ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხოჟორნა 

ეკლესია (ქც 4: 310,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 310,7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 57), ვარდან არეველცის მსოფლიო ისტორია (ვარდან არეველცი 2002: 115, 156).

ვახუშტი ბაგრატიონი ხოჟორნას შესახებ გადმოგვცემს: „ქუემორ ახტალისა არს ხეობა ხოჟორნიისა. არს ხოჟორნიას ეკლესია გუნბათიანი“ (ქც 4: 310,7). ისტორიულ წყაროებში ხოჟორნა მოიხსენიება X ს-დან. ის სხვა ოლქებთან ერთად ქვემო ქართლის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სომხური სამეფოს ტაშირ-ძორაგეტის ფარგლებში მოექცა. XI ს-ის შუა ხანებში ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში მხარგრძელთა წინაპრები დამკვიდრდნენ და ხოჟორნის ხევი მფლობელობაში მიიღეს. XIII ს-ში ხოჟორნა მხარგრძელთა უფროსი შტოს, ზაქარიას შთამომავლებს ერგო (ვარდან არეველცი 2002: 115,156; მესხია 1979: 227; მუსხელიშვილი 1960ა: 59, 60; გაგოშიძე, ჩანტლაძე 2003: 124-132).

მდებარეობს მარნეულის მუნიც-ში, სოფ. ხოჟორნიდან სამხრეთ-დასავლეთით 500 მ-ზე, მდ. დებედას შენაკადის ბანუშ-ჩაის (ვახუშტის მიხედვით ხოჟორნიის ხევი) ნაპირას (გაგოშიძე 2009: 124-132).

ხოჟორნა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ხოჟორნის გუმბათიანი ეკლესია აგებულია კირქვის ფლეთილი ქვით. გეგმით „ნახევრად თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა (10,50X10,75X14,40მ). ეკლესიის 4 მკლავიდან 3 (სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი) სწორკუთხაა. მეოთხე ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. მას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მცირე ზომის აფსიდიანი სათავსები ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ტაძრის ინტერიერი ნათდება ოთხივე მკლავში დატანილი თითო სარკმლითა და გუმბათის ცილინდრულ ყელში გაჭრილი 4 სარკმლით. ეკლესიის კედლებში მრავლადაა ჩაშენებული ადრე შუა საუკუნეების სტელები, ზოგიერთ მათგანზე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე ქტიტორთა ორფიგურიანი რელიეფია, რომელზეც შემორჩენილია XI ს-ით დათარიღებული სომხური მთავრული წარწერის ფრაგმენტი. დასავლეთის კარის არქიტრავზე და სარკმლის თავზე „აყვავებული“ ჯვრების რიგია გამოსახული. სამხრეთ ფასადზე არსებულ სომხურ წარწერაში, რომელიც თარიღდება XIII ს-ით, მოიხსენიება შანშე მხარგრძელი. გარდა ამისა, ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია XV ს-ის სომხური წარწერების ფრაგმენტები (გაგოშიძე 1999: 60-71; 2003; გაგოშიძე, ჩანტლაძე 2009: 124-132).

ეკლესიის დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 დარბაზული ეკლესიის ნანგრევია შემორჩენილი.

გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით, მთაზე დგას ციხე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მენზილქარს უწოდებს. ამავე მთის კალთაზე დგას „სურბ ნიშანის“ (წმინდა ჯვარი) მცირე დარბაზული ეკლესია.

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 57; ვარდან არეველცი 2002: 115, 156; გაგოშიძე 1999: 60-72; 2003; გაგოშიძე, ჩანტლაძე 2009: 124-132; მესხია 1979: 227; მუსხელიშვილი 1960ა: 59, 60; ქც 4: 310,7.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9