ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხოტევი

(ქც 4: 764,4,7,სქ.2 ; 867,1; 869,19,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 764,4,7,სქ.2; 867,1; 869,19,20), XI ს-ის ნიკორწმიდის სიგელი (ქრონიკები 1897: 45-49; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 41), მეფე სოლომონ II-ის 1800 წ. ბრძანება მებაჟეთა მიმართ (მესხია 1986: 367, 368), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 186, 197), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 115, 131, 293), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 192, 193, 200).

ვახუშტი ბაგრატიონი ხოტევის შესახებ გადმოგვცემს: კვიტაშვილების „ციხეს ზეით, ხოტევის წყლის დასავლით, არს ხოტევი და ციხე მისი დიდი, დიდ-შენი, და სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“ (ქც 4: 764,3-6).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, ამბროლაურიდან 10 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. ხოტევის ტერიტორიაზე.

წყაროებში მოხსენიებულია XI ს-დან (ქრონიკები 1897: 867). 1709 წ. იმერეთის მეფე გიორგი VI-მ ალყა შემოარტყა ხოტევის ციხეს (ქც 4: 869,19,20). სოლომონ I-მა (1752-1784) ხოტევის ციხე წულუკიძეებს უბოძა (გიულდენშტედტი 1962: 115). ხოტევში იყო წულუკიძეთა რეზიდენცია – ციხე და ეკლესია (კიკვიძე 1975: 23; სოსელია 1981: 44). XVIII-XIX სს-ში ხოტევი რაჭის ერთ-ერთი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრი იყო (ქც 4: 764,3-6; მესხია 1986: 294).

ხოტევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელში შემორჩენილია ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. 1925-1926 წწ. ციხის ქვები მოსახლეობას სახლების ასაშენებლად გაუზიდია (ბოჭორიძე 1994: 145). ციხე დგას სოფლის თავზე, დიდ კლდეზე, მდ. ხოტეველას მარცხენა ნაპირზე. სამხრეთით შემორჩენილია კარიბჭის ნაშთი. გადმოცემით გალავნის შიგნით იყო წყლის დიდი აუზი. მასში წყალი შედიოდა თიხის მილებით. იქვე მიწაში ჩაფლული ყოფილა ქვევრი (ბერაძე 1983: 97).

სოფელში ორი ეკლესია მდგარა. მაცხოვრის დარბაზული ეკლესია 1676 წ. აუშენებია მერაბ წულუკიძეს თლილი ქვით კირხსნარზე. ეკლესია 1924 წ. საძირკვლამდე დაუნგრევიათ და მისი ქვები გამოუყენებიათ სკოლის მშენებლობისათვის, რომლის კედლებში კარგად ჩანს ჩუქურთმები და მოხატულობა. 1927 წ. გ.ბოჭორიძის მიერ გამოვლენილი წარწერიანი ქვებიც სკოლის შენობის კედლებშია ჩაშენებული. მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია მერაბ წულუკიძე და მისი მეუღლე ანა ჩიჯავაძე, როგორც ეკლესიის მაშენებლები და შემკულობის შემკვეთნი. მეორე 16 სტრიქონიანი მხედრული წარწერაა, სადაც მერაბ წულუკიძე აღნიშნავს, რომ რაჭა მისი გვარის საკუთრებაა და მან გააფართოვა თავისი სამფლობელო. წარწერაში მოხსენიებულია ლევან დადიანი, როგორც მრავალყმიანი ქვეყნის პატრონი, რომელმაც ის გაზარდა (ბოჭორიძე 1994: 145, 146).

ხოტევის მეორე ეკლესიაც 1925-1926 წწ. დაუნგრევია მოსახლეობას სახლების ასაშენებლად (ბოჭორიძე 1934: 220-223).

 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 89-91; ბოჭორიძე 1934: 220-223; 1994: 54, 60, 103, 108, 142-145, 148, 270, 380, 381; ბურჯანაძე 1959: 177-197; გამბა 1987: 191-193, 200; გიულდენშტედტი 1962: 115, 131, 293; თაყაიშვილი 1963: 47, 48; კიკვიძე 1975: 23; მესხია 1986: 294, 370; საქ. ისტ. რუკა 1923; სოსელია 1981: 44; ქრონიკები 1897: 45-49; 869,19,20; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 41; ქც 4: 764,4,7,სქ.2; 867,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9