![]() |
![]() | |
(ქც 4: 345,15) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 345,15), იოჰან გიულდენშტეტდის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 217), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 33).
მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან აღმოსავლეთით 9 კმ-ზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფელ ხცისის ტერიტორიაზე.
ისტორიულ წყაროებში ხცისი მოიხსენიება XVIII ს-დან (ქც 4: 345,15; გიულდენშტედტი 1962: 177, 217).
ხცისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილ „ხარვებში“ და „არაკაანთხევში“, არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად დაფიქსირებულია გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარები. 1946 წ. სოფლის მახლობლად, ადგილ „ვარცლებში“, მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა ქვაყუთი, რომელიც შედგენილი იყო კარგად გათლილი ფილაქვებით; მიცვალებული დაკრძალული იყო გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. სამარხი თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (სძა 1990: 462).
სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ის დაცილებით დგას ნათლისმცემლის დარბაზული (14,3X15,5მ) ეკლესია (წვიმოეთის ეკლესია). თარიღდება XI ს-ით. ნაგებია მოყვითალო და მონაცრისფრო თლილი კვადრებით. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, ჩრდილოეთით – სამკვეთლო. ეკლესიის აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია თითო სარკმელი; ნახევარწრიულ აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო წყვილი ნახევარწრიული ნიშია; დარბაზის გრძივ კედლებს ამკობს 3 წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრი, რომლის პირველ საფეხურს ეყრდნობა კედლების დეკორატიული თაღები, ხოლო მეორე-მესამე საფეხურებზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები შემკულია თაღებით. ლავგარდნები, თაღები, სვეტისთავები, სარკმელთა და შესასვლელთა საპირეები ორნამენტითაა შემკული. ეკლესიას აქვს 2 შესასვლელი: სამხრეთის კარიბჭიდან და დასავლეთიდან. ეკლესიაზე რამდენიმე ასომთავრული წარწერა ამოკვეთილია: აღმოსავლეთის ფასადზე – „სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდაისა ნათლისმცემლისასა სალოცველად ადიდე ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფის ჩუენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქორონიკონი იყო სკბ“; დასავლეთის ფასადზე – „წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა... და ყოველი კურაპალატი მოეც ძლიერებაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა“; „ქრისტე შეიწყალე ანან მთავარეპისკოპოსი“; „უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოანე“ (შმერლინგი 1955; ბერიძე 1974: 146; სძა 1990: 460-462).
სოფლის სამხრეთით 200 მ-ზე მდებარეობს ნაეკლესიარი (7X5მ), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ღვთაების ეკლესიას უწოდებენ. ნაგებია ფლეთილი ქვით, ძლიერაა დაზიანებული. ეკლესია თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.
წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, ნასოფლარ შლუყურის სამხრეთით, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (11,5X6,5), ნაგებია ფლეთილი ქვითა და ხით; თარიღდება XIX ს-ით (სძა 1990: 462).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |