![]() |
![]() | |
(ქც 4: 372,3,5). იხსენიება შემდეგ წრილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 372,3,5), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41, 42), XIV, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 183; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 216, 255; საქ. სიძ. 1910: 447; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 524), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 101, 103, 105; 1964: 65,67, 153).
მდებარეობს მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე ჯავის მუნიც-ის ტერიტორიაზე.
ჯავაზე გადიოდა შიდა ქართლიდან დვალეთში მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1966: 28). ზოგიერთი ავტორის აზრით, ჯავა არა მხოლოდ ერთი პუნქტის, არამედ მხარის სახელიც უნდა ყოფილიყო (გვასალია 1982: 41).
ჯავა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ჯავის ახლომახლო ტერიტორიებმა ადრევე მიიქცია არქეოლოგთა ყურადღება. 1890 წ. მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ.დოლბეჟევი) ჯავიდან 5 კმ-ის დაშორებით, სოფ. სტირფაზში ჩაატარა მცირე მასშტაბის გათხრები. 1924 წ. ა/კ სამეცნიერო ასოციაციის გადაწყვეტილებით სტირფაზში ჩატარდა არქეოლოგიური დაზვერვები (ხელმძღ. ე.პჩელინა). 1945 წ. ისტორიის ინსტიტუტის, სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთობლივმა ექსპედიციამ დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა სტირფაზის სამაროვანზე. ამავე წელს ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და არქიტექტურის სამმართველოს ძეგლთა დაცვის განყოფილების სამხრეთ ოსეთისა და იმერეთის სამარშრუტო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. კუფტინი) მცირე მასშტაბის სამუშაოები აწარმოა სოფ. სტირფაზში. 1948 წ. ისტორიის ინსტიტუტის სამხრეთ ოსეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.გობეჯიშვილი) სტირფაზში გათხარა რამდენიმე სამარხი. 1951-1955 წწ. ისტორიის ინსტიტუტის სამხრეთ ოსეთის არქეოლოგიური რაზმის და ლენინგრადის არქეოლოგიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. 1951-1953 წწ. ალ.კალანდაძე, კ.ლიუბინი, 1954 წ. ო.ჯაფარიძე, 1955 წ. გ.ცქიტიშვილი) შეისწავლეს სოფ. მორგოს მუსტიეს პერიოდის სადგომი. 1955, 1964, 1973-1978 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. 1955, 1964, 1976 წწ. ბ.ტეხოვი, 1973-1978 წწ. რ.გაგლოევი) შეისწავლა სტირფაზის სამაროვანი და ნამოსახლარი. 1979 წ. იმავე ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ.ტეხოვი) ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვა სოფ. მორგოში, სადაც აღმოჩნდა ძვ. წ. II-I და ახ. წ. I-II სს-ით დათარიღებული სამაროვანი.
მორგოს მუსტიეს პერიოდის ღია სადგომი მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მდ. ლიახვის აუზში. აქ აღმოჩნდა მოგრძო ფორმის ანატკეცები და მასიური ლამელები. იარაღების დასამზადებლად გამოყენებულია ადგილობრივი ვულკანური წარმოშობის ანდეზიტი. შედარებით მცირეა კაჟისა და ობსიდიანის ნაწარმი (კალანდაძე 1956: 247; ლიუბინი 1958: 34; ჯაფარიძე 1991: 22).
სტირფაზის ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. სტირფაზში, „შარშიატ კაძახის“ მთის წვერზე. ფენა მთლიანად განადგურებულია. ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც შეინიშნება გვიანბრინჯაოს პერიოდის დასახლების კვალი, მთლიანად ჩარეცხილია მდ. ლიახვის ხეობაში, რის გამოც შეუძლებელია დასახლების ტიპის დადგენა. სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლები მოგრძო ფორმის, წნული ან ხისგან ნაგები უნდა ყოფილიყო. ნასახლარზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, სალესის, შურდულისა და ხელსაფქვავის ქვები, წიდის ფრაგმენტები, ცხოველის ძვლები და სხვ. ნამოსახლარი ფუნქციონირებდა დიდი ხნის განმავლობაში: ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ჩათვლით (ტეხოვი 1974: 45; 1987: 71, 72).
სტირფაზის სამაროვანი მდებარეობს მდ. დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. იქ გამოიყოფა 2 პერიოდის სამარხები: გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კრომლეხები და გვიანანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ორმოსამარხები. კრომლეხები წარმოადგენს 3,5-6 მ დმ-ის მქონე ქვის წრით გარშემორტყმულ ორმოსამარხებს, რომელთაც აქვთ შედარებით მცირე ზომის ქვაყრილები. კრომლეხებში გვხვდება ინდივიდუალური, წყვილადი ან კოლექტიური დაკრძალვის წესი. მიცვალებულები ესვენა მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე მოხრილი კიდურებით. ორიენტაცია არაერთგვაროვანია: თავით ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით და სხვ. ყველა სამარხში შეინიშნება ნახშირისა და ოხრის კვალი. სამარხებში გვხვდება ცხვრისა და ხარის ძვლების ფრაგმენტებიც. სამარხებში გამოვლინდა: თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ნივთები, ქვისა და ძვლის იარაღები. კერამიკა წარმოდგენილია კარგად განლექილი თიხისაგან ჩარხზე დამზადებული და მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი რამდენიმე ჭურჭლით. მათ შორის გვხვდება: პირმოყრილი ქოთანი, ბიკონუსური ფორმის ქილა, ყურიანი კათხა. იქვეა აღმოჩენილი თიხის კვირისტავი და სხვ. ბრინჯაოს ნივთები წარმოდგენილია: 6 მასრაგახსნილი შუბისპირითა და კვერთხის თავით; მთლიანადსხმული სატევრით; თავხვია, დისკოსებური, პირამიდისებური და ლურსმნისებურთავიანი საკინძებით; ფირფიტოვანი სამაჯურებით; საკიდებით; 3 ოთხწახნაგა ნემსით; ბიკონუსური, სფეროსებური, კასრისებური ფორმის მძივებით და სხვ. ქვის ნივთებიდან გვხვდება სალესი ქვა, მძივები. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით (ტეხოვი 1960ა: 145; 1974: 48).
გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების სამაროვანზე გაითხარა 99 ორმოსამარხი. სამარხი ორმოები (ზომები: 1,80X1,50 მ, სიღრმე 0,4-1,6 მ) ოთხკუთხაა, კუთხეებში მომრგვალებული, ზოგჯერ ოვალური ფორმის. ყველა მათგანს აქვს მცირე ზომის ქვაყრილები. სამარხები ინჰუმაციურია. უმრავლესობა ინდივიდუალურია. გვხვდება წყვილადი და საოჯახო სამარხებიც. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილ მდგომარეობაში. მხოლოდ 3 სამარხში (№№72,85,95) მიცვალებული ასვენია ზურგზე გაშოტილი, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით. ორიენტაცია განსხვავებულია: თავით ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით. ყველა სამარხში გვხვდება ნახშირის და ოხრის კვალი. სამაროვანზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაულები, მონეტები. თიხის ჭურჭელი დამზადებულია ჩარხზე, კარგად განლექილი თიხისაგან. გამომწვარია წითლად, შავად ან მონაცრისფროდ. გვხვდება სხვადასხვა ფორმის დოქები, ყურიანი ქოთნები და სხვ. საბრძოლო იარაღიდან აღსანიშნავია: რკინის 2 შუბისპირი, ბრინჯაოს ისრისპირი, შურდულის ქვები. სამკაულები წარმოდგენილია ბუდეაბმული და ბუდემთლიანი მშვილდსაკინძებით, ბრინჯაოსა და ვერცხლის წვრილღეროიანი საყურეებით, ფარაკიანი ბეჭდებით (12 ერთეული), რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურებით (18 ერთეული), სფეროსებური, პირამიდისებური და მარყუჟისებურთავიანი საკინძებით, ბალთებით (3 ერთეული), ქარვის, სარდიონის, გიშრისა და მინის მძივებით და სხვ. საყოფაცხოვრებო ნივთებიდან აღსანიშნავია რკინის მოხრილი და სწორ-ტანიანი დანები, სალესი ქვები, კვირისტავები და სხვ. სამარხებში აღმოჩნდა 7 მონეტა: პართული, ფრაატ III-ისა (ძვ. წ. 70-57), ოროდ I-ის დრამა (ძვ. წ. 57-37), მარკუს ანტონიუსის დინარი (ძვ. წ. 31), ოქტავიანე ავგუსტუსის 2 ცალი დინარი (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14), გოტარზეს ვერცხლის დრაქმა (40-51), ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი (II-III სს). სამაროვანი თარიღდება I-VIII სს-ით (გაგლოევი 1984: 86; ტეხოვი 1987: 6). განათხარი მასალა ინახება ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ჯავაში, თანდილაანთ უბანში შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის მქონე კოშკი, რომელსაც შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან (ჩრდილოეთის კედლის სიგანე 7 მ, აღმოსავლეთი კედლის სიგანე 5,5 მ). კოშკი დაზიანებულია. შემორჩენილია 2 სართული (მეგრელიძე 1984: 252).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |