ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხვა ხვე

ხვამლი 

ხუამლი, ხომლი (ქც 2: 243,14; ქც 4: 219,12,სქ.2).

ხვამლის ქვაბი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჟამთააღმწერელის თხზულება (ქც 2: 243,14), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 219,12, სქ. 2).

მდებარეობს ლეჩხუმში, რიონის მარჯვენა ნაპირზე. რიონისა და ცხენისწყლის ხეობის წყალგამყოფზე. ვახუშტი ბაგარატიონი ხვამლის შესახებ გადმოგვცემს: „ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით. ამ კლდეში არს ქვაბი გამოკვეთილი, მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთა სადები“ (ქც 4: 219, სქ. 2) ხვამლის ქვაბი იხსენიება დავით ულუსა და დავით ნარინის მიერ სამეფოს გაყოფასთან დაკავშირებით: „არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედი განყვეს და სხვა დაუტევეს მუნვე“ (ქც 4: 219,11-13).

1945 წ. ხვამლის ქვაბებში მოეწყო ალპინისტურ-არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ალ.ჯაფარიძე, გ.ლომთათიძე). გამოირკვა, რომ მთავარი კარსტული წარმოშობის, შემდგომში გაფართოებული ქვაბი, რომელშიც წყარო გამოდის, წინიდან აზიდული ყოფილა ქვითკირის მკვიდრი კედლით, რომელშიც სხვადასხვა დონეზე დატანებულია სარკმლები და საჭვრეტები. შიგ ორი-სამი სართული ყოფილა გამართული. ამ ქვაბს ზემოთ, კლდეში გამოჭრილია მცირე, უაღრესად ძნელად მისადგომი ქვაბი, რომელშიც როგორც ჩანს, ინახებოდა სახელმწიფო საგანძური. ქვემოთ კლდეში გამოჭრილია გრძელი და განიერი ბაქანი, თავის დროზე წინიდან აზიდული და განივად გატიხრული. ეს მრავალსენაკიანი, ქვითკირის ნაგებობა მცველი რაზმის სადგომადაა მიჩნეული. ამ ბაქანზე თხრისას თავი იჩინა კერათა ნაშთებმა და კერამიკამ – სამზარეულო ჭურჭელმა და ქვევრების ნატეხებმა. მონაპოვარს შორის არ ჩანდა მოჭიქული კერამიკის ნიმუშები.

ექსპედიციის ყურადღება მიიპყრო კლდოვან კედელზე წითელი საღებავით, გაუწაფავი ხელით დახატულმა სურათმა – მშვილდოსანი ცხენოსნების ნადირობამ. ნახატი მოგვაგონებს სვანურ საწესო, „სულთა ნახატებს“, „ლიფანალისას“. ამიტომ ხვამლის ქვაბების მცველად ექსპედიციის წევრებმა სვანები მიიჩნიეს. ნახატი თოფის შემოღებამდე ჩანს შესრულებული. ხვამლის ქვაბებს XII-XIII სს-ს მიაკუთვნებენ (ლომთათიძე 1977: 131).

 
ბიბლიოგრაფია: ლომთათიძე 1945ა; ლომთათიძე 1977: 131; ქც 2: 243,14; ქც 4: 219,12,სქ.2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9