ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხად ხან ხარ ხატ ხაშ

ხადის ციხე

(ქც 4: 359,17,18). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,17,18).

მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ყანჩაურას შენაკად ხადის ანუ ციხის ხევზე (გვასალია 1983: 71).

ხადის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ხუთსართულიანი ზურგიანი კოშკი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვებით დუღაბზე. ზოგან გამოყენებულია რიყის ქვა. პირველი სართული გეგმაში ნალისებურია. შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან. მეორე სართული – სწორკუთხაა, რომლის დასვლეთ კედელში 4 ფოსოა სართულშუა გადახურვისათვის. აღმოსავლეთ კედელში ასეთი ფოსოები არაა. ეტყობა, ძელები ეყრდნობოდა ქვის თაროს, რომელიც ამ კედელზეა. მეორე სართულს კარი სამხრეთიდან ჰქონია. დასავლეთ კედელში 1 მ სიმაღლეზე ნიშია თაღით. მასში 3 სათოფურია. სამხრეთ კედელში უფრო მოზრდილი ნიშია 1 სათოფურით. 2 ნიში ყოფილა აღმოსავლეთ კედელში (გვასალია 1983: 72). კედლებში გრძივად და განივად დატანებულია თიხის მილები. კოშკს აღმოსავლეთიდან მიშენებული აქვს სამსართულიანი შენობა, რომლის მესამე სართულზე ბუხარია გამართული. ჩრდილოეთ კედელში კი კარია. კოშკისა და საცხოვრებელი შენობის სამხრეთით მდებარე ტერიტორია გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შიგნით შეინიშნება რამდენიმე სათავსოს ნანგრევი. გალავნის დასავლეთ კედელს კარის მახლობლად აქვს ბურჯი, რომლის შიდა სივრცის ზემო ნაწილი ხაროდ ან წყლის მოსაკრებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ის შიგნიდან კირითაა შელესილი. ასეთივე ბურჯი გალავნის აღმოსავლეთ მხარესაც უნდა ყოფილიყო. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ნახევარწრიული ბურჯია. კედელი სამხრეთ ნაწილში ბრტყელია და დატანებული აქვს სათოფურები. ხადის ციხე თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. არაა გამორიცხული, რომ ციხე აქ ადრე მდგარი სიმაგრის გადაკეთება-განვითარების შედეგადაა მიღებული (გვასალია 1983: 72, 73).

 
ბიბლიოგრაფია: გვასალია 1983: 71-73; ქც 4: 359,17,18.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9