ჯა ჯი ჯო ჯუ
ჯუა ჯუმ

ჯუმათი

ეკლესია (ქც 4: 790,4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 790,4), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 442, 471; 1967: 520, 607; საქ. სიძ. 1910: 521; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481, 482; 1977: 454, 506, 723, 736), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 129, 311, 313).

მდებარეობს ოზურგეთის მუნიც-ში, მდ. სუფსის მარჯვენა მხარეს, ახლანდელი სოფ. ჯუმათის ადგილას.

ჯუმათის ეკლესიის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი, მჭურეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა ... ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“ (ქც 4: 790,4-8).

XV ს-ში ჯუმათი გურიელ ეპისკოპოსთა რეზიდენცია იყო (თავაძე 1967: 64). 1777 წ. გიორგი IV გურიელმა ჯუმათში აღადგინა საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც მანამდე შემოქმედში იყო გადატანილი.

1991-1994 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გურიის ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. სადრაძე) დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა სოფ. ჯუმათის მიდამოებში, სადაც გამოვლინდა ელინისტური ხანის ნამოსახლარისა და სამაროვნის ნაშთები; შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები და სამაროვანი (სადრაძე, გოგუაძე ... 1996: 225).

სოფ. ჯუმათიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი კოლხური მონეტების განძი, რომელთაგან ერთი მონეტა მოხვდა ერმიტაჟში, ერთი კი საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში. მონეტებზე გამოსახული იყო ბერძნული ასოები. მონეტების დაბალი სინჯი და მათზე ამოკვეთილი ასოები მიუთითებენ მათ გვიანდელ ემისიაზე – ძვ. წ. IV ს-ის დასასრულზე მაინც (დუნდუა 1996: 100, 101).

ჯუმათის წმინდა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესია წერილობით წყაროებში პირველად XVII ს-ის დასაწყისში იხსენიება (ქრონიკები 1897: 442). ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ეკვდერი, დასავლეთიდან – კარიბჭე. ინტერიერი მოხატული ყოფილა. მოგვიანებით მოხატულობის ზედა ნაწილი შეუთეთრებიათ. შემორჩენილია რამდენიმე გამოსახულებისა და წარწერის ფრაგმენტი. ეკლესიის იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული (ბაქრაძე 1987: 215, 218). ჯუმათის ეკლესიაში ესვენა არაერთი ძვირფასი ხატი, რომელთა ნაწილი XIX ს-ის 80-იან წლებში დაიკარგა. გადარჩენილი ხატები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 19; 1987: 215, 218, 223, 224; ბერძენიშვილი 1971: 121, 122; გიულდენშტედტი 1962: 129, 311, 313; დუნდუა 1996: 100-117; თავაძე 1967: 62-66; კაკაბაძე 1967: 296; კონდაკოვი 1890: 102-110; სადრაძე გოგუაძე ... 1996: 217-225; საქ. სიძ. 1910: 521; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481, 482; 1977: 454, 506, 723, 736; ქრონიკები 1897: 442, 471; 1967: 520, 607; ქც 4: 790,4; ყაუხჩიშვილი 1951: 64.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9