ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭყვ

ჭყვიში

ჭყვისი (ქც 4: 749,20-22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 749,20-22, 874,21, 878,25). ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 190, 191, 193), იმერეთის სამეფოს ისტორიული დოკუმენტები (ისტ. დოკ. ... 1958: 112), 1578 წ. დავთარი ქუთაისის საყდრის გამოსავლის ბეგარისა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 312), 1773 წ. შეწირულობის წიგნი სოლომონ I-სა გელათისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 432), ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. ელჩობის საანგარიში აღწერილობა (იევლევი 1969: 166), იოჰან გუილდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 327, 305, 309).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ცხენისწყალი ... მიერთვის ხომლის კლდესთან რიონს ჩდილოდამ. ამ ხევს მოერთვიან ამიერ-იმიერიდამ ხევნი, და არს შენობიან-დაბნებიანი. ამ ხევის აღმოსავლით არს, მთას იქით, ჭყვისი, მინდორსა კლდე ამოსულსა ზედა, ციხე დიდშენი, მაგარი“ (ქც 4: 749,18-20).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. ჭყვიშის ტერიტორიაზე.

1714 წ. რაჭის ერისთავმა ჭყვიშიდან გამოიყვანა თავისი სიძე ბააკა ჩიქოვანი და ჭყვიშის ციხე მისცა ბეჟანს (ქც 4: 874,19-21). 1766 წ. ჭყვიშის მოურავი იყო გიორგი ჩიქოვანი. 1773 წ. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა გელათს შესწირა ჭყვიშში მცხოვრები გლეხები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 432). 1810 წ. ჭყვიშის ციხე რუსეთის ჯარმა დაანგრია.

სოფ. ჭყვიშის აღმოსავლეთით ამოზიდულ კლდეზე ციხის ნანგრევებია. ციხე ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. მის ყველაზე მაღალ ადგილზე დიდი კოშკი მდგარა. უფრო ქვევით შედარებით მცირე კოშკი იყო აღმართული. ზღუდის კედლები გამაგრებული ყოფილა ბურჯებით. ფრაგმენტულ კედლებში შეინიშნება სხვადასხვა პერიოდის მშენებლობის ფენები – განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებისა. ჭყვიშის ციხე კეტავდა გზას რაჭიდან ლეჩხუმისა და სვანეთისაკენ, ასევე ლეჩხუმის გავლით ოდიშისაკენ მიმავალ გზას (ბერძენიშვილი ... 1983: 58, 59).

ჭყვიში არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ჭყვიშის სახელით ცნობილი სოფელი არის ვანის რაიონშიც.

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი ... 1983: 58, 59; ბერძენიშვილი 1964: 344,სქ.26; ბოჭორიძე 1990: 269; ისტ. დოკ. ... 1958: 112; გიულდენშტედტი 1962: 327; დადიანი 1962: 190, 191, 193; იევლევი 1969: 166; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 432; 1970: 318 ; ქც 4: 749,20-22; 874,21; 878,25.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9