ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხიდ ხილ ხიმ ხირ

ხირსა 

მონასტერი (ქც 4: 542,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 541,სქ.2,4; 542,14), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 168; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 546), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 67).

მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, ხირსის ხევის კიდეზე.

1938-1939 წწ. ხირსის მახლობლად, კოღოთოს ხევში გათხრებს აწარმოებდა ქიზიყის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. სტ.მენთეშაშვილი). ექსპედიციამ გამოავლინა 10 აკლდამა, 26 ორმოსამარხი, 7 ქვევრსამარხი და 1 აგურსამარხი (სინაურიძე 1968: 47). 1961-1962 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის კახეთის რაზმმა (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) მცირე დაზვერვითი ხასიათის გათხრები ჩაატარა მიწის სამუშაოების დროს დაზიანებულ ხირსის სამაროვანზე, სადაც გამოვლინდა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამ იარუსად განლაგებული ორმოსამარხები. ორმოსამარხებზე ზოგან კერამიკული ქურებია გამართული (ფიცხელაური 1962: 26; 1963: 21-25). 1974 წ. იმავე ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. კ. ფიცხელური) აგრძელებდა მუშაობას ხირსის სამაროვნისა და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის სამეთუნეო სახელოსნოს ტერიტორიაზე. პარალელურად აწარმოებდა დაზვერვით სამუშაოებს. ადგილ „გოლგოთებში“ მიკვლეულ იქნა სინქრონული სამეთუნეო სახელოსნო. გომბორის ქედის ძირას, კოღოთოს ხევის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა ანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარი (ფიცხელაური, დედაბრიშვილი ... 1976: 24). 1984-1985 წწ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) გათხარა ხირსის სამეთუნეო სახელოსნოს ნაწილი (ფიცხელაური, ვარაზაშვილი ... 1987: 38).

ხირსის არქეოლოგიური კომპლექსი მდებარეობს ივრის პლატოს ჩრდილოეთ ფერდზე, კოღოთოს ხევის მარცხენა ნაპირიდან დასავლეთით, ალაზნის ველზე. იქ გამოვლენილ ძეგლებს შორის ყველაზე ადრეულია ყორღანული სამარხი. მიწის ზედაპირზე ყრილი აღარ შეიმჩნეოდა, მაგრამ საფიქრებელია, რომ ის თავის დროზე არსებობდა. ყორღანი ორმოიანია (1,3X1,1X1,17 მ). სამარხი ორმოს კედლები ნაგები იყო რიყის ქვებით, წყობა მშრალია. იატაკი მოგებული ყოფილა რიყის წვრილი ქვებით. მიცვალებული ესვენა მარცხენა გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით. დამხრობილი იყო ჩრდილო-დასავლეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე, თავით ჩრდილო-დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა: 2 ხარის თავის ქალის ზედა ნაწილი, ცხვრის დაშლილი თავის ქალა და კიდურების ძვლები; თიხის 2 ჭურჭელი. ისინი ორყურიანია. ერთი ოდნავ პირგადაშლილია, მაღალყელიანი, ბრტყელძირა. მეორე ჭურჭელიც ოდნავ პირგადაშლილია, დაბალყელიანი, ძალიან პატარა ყურებით. მიცვალებულის ბარძაყის ძვლის ქვეშ აღმოჩნდა კაჟის მოკლეყუნწიანი ისრისპირი. ყორღანი თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით (ფიცხელაური 1965: 32-35; საქ. არქ. 1992: 176).

XX ს-ის 50-იან წლებში კოღოთოს ხევიდან დასავლეთის მიმართულებით გაჭრილმა 2 მ სიღრმისა და სიგანის თხრილმა 280 მ მანძილზე დააზიანა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი და სამეთუნეო სახელოსნო. სამეთუნეო სახელოსნოს ქურებიდან ასიოდე მ-ის დაშორებით, დაახლოებით 800 მ მანძილზე სამარხებია განლაგებული. შესწავლილ იქნა 6 სამარხის ნაშთი, რომელიც თხრილის ჭრილში მოჩანდა. სამარხები 3 ფენადაა განლაგებული. პირველი ფენა 0,5-0,10 მ სიღრმეზეა; მეორე – 0,6-0,8 მ სიღრმეზე; მესამე – 1,5-1,8 მ სიღრმეზე. სამარხების ორმო მოგრძო ოთხკუთხედია, დამხრობილია ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე. სამარხების დაზიანების გამო ძნელი სათქმელია, მაგრამ ზოგიერთი ნიშნის მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მიცვალებულები იკრძალებოდნენ მოხრილი კიდურებით მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით. სამარხებში ძირითადად გამოვლინდა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ბრინჯაოს სამკაულები (კილიტები, სამაჯურები). აღსანიშნავია იქვე აღმოჩენილი ბრინჯაოს მახვილი და სარტყლის ფრაგმენტები, რომლებზეც გამოსახულია ფანტასტიკური ცხოველები და გეომეტრიული სახეები. სამარხები თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულითა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. სამაროვნიდან სამხრეთით 200-300 მ-ის დაშორებით, მაღლობზე შემორჩენილია მისი თანადროული ნასახლარი (ფიცხელაური 1962: 26; 1963: 24, 25; ხიდაშელი 1982: 146).

სამეთუნეო სახელოსნოს ტერიტორიაზე, თხრილის ჭრილში აღირიცხა 50-მდე სამეთუნეო ქურა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა შესწავლილი. ქურები განლაგებული ყოფილა ერთიმეორის გვერდით, ერთ ხაზზე. შესაძლოა არსებობდა რამდენიმე ამგვარი ხაზი. თხრილის ორივე მხარეს წარმოდგენილი იყო თიხითვე მოლესილი თაროები, რომლებზეც გამოსაწვავი ჭურჭელი ლაგდებოდა. ქურის წინა საცეცხლე ორმო საცეცხლურ არხს უკავშირდებოდა ე. წ. ქურის ყელით, რომლის გადახურვის ნაკვალევი გადარჩენილია ქურის პირის ორივე მხარეს. ერთ შემთხვევაში სანაცრე არხს სანაცრე ორმოს მხრიდან, ორივე კედელთან თითო რიყის ქვა ჰქონდა აყუდებული. ჩანს, ღუმელში საწვავი აქედან იყრებოდა და აქედანვე გამოჰქონდათ ნაცარი. სამეთუნეო ქურები ერთიარუსიანი ნაგებობებია, რომლებიც მიითვლიან ქურის გარეთ გატანილ საცეცხლე ორმოს, საცეცხლე არხს და ამ არხით სიგრძივ ღერძზე ორ თანაბარ ნაწილად გაყოფილ ჭურჭლის გამოსაწვავ კამერას. ქურის კედლები და გადახურვა ზადაპირზე უნდა ყოფილიყო ამოზიდული. თაროებზე გამოსაწვავი ჭურჭლის დალაგების შემდეგ ხდებოდა ქურების გადახურვა თაღოვანი კონსტრუქციით, ან თაღოვან გადახურვაში მხოლოდ სარკმელი იხურებოდა დაწნული ლასტებით, რომლებიც ორივე მხრიდან თიხით ილესებოდა. ამაზე მიუთითებს ქურის მახლობლად აღმოჩენილი ბათქაშის ფრაგმენტები, რომლებზეც ლასტის ანაბეჭდებია შემორჩენილი.

სახელოსნოს უბანზე მოპოვებულ მრავალრიცხოვან კერამიკულ ნაწარმს შორის 2 სახის თიხის ჭურჭელი გამოიყოფა: უხეშკეციანი ჭურჭელი, რომლებიც დაფარულია კანცენტრული ღარებით. ხშირ შემთხვევაში მხარსა და ძირზე შემოუყვებათ ნაჭდევები (ქოთნები, ქვაბქოთნები); მეორე სახის ნაწარმი დამზადებულია კარგად განლექილი წმინდა სილანარევი თიხისაგან. ისინი ძირითადად ჯამ-ლანგრები და კათხებია. ზედაპირი შემკულია ნაპრიალები ორნამენტით შესრულებული სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით. სამეთუნეო უბნის გათხრებისას აღმოჩნდა სვასტიკის გამოსახულებიანი თიხის საბეჭდავი. ხირსის სამეთუნეო სახელოსნო თარიღდება ძვ. წ. VII ს-ით (ფიცხელაური 1963: 21-24; ხახუტაიშვილი, კინწურაშვილი 1987: 152-155). კოღოთოს აკლდამები ქვით ნაგები მოზრდილი ნაგებობებია, საფეხურებიანი კიბით, კამარიანი კარით, შესასვლელი კორიდორითა და თაღით გადახურული სამარხი კამერით, რომელშიც მოწყობილია საცხედრეები და საძვალე. კიბის სიმაღლის, სამარხისა და დერეფნის სიგრძე-სიგანით, საცხედრეების განლაგებით და სხვ. აკლდამები დეტალებში განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აკლდამების უმრავლესობა გაძარცულია და ძვლები ერთმანეთშია არეული. ამდენად, დაკრძალვის წესის დადგენა არ ხერხდება. ყველა აკლდამა დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ერთი გაუძარცვავი აკლდამის მიხედვით 2 მიცვალებული დაკრძალული იყო თავით დასავლეთით, ოდნავ მოხრილნი, ერთმანეთის პირდაპირ საცხედრეებზე, ე.ი. ერთი მარცხენა, მეორე მარჯვენა გვერდზე. გაძარცულ აკლდამებში თითოოროლა ნივთია აღმოჩენილი: ბრინჯაოს და რკინის სამაჯურებისა და მშვილდსაკინძების ნატეხები, რკინის საკინძი, ბრინჯაოს ბეჭედი, მწვანე მინის თვლით, ვერცხლის საყურე, რკინის შუბისპირის ნატეხი, სარდიონისა და გიშრის მძივები. ნივთები თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (სინაურიძე 1968: 47-50). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

განათხარი აკლდამების მახლობლად, სოფ. ძველ ანაგაში 1925 წ. ვინმე ნაზარაშვილს აღმოუჩენია ერთი დანგრეული, მაგრამ გაუძარცვავი მდიდრული აკლდამა. მიცვალებულის ინვენტარს შეადგენდა: ოქროს სარტყელი, საკინძი, სამაჯურები, სარდიონის ბეჭედი, მძივები და სხვ. მათგან მხოლოდ ნივთების ნაწილი გადაურჩა დაკარგვას. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება ოქროს სარტყლის 8 ბალთა, საკინძი და სარდიონის ბეჭედი, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში – მძივები და ბრინჯაოს პატარა ზარი). ნივთები თარიღდება VI-VII სს-ით (სინაურიძე 1968: 70).

ადგილ „სერებიანის ველზე“ მდებარეობდა თაღოვანი აკლდამა, რომელიც აგებული ყოფილა კირქვით, დუღაბზე. მასში აღმოჩენილია 7 თავის ქალა და სხვა ძვლები, „ხანჯლის ბოლო“ და ადრე შუა საუკუნეების ბრინჯაოს სამაჯური. ძველი ანაგის ტერიტორიაზე იქ, სადაც მდიდრული სამარხი აღმოჩნდა, გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეების ფენები. მასალის უმრავლესობას შეადგენს კერამიკული ნაწარმი: ქვევრები, დერგები, ქოთნები, დოქები, ხელადები, ჯამები. ძველი ანაგის მიწებზე, ადგილ „ნაგომრებში“ მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი, სადაც მრავლად აღმოჩნდა სადა და მოჭიქული კერამიკა, მინის ჭურჭელი, მინის სამაჯურები და სხვ. (სინაურიძე 1968: 75-85). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ხირსის სტეფანწმიდის ტაძრის დამაარსებლად იხსენიება ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი (ქც 4: 542,14-16). ეკლესია ამჟამად გუმბათიანია. თავდაპირველად დარბაზული ყოფილა. აგებულია VI ს-ში. შემდგომში მრავალჯერ აღუდგენ-გადაუკეთებიათ. აფსიდი ნალისებურია. შიდა სივრცე გაყოფილია 4 სვეტით. ეკლესიისათვის გუმბათი დაუშენებიათ VIII-X სს-ში. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, სვეტები და გუმბათის საყრდენი – ქვიშაქვის კვადრებით. შირიმი იშვიათადაა გამოყენებული. თორმეტსარკმლიანი გუმბათი აგურისაა. გუმბათქვეშა თაღები აგურით განუახლებიათ XVI ს-ში (ჩუბინაშვილი 1959: 69-71, 325-339). ეკლესიის ფასადებზე და ინტერიერში IX-XIX სს-ის ექვსი წარწერაა. მათგან IX ს-ის მხოლოდ ერთია. 886 წ. სამშენებლო წარწერის ფრაგმენტი ეკლესიის შიგნით, გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის საყრდენის აღმოსავლეთ წიბოზეა. წარწერა ორსტრიქონიანია: „რა ერისთაობასა ... ნი ქორონიკონი იყუის რვ ამენ“ (886 წ.) (ქართ. წარწ. კორ. 1980: 309, 310).

 
ბიბლიოგრაფია: აბდუშელიშვილი 1977; ბაგრატიონი 1986: 67; ბარნაველი 1961: 148-151, 153, 154; ბაქრაძე 1875: 156; ლორთქიფანიძე 1961: 43, 44, 52; მკა 1898: 26-28; საქ. არქ. 1992: 176; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 168; სინაურიძე 1967: 3-7; 1968: 47-86; ფიცხელაური 1962: 26; 1963: 21-25; 1965: 32-35; 1973: 67, 180; ფიცხელაური, დედაბრიშვილი ... 1976: 24; ფიცხელაური, ვარაზაშვილი ... 1987: 38; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 546; ქართ. წარწ. კორ. 1980: 309, 310; ქც 4: 541,სქ.2,4; 542,15; ჩუბინაშვილი 1959: 69-71, 325-339; ხახუტაიშვილი, კინწურაშვილი 1987: 146, 152-155; ხიდაშელი 1982: 146; ჯაფარიძე 1991: 238.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9