ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბანა


(ქც 4: 209,20; 250,12; 283,4,7; 674,23; 683,13,სქ.3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 209,20; 250,12; 283,4,7; 674,23; 683,13, სქ. 3), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 261,3,4; 292,12; 295,2), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც 1: 318,7; 368,32), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 379,17; 385,6), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 16,2), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 130,5), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 213,11; 214,8; 313,11), კ. კოხის „მოგზაურობა“ (კოხი 1846: 243-248).

ვახუშტი ბაგრატიონი ბანას შესახებ გადმოგვცემს: მდ. ჭოროხზე, ფანასკერტის ციხის „ზეით ... მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, დიდი, შუენიერად ნაგები, კეთილ-შუენიერს ადგილს. აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი, ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა და აწ არს ცალიერი“ (ქც 4: 683,13-17).

მდებარეობს ქართულ ისტორიულ პროვინცია ტაოში, მდ. ოლთისის შენაკადის, ფენიაქის წყლის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ფენექის (ფენიაქის) ადგილას. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ბანას ეკლესია ააშენა ადარნასე IV-ემ (888-923) (ქც 1: 261,3). პირველი ბანელი ეპისკოპოსი ყოფილა კვირიკე. მის დროს ბანას საეპისკოპოსო ტაძრის სამწყსოში შედიოდა ფანასკერტი, სრულიად ტაო, ოლთისი და ნარუმაკი (ქც 1: 261,3,4; ქც 4: 683,15-17). VII-XII სს-ში ბანას ქვევით თავდებოდა ქართველ მეფეთა სამფლობელო და იწყებოდა ბერძენთა მიწები (ჯავახიშვილი 1983: 60, 65, 68). ბანა შუა საუკუნეებში იყო ტაოს პროვინციის ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი. ბანა X-XV სს-ში იყო ქართველ მეფეთა მამული (ქც 1: 318,7, 385,6). ბანას ეკლესიაში იმარხებოდნენ ქართველი მეფეები (ქც 4: 683,15-17). აქ დაკრძალულნი არიან მეფე ვახტანგი, ძე მეფეთ-მეფისა ალექსანდრესი და მისი მეუღლე ფანასკერტელის ასული სითი-ხათუნი (ქც 4: 283,3,4). ბანაში იქორწინა ბაგრატ IV კურაპალატმა (1027-1072), კეისარ რომანუს III არგირუსის ქალიშვილ ელენე დედოფალთან (ქც 1: 295,2). ბანა XVIII ს-მდე იყო საკათედრო ტაძარი (გუტჩევი 1971: 240; ტიერი 1960: 12). ბანელი ეპისკოპოსები დიპლომატიურ მისიას ასრულებდნენ ქართველ მეფეთა ინტერესების დასაცავად (ქც 1: 391,12). ზაქარია ბანელი, იგივე ზაქარია ვალაშკერტელი, სვინგელოზი 1021-1022 წწ. დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმპერატორ ბასილი II-სა და საქართველოს მეფე გიორგი I-ს შორის. ბანელი ეპისკოპოსები აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველ და ბიზანტიელ მეფეთა შორის გამართულ ბრძოლებში, ტაოში პოლიტიკური გავლენის მოპოვებისათვის (ქც 1: 291,12; ქც 4: 144,3). თამარ მეფის (1184-1207) დროს, რუქნადინზე გამარჯვების შემდეგ, ტაო ქართველებმა კვლავ შემოიმტკიცეს. ზაქარია ასპაანის ძის მეთაურობით თამარ მეფემ ხახული, ოშკი და ბანა დაიბრუნა (ქც 1: 368,32; ქც 2:130,5; ჯავახიშვილი 1983: 272). ბანაში წარიმართა ლაშა-გიორგის (1207-1222) მიერ სულთნის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები (ქც 2: 16,2). XIII ს-ის შუა და ბოლო წლებში ბანა სასტიკად ააოხრეს რუმის თურქმანულმა ტომებმა. ბანასთან დაამარცხა ყვარყვარე ციხისჯვარელ-ჯაყელმა თურქმანთა უზარმაზარი ლაშქარი, რის გამოც ამ ომს ბანაჯარად უხმობენ (ქც 2: 213,11, 214,7,8; ქც 4: 209,20). მოგვიანებით აქ ბექა მანდატურთუხუცესმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა აზატ-მოსეს 60 000-იან ლაშქარზე (ქც 2: 313,11; ქც 4: 250,12). სავარაუდოა, რომ ამ ბრძოლების შედეგად ბანას ეკლესია დაზიანდა (ედვარდსი 1985: 27). რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1855, 1877 წწ. ტაძარი დაინგრა (სტრზიგოვსკი 1918: 121). ბანას მონასტერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. აქ X-XVI სს-ში შესრულებული ხელნაწერები ინახება კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში (მენაბდე 1962: 462-464).

ბანა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ტაძარი აღწერა კ. კოხმა თურქეთში მოგზაურობისას. იგი მაშინ ჯერ კიდევ გადახურული მდგარა (კოხი 1846: 243-248). ბანას ტაძარი აღწერეს ე. ვეიდენ-ბაუმმა და დ. ბაქრაძემ. XIX ს-ში ნაგებობა გარშემორტყმული იყო მცირე სამლოცველოებითა და სენაკებით (მასალები კავკ. არქ. 1909: 89, 92-95). ექ. თაყაიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის დროს შესრულდა ტაძრის ანაზომები (არქ. ს. კლდიაშვილი) (მასალები კავკ. არქ. 1909: 88-117). ბანას ტაძარი სხვადასხვა დროს მოინახულეს ნ. ტიერიმ (ტიერი 1960: 12-14), დ. გუტჩოვმა (გუტჩოვი 1971: 240, 241). უახლესი ანაზომები ეკუთვნის რ. ედვარდსს (ედვარდსი 1985: 27-32).

ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, რომელიც გარსშემოვლებულია წრიული გალერეით (სიგანე დაახ. 38 მ, სიმაღლე 32 მ). შიდა სივრცე წარმოადგენს წრეში ჩახაზულ, მომრგვალებულმკლავებიან, ტოლფერდა ჯვარს. ცენტრალური კვადრატი გუმბათით იყო გადახურული (გუმბათის ყელის დმ 8 მ). ჯვრის მკლავების სიგანე ორჯერ ნაკლებია მათ სიმაღლეზე. აფსიდები ოთხი მასიური ბოძითაა დაკავშირებული. აფსიდებს შორის გამართული იყო მრავალსართულიანი პატრონიკეები. აფსიდების ქვედა ნაწილში ამოყვანილია კამარები. ისინი კარიბჭის როლს ასრულებდნენ. პატრონიკეებს შორის მოთავსებული იყო კვადრატში ჩახაზული ჯვრის ფორმის სათავსები. ხუთსართულიანი აფსიდები კამარებით ყოფილა გადახურული. საკურთხევლის აფსიდა შედგებოდა 6 სვეტისგან (სიმაღლე 2 მ), რომლებიც 2 მ სიმაღლის კედელზე იყო აღმართული. დანარჩენ აფსიდებს ჰქონდათ ოთხ-ოთხი სვეტი, თითქმის ორმაგი სიმაღლისა და თანაც უფრო მასიური. აფსიდებს სამ-სამი სარკმელი ჰქონდათ. ძირითად სივრცეს გარს უვლიდა წრიული გარსშემოსავლელი, რომელიც ორსართულიანი უნდა ყოფილიყო და აღწევდა აფსიდების სარკმლებამდე. გალერეა მთლიანად იყო შემკული ნახევარწრიულ პილასტრებზე გადაყვანილი თაღედით. მათი ორნაწილიანი კაპიტელები დამშვენებულია წნული ორნამენტითა და ვოლუტებით. პილასტრები მაღალპროფილირებულ ბაზისებზე დგას (ჩუბინაშვილი 1936: 169-179; სევეროვი 1947: 189; ბერიძე 1974: 111, 112; 1989; მეფისაშვილი, ცინცაძე 1978: მეფისაშვილი, თუმანიშვილი 1989: 95; ჯობაძე 1992). დღეისათვის შენობის უმეტესი ნაწილი დანგრეულია (ედვარდსი 1985: 27-28). ტაძარი აგებულია ერთი ზომის კარგად გათლილი ქვის კვადრებით. კედლის პერანგებს შორის გამოყენებულია ფლეთილი ქვიშაქვა დუღაბზე. მოსაპირკეთებელი ფილები მჭიდროდ არის მიჯრილი. პილასტრების განსხვავებული შესრულების სტილი მიუთითებს პირველი სამშენებლო პერიოდის სამ ფაზაზე. მეორე სამშენებლო პერიოდი დაკავშირებული იყო ძეგლის ძლიერ დაზიანებასთან მტრის შემოსევის ან მიწისძვრის შედეგად და შესაძლოა უკავშირდება ადარნასეს სამშენებლო მოღვაწეობას. ამ პერიოდში კედლის გამაგრების მიზნით თაღები შეივსო უხეში ქვის წყობით. გადაკეთების კვალი ჩანს ინტერიერშიც (ედვარდსი 1985: 29-32). მიჩნეული იყო, რომ ბანა X ს-ის ძეგლია (მასალები კავკ. არქ. 1909: 88-117; თუმანოვი 1963: 492). თუმცა, ტაძრის მხატვრულ-სტილისტურმა ანალიზმა ცხადყო მისი მსგავსება VII ს-ის იშხნისა და ზვარტნოცის ეკლესიებთან. ბანა დათარიღებულია VII ს-ის მეორე ნახევრით (ჩუბინაშვილი 1936: 169-179; ბერიძე 1974: 111, 112; 1989; მეფისაშვილი, ცინცაძე 1978; მეფისაშვილი, თუმანიშვილი 1989: 63, 95; ჯობაძე 1992: 78-85).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1974: 111, 112; 1981: 136-138; 1989; გუტჩოვი 1971: 240, 241; ედვარდსი 1985: 39; ვინფილდი 1977: 1-19; თუმანოვი 1963: 492; ინგოროყვა 1954; კოხი 1846:243-248; მასალები კავკ. არქ. 1909: 88-117; მენაბდე 1962: 462-464; მეფისაშვილი ცინცაძე 1978; მეფისაშვილი, თუმანიშვილი 1989: 63, 95; სალია 1961: 36, 37; სევეროვი 1947: 189; სტრზიგოვსკი 1918: 121; ტიერი 1960: 12, 34, 35; ქც 1: 261,3,4, 292,12, 295,2, 318,7, 368,32, 378,17, 385,6; ქც 2: 16,2, 130,5, 213,11, 214,8, 313,11; ქც 4: 209,20; 250,12; 283,4,7; 674,23; 683,13, სქ. 3; ჩუბინაშვილი 1936: 169-179; ჯავახიშვილი 1983: 60, 65, 68, 272; ჯობაძე 1978; 1992: 78-85.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9