორე წრიულ სენაკთან და მარანთან. მარანში აღმოჩნდა ქვით ნაგები, დუღაბით შელესილი საწნახელი. მის წინ მიწაში გამართული იყო ქვით ნაშენი პირშევიწროვებული ოთხკუთხა მენა. აქვე გამოვლინდა საქაჯავი, რომლის წინ ასეთივე მენა იყო ამოშენებული. მარანში აღმოჩნდა 6 სხვადასხვა ზომის ქვევრი. მარანშიც სხვადასხვა დონეზე მდებარე 3 იატაკი გამოვლინდა. გაუქმებულ კარებთან ჩადგმული ქვევრის ქვეშ გაიწმინდა ადამიანის ძვლები. მისგან 0,5 მ-ის დაშორებით აღმოჩნდა ბავშვის თავის ქალა, ხერხემლისა და ხელის ძვლები. ჩანდა, რომ ისინი საგანგებოდ დაკრძალულები არ ყოფილან. ნასახლარი ფუნქციონირებდა ადრე და განვითარებულ შუა საუკუნეებში, მაგრამ გათხრებისას აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ზოგიერთი ნატეხის მიხედვით შესაძლოა ნაგებობა უფრო ადრეულიც იყოს (ნასიძე, კალანდაძე 1969: 109-120).

 
ბიბლიოგრაფია: აბულაძე 1983: 37; ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1985: 24, 25; გიულდენშტედტი 1962: 177, 219; გურჯისტან ვილაიეთის ... 1941: 329; ნასიძე 1969: 35; 1979: 79-81; 1987: 95-98; ნასიძე, კალანდაძე 1971: 109-112; ნასიძე, კიღურაძე 1973: 107; ნასიძე, ართილაყვა 1980: 292-298; ორბელიანი 1981: 245; ქც 4: 661,19,21; 662,3,8; 672,7; ღამბაშიძე 1969: 19; ღამბაშიძე, ნასიძე 1971: 50; ხუჯაძე 1969: 119-121.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9