ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხოდაშენი

(ქც 4: 630,28). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 630,28), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1910: 297, 513; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 387; 1970: 1111; 1981: 41, 184, 204, 244, 517; ქრონიკები 1967: 170), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 69), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 43, 221).

მდებარეობს ახმეტის მუნიც-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, თანამედროვე სოფ. ზემო ხოდაშენის ტერიტორიაზე. სოფ. ქვემო ხოდაშენი მდებარეობს თელავის მუნიც-ში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, წინანდლიდან 2 კმ-ის დაშორებით.

1710-1722 წწ. სოფ. ხოდაშენი რუსთავის სადროშოში შედიოდა (საქ. სიძ. 1910: 297; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 387). 1742 წ. ხოდაშნის ციხე მიწისძვრამ დაანგრია (ქც 4: 630,28; ქრონიკები 1967: 170). 1759-1781 წწ. სოფ. ხოდაშენი ათონის ფილეთეოსის მონასტრის შეწირული მამულია და მისი გამგებელია ათონიდან მოსული კოზმან ბერი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1111). 1774 წ. ასპინძის ბრძოლის შემდეგ ხოდაშენში ჩასახლდა სოფ. ბარალეთიდან გადმოსული ექვსი კომლი (ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 244).

ზემო ხოდაშენი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ქვემო ხოდაშენში 1932 წ. შემთხევით აღმოჩნდა თიხის ხელადა, რომელიც თეთრი საღებავის სარტყლებით იყო შემკული. ხელადა თარიღდება ძვ. წ. I – ახ. წ. I სს-ით. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ნიორაძე 1940: 36).

ზემო ხოდაშენში დგას ციხე, რომელიც „მარანი-ციხის“ სახელითაა ცნობილი. აშენებულია კახეთის მეფეების მიერ ათონის ფილეთეოსის მონასტრისადმი შეწირულ ხოდაშნის მამულებისა და ზვრების გამგებლის კოზმან ბერის მიერ 1760-1784 წლებში. ნაგებობის ჩრდილოეთი ნაწილი სამსართულიანი კოშკია, აღმოსავლეთის – კვადრატული გეგმის ორსართულიანი მარანი (55 კვმ), სადაც 20-ზე მეტი ქვევრია ჩამარხული. „მარანი-კოშკი“ ნაგებია რიყის ქვით. იშვიათად გამოყენებულია აგური. მარნის მეორე სართული, სადაც სათოფეებია განლაგებული, საბრძოლო ბაქანს წარმოადგენს. მარნის პირველ სართულთან კოშკის პირველი სართული დაკავშირებულია 2 თაღოვანი კარით. კოშკის პირველ სართულში საწნახელია, საიდანაც 3 კერამიკული მილით ქვევრებში ღვინო ისხმებოდა. კოშკი გეგმით გრძელი სწორკუთხედია. კოშკის მეორე სართული საცხოვრებელია. შედგება 2 ოთახისაგან, სადაც ბუხარი და ორიარუსიანი ნიშებია. ზედა ნიშებში სათოფეებია განლაგებული. კოშკის მესამე სართული საცხოვრებელ-საბრძოლო დანიშნულებისაა. „მარანი-კოშკი“ მონასტრის გალავანში იყო მოქცეული (ზაქარაია 1962: 181).

ზემო ხოდაშნის მონასტრიდან, რომელიც „ბერაანთ სახლის“ სახელწოდებითაა ცნობილი, მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ხარების ეკლესია სამრეკლოთი, რომელიც დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას კარი თავიდან დასავლეთით ჰქონდა, მაგრამ შემდეგ კედელი გაურღვევიათ და სწორკუთხა მინაშენი მიუმატებიათ. ეკლესიის კარები დასავლეთით და სამხრეთითაა. კარებს ზემოთ სამშენებლო ხასიათის 2 მხედრული წარწერაა: პირველი წარწერის მიხედვით მონასტერი დააარსეს მეფე ლევანმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ XVI ს-ის დასასრულს და წარმოადგენს ათონის ფილათეოსის მონასტრის ფილიალს. მეორე წარწერის მიხედვით XIX ს-ში მონასტერი მძიმე ფინანსურ გაჭირვებას განიცდდა. 1817 წ. არქიმანდრიტი დომენტის დახმარებით იქ აიგო სხვადასხვა ნაგებობა (ზაქარაია 1962: 178).

ეკლესიასა და მარნის ჩრდილოეთით მდგარა ბერების საცხოვრებელი სახლი. მის სამხრეთ კედელში ჩასმულია შავი ქვის ფილა ქართულ-ბერძნული წარწერით, რომელიც ეხება სოფ. ხოდაშენში ათონის ფილეთეოსის მონასტრის კუთვნილი მამულების მოვლა-პატრონობასა და იქ მოღვაწე ბერებს (ყაუხჩიშვილი 1951: 327; ზაქარაია 1962: 178).

ზემო ხოდაშენის ზევით, მთაზე დგას XIII ს-ის პირველი ნახევრის გუმბათიანი ეკლესია „საჩინო“, რომლის ფასადი მოპირკეთებულია შირიმის ფილებით. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აღმოსავლეთის ფასადზე ჯვრის მკლავის ქვემოთ რელიგიური ხასიათის ასომთავრული წარწერაა (ჩუბინაშვილი 1959: 431; ბარნაველი 1961: 77).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 69; ბარნაველი 1961: 77; გიულდენშტედტი 1962: 43, 221; ზაქარაია 1962: 175-185; ნიორაძე 1940: 36, 54, 94; რჩეულიშვილი 1967: 276-284; 1994: 217-293; საქ. სიძ. 1910: 297, 513; ქრონიკები 1967: 170; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 387; 1970: 1111; 1981: 41, 184, 204, 244, 517; ქც 4: 630,28; ჩუბინაშვილი 1959: 431; ყაუხჩიშვილი 1951: 327.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9