ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხეთ ხენ ხერ

ხერთვისი

ციხე (ქც 1: 17,13; ქც 2: 410,17,18; 522, 17; ქც 4: 433,28; 667,16,18; 669,6,12,14; 670,18; 671,27; 722,6; 724,14; 725,16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 17,13), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 433,28; 667,16,18; 669,6,12,14; 670,18; 671,27; 722,6; 724,14; 725,16), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 522,17), სამცხე-საათაბაგოს მღვდელ-მთავართა სია (ქრონიკები 1897: 53), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 88), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 171-173), იბრაჰიმ ფეჩევის „ისტორია“ (ფეჩევი 1964: 286), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 15, 32, 111), აინი ალის „რისალე“ (ალასანია 1971: 226-235).

ვახუშტი ბაგრატიონი ხერთვისის შესახებ გადმოგვცემს: „ხერთვისს ერთვის ჯავახეთის მდინარე მტკუარს, რომელსა უწოდებენ ჯავახეთის მტკურად ... ხერთვისს არს ხიდი მტკუარსა ზედა“ (ქც 4: 667,16-18). „სად ერთვის მტკუარს ჯავახეთის მტკუარი, ამ ორ მდინარეს შორის არს ხერთვისი მტკურის აღმოსავლეთის კიდეზე და ჯავახეთის მტკურის სამხრით“ (ქც 4: 669,5-7).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძიდან 14 კმ-ზე, ფარავნისწყლისა და მტკვრის შესართავში, დღევანდელი ხერთვისის ციხის ტერიტორიაზე.

ლეონტი მროველის მიხედვით, ხერთვისი ძვ. წ. IV ს-ში უკვე აშენებული იყო (ქც 1: 17,13), ციხეზე დაფიქსირებულია ადრე შუა საუკუნეების ფენაც (მელითაური 1972: 34). აქ სამშენებლო სამუშაოები X ს-ში უწარმოებიათ (ვახუშტი 1885: 146). ხერთვისი ქვემო ჯავახეთის ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. ის აკონტროლებდა მის გარშემო ტერიტორიას ფარავნისწყლისა და მტკვრის ვიწრო ხეობებში (ბერძენიშვილი 1985: 81). არსებობს მოსაზრება, რომ ხერთვისი ქალაქ წუნდის ციხეს წარმოადგენდა (ჭილაშვილი 1968: 111). 1354-1356 წწ. საქართველოს მეფის მოლარეთუხუცესს, ციხის მფლობელ ზაქარია ქამქამიშვილს ციხის კოშკი და გალავანი აუშენებია (ცისკარიშვილი 1959: 107-111). XV-XVI სს-ში ციხეს ჯერ ხერთვისარები, შემდეგ კი ამატაკიშვილები ფლობდნენ. 1578 წ. არფაქსად ამატაკიშვილმა ხუთ სხვა ციხესთან ერთად ხერთვისი ოსმალებს ჩააბარა. ოსმალებმა ხერთვისი ლივისა და სანჯაყის ცენტრად აქციეს და წლიურ გადასახადად 25000 ახჩა დაუწესეს. 1588 წ. მანუჩარ II ათაბაგმა ციხე შაჰ აბასს გადასცა. 1624 წ. გიორგი სააკაძემ ხერთვისი გაანთავისუფლა, თუმცა მას ოსმალები დაეპატრონენ. 1771 წ. ერეკლე II-მ ხერთვისი აიღო, თუმცა შემდეგ მისი დატოვება მოუხდა. 1829 წ. ოსმალეთმა ადრიანოპოლის ზავის მიხედვით ხერთვისი რუსეთს გადასცა (ჯავახეთი 2000: 107, 108).

ხერთვისის ციხე აღმართულია მაღალ, კლდოვან მთაზე. მას დასავლეთით მტკვარი, ხოლო ჩრდილოეთით ფარავნისწყალი ჩამოუდის. ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან – ციტადელისა და გალავნისაგან შედგებოდა. გალავანი ციხეს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. ძლიერი დაზიანების გამო გალავნის კედლების სიმაღლე დაუდგენელია. ციტადელს მთის ვიწრო კლდოვანი ქიმი უკავია და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. მაღალ, ქონგურებიან კედლებს მიუყვება ბურჯები და კოშკები, რომელთაგან გამოირჩევა პრიზმული კოშკი. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი მიუშენებიათ (ზაქარაია 1988: 62). ციტადელის ტერიტორიაზე შემორჩენილია მცირე ეკლესია (ჯავახეთი 2000: 107), სადაც დ.ბაქრაძეს 985 წ-ით დათარიღებული წარწერა უნახავს. XIX ს-ის დასაწყისში ციხის შესასვლელის კარზე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო XIV ს-ის წარწერა, რომელიც გვამცნობდა, რომ ციხის გალავანი და კოშკი აუშენებია ზაქარია ქამქამიშვილს (წარწერა ამჟამად დაკარგულია) (ჯავახეთი 2000: 107).

ხერთვისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: აინი ალი 1971: 226-235; ბაგრატიონი 1986: 82; ბერძენიშვილი 1975: 82-128; 1985: 81; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 171-173; ვახუშტი 1885: 146; ზაქარაია 1988: 62; მელითაური 1972: 34; ორბელიანი 1981: 88; ქრონიკები 1897: 53; ქც 1: 17,10; ქც 2: 410;17,18; 522, 17; ქც 4: 433,28; 667,16,18; 669,6,12,14; 670,18; 671,27; 722,6; 724,14; 725,16; ცისკარიშვილი 1959: 107-111; ჩელები 1971: 15, 32, 111; ჭილაშვილი 1968: 111; ჯავახეთი 2000: 107.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9