ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხად ხან ხარ ხატ ხაშ

ხარაგაული

ხარაგაულის ციხე (ქც 4: 758,6,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 757,20,21; 758,6,7,17,26; 771,7; 772,9; 880,21; 881,5,9; 889,12,15; 891,15), 1754 წ. სოლომონ I-ის სიგელი (დას. საქ. საბ. 1921: 3), ალექსი იევლევის იმერეთში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“ (იევლევი 1969: 86, 166), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 309).

ვახუშტი ბაგრატიონი ხარაგაულის შესახებ გადმოგვცემს: „ვარძიის ხევს ზეით, ძირულაზედ, არს ხარაგეულს ციხე შენი. ამ ციხესთან ეყრების ძირულას ჩხერიმელა აღმოსავლეთიდამ“ (ქც 4: 758,6,7).

მდებარეობს თანამედროვე ხარაგაულის მახლობლად, მდ. ჩხერიმელას ნაპირზე, ძირულა-ჩხერიმელას შესართავის აღმოსავლეთით 7 კმ-ზე, შესართავთან კი მდებარეობს დაბა ძირულა (ყოფილი შერთული).

ისტორიულ წყაროებში ხარაგაული იხსენიება XVII ს-დან. XVIII ს-ის პირველ ნახევარში ხარაგაულის ციხის მეპატრონე იყო მამუკაშვილი (ქც 4: 889,12,15; იევლევი 1969: 86, 166). შემდეგ ციხე ზურაბ აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა. 1754 წ. ხარაგაულის ციხე იმერეთის მეფე სოლომონ I-მა შეიძინა (ბერძენიშვილი 1967: 641).

1926 წ. ხარაგაულის მახლობლად გ.ნიორაძემ აღმოაჩინა პირველყოფილი ადამიანის სადგომი – დევისხვრელის გამოქვაბული. 1926-1931 წწ. აქ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ.ნიორაძე).

დევისხვრელის გამოქვაბული მდებარეობს ხანდების კლდეებში, მდ. ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ლაშესა და ხარაგაულს შორის, ხარაგაულიდან დასავლეთით 3,5 კმ-ზე. მღვიმის ზომებია: სიგრძე 40 მ, სიგანე შესასვლელთან 5 მ, სიმაღლე 4 მ. გათხრების შედეგად სტრატიგრაფიულ ჭრილში გამოვლინდა 1,20 მ სიმძლავრის 4 ფენა, რომელთაგან ადამიანის ცხოვრების ნაშთს ზემოდან მესამე ფენა შეიცავდა. იგი 0,45 მ-ის სიმძლავრისაა და ზედაპალეოლითური ხანისაა. ამ ფენაში აღმოჩნდა კაჟისა და მცირე რაოდენობით ობსიდიანის იარაღები და მათი წარმოების ნარჩენები, სულ – 10121 ერთეული. მათ შორისაა 3748 ანატკეც-ანამტვრევი, 200 ნუკლეუსი, 5506 ლამელა და 729 სხვადასხვა სახის იარაღი: საფხეკები, საჭრისები, შალაშინები, სათლელისებური იარაღები, შატელპერონის ტიპის წვეტანები, გრავეტის ტიპის დანები, მიკროლითები, რეტუშირებული ლამელები, შუბისპირები, კომბინირებული იარაღები. გარდა ამისა, აქ აღმოჩნდა რიყის ქვისაგან დამზადებული ჩაქუჩისებური იარაღი – გრდემლი; რქისა და ძვლის სადგისები. დევისხვრელის ეს ფენა შეიცავს აგრეთვე მეოთხეული პერიოდის ცხოველთა ძვლებს: მღვიმის დათვი, განათხარი ხარი, ჩრდილოეთის ირემი, კეთილშობილი ირემი, გარეული თხა და ღორი, ქურციკი, ჩრდილოეთის თაგვი. ამავე ფენაში აღმოჩნდა თანამედროვე ტიპის ადამიანის ქვედა ყბის მარჯვენა ნახევარი ორი კბილით (ნიორაძე 1933: 1-83; საქ. არქ. 1991: 165-167).

მდ. ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე მთაზე შემორჩენილია ხარაგაულის ციხის ნანგრევები.

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1967: 641; გიულდენშტედტი 1962: 309; დას. საქ. საბ. 1921 :3; იევლევი 1969:8 6, 166; ნიორაძე 1933: 1-83; საქ. არქ. 1991: 165-167; ქც 4: 757,20,21; 758,6,7,17,26; 771,7; 772,9; 880,21; 881,5,9; 889,12,15; 891,15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9