| | |
(ქც 4: 322,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 322,10), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 130), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 128,33), 1793-1795 წწ. არზა ყაფლანიშვილებისა მეფე ერეკლე II-სადმი (საქ. სიძ. 1909: 542; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 354).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ფიტარეთის „ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის-ხევი ... ქუეით მისა, ქციის კიდესა ზედა, ციხე ხულუტისა“ (ქც 4: 322,10).
მდებარეობს დმანისის მუნიც-ში, მდ. ქციის მარცხენა ნაპირზე, ფიტარეთის მონასტრის სამხრეთით (ზაქარაია 1973: 102; ხარაძე 1991: 73).
ხულუტის ციხე XVII ს-ის პირველ მესამედში ყაფლან ორბელიშვილს აუშენებია (ბერძენიშვილი 1979: 95). არ გამორიცხავენ ციხის არსებობას უფრო ადრეულ პერიოდშიც (ხარაძე 1991: 73). ციხე ორბელიშვილ-ყაფლანიშვილების რეზიდენცია და მთავარი დასაყრდენი იყო XVIII ს-ის შუა ხანებშიც (ჯამბურია 1955: 76-95). მასზე გადიოდა სამშვილდიდან თრიალეთს მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1966: 72). ციხემ ფუნქცია დაკარგა XIX ს-ის დასაწყისში (ჯამბურია 1955: 95).
ხულუტის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ციხე ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ციხე ორ მონაკვეთადაა გაყოფილი და მათ აერთებს შუაში მდებარე ეზო. ციხის კედლებში საბრძოლო და საცხოვრებელი დანიშნულების 5 კოშკია. მათგან გამოირჩევა ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, რომელიც ყველაზე დიდია. კოშკის ჩრდილოეთ ნაწილში 6, სამხრეთში კი 7 საცხოვრებელი სართულია. ბოლო სართულები საბრძოლო დანიშნულებისაა. კედლებში გაკეთებულია ბუხრები და ნიშები. აღნიშნულ კოშკს სიდიდით ჩამორჩება სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი. მისი 4 სართულიდან 3 საცხოვრებელია, მეოთხე საბრძოლო. მასში და კიდევ 2 კოშკში მოხვედრა შეიძლება ერთსართულიანი სადგომიდან გვირაბში გამავალი გზით. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. კოშკს აქვს სათოფურები, სარკმელი და ბუხარი. ჩრდილო-აღმოსავლეთის ცილინდრული კოშკი საბრძოლო დანიშნულებისაა. მეხუთე კოშკი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და იცავდა ციხის მეორე შესასვლელს (ზაქარაია 1970: 44-51; 1973: 102-104; ბერიძე 1983: 109).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |