ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბარალეთი 

ქალაქი (ქც 4: 670,22,23).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 670,22,23), XVII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 506; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 37), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 232), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 273-277).

მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, ახალქალაქიდან 16 კმ-ის დაშორებით, მდ. ბარალეთის მარცხენა მხარეს, თანამედროვე სოფ. ბარალეთის ტერიტორიაზე.

ვახუშტი ბაგრატიონი ბარალეთის შესახებ გადმოგვცემს: „წუნდას ზეით ჯავახეთის მტკუარს მიერთვის ჩდილოდამ ბარალეთის მდინარე ... ამ წყალზედ მტკურის შესართავის ზეით, არს ბარალეთი, მცირე ქალაქი“ (ქც 4: 670,22,23). ბარალეთი XVI ს-ში ხერთვისის ლივაში შედიოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 243). ბარალეთი წარმოადგენდა უგალავნო, უციხო, გაუმაგრებელ ე. წ. მცირე ქალაქს, რომელიც აღმოცენდა XI-XII სს-ში, როგორც სავაჭრო-ხელოსნური ცენტრი (ბერძენიშვილი 1964: 144-145; მესხია 1986: 293). 1687 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ ამილახვრიშვილმა აოხრებული სოფელი ბარალეთი ახლად ააშენა (ქრონიკები 1897: 506; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 37). XVIII ს-ის 30-50-იან წლებში ლეკებმა ბარალეთი დაარბიეს და იქიდან დიდი ნადავლი წაიღეს (ორბელიანი 1981: 232). XVIII ს-ში ბარალეთი მოიხსენიება თერთმეტ მცირე ქალაქთა შორის (ქც 4: 670,22,23; მესხია 1986: 293). XIX ს-ში ბარალეთი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს (ბერძენიშვილი 1985: 116). ის „ბარალისის“ სახელითაც იყო ცნობილი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 273, 274). ბარალეთის ქალაქობისდროინდელი სავარაუდო სახელებია: „სახდელო“, „გელაზ“ და „საყარაულო“ (ბერძენიშვილი 1985: 116).

XII ს-ში გზა ჯავახეთიდან შიდა ქართლში ბარალეთის გავლით გადიოდა (ბერძენიშვილი 1966: 100). XIV ს-ში კოხტასთავიდან თრიალეთისკენ მიმავალი გზა ამ ქალაქს გაივლიდა (ბერძენიშვილი 1966: 99). XVIII ს-ის პირველ ნახევარში თურქეთის, ირანისა და ამიერკავკასიის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა ბარალეთი, რომელიც მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა (სინ 1973: 494).

ბარალეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1968 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო რაზმის მიერ (ხელმძღ. ო. ღამბაშიძე) ბარალეთის „ნაცარგორაზე“ აიკრიფა ზედაპირული მასალა: კერამიკა, ბრინჯაოს დისკოსებრი საკიდი და სხვა (ღამბაშიძე 1969: 18; ღამბაშიძე, კვიჟინაძე 1981: 62).

1993 წ. სოფ. ბარალეთის ნამოსახლარ „ამაღლებაზე“ ჩატარდა საქართველო-აშშ-ის ერთობლივი ექსპედიციის (ხელმძღ. ზ. ქიქოძე, ფ. კოლი) სადაზვერვო სამუშაოები. ნამოსახლარზე გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის შავი და მოწაბლისფრო პრიალა პირმოყრილი ჯამები და ყურიანი ქოთნების ფრაგმენტები – შემკული ნაკაწრი სამკუთხედებით, სპირალური ორნამენტითა და სხვ. იქვე გამოვლინდა თიხის კერისა და სარქველის ფრაგმენტები, ცულის ყალიბის ნატეხი, ბრინჯაოს ოთხწახნაგა ისრისპირი და სხვა (ქიქოძე ... 1998: 42).

ბარალეთში ორი ეკლესიაა, ქართული და სომხური. ქართული ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. მოგვიანებით ეკლესია გადაუკეთებიათ. მის აღმოსავლეთ კედელში ჩადგმულია ქვა ასომთავრული წარწერით: „აღაშენა ეკლესია ესე მათ ჟამთა შინა ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა ...“ (როსტომოვი 1898: 40; ცისკარიშვილი 1959: 52). ეკლესიის აღმოსავლეთ კედელთან მდებარე საფლავის ქვის მხედრული წარწერა იხსენიებს პეტრე ხმალაძეს, რომელიც მაჰმადიანებისაგან იცავდა ეკლესიას (როსტომოვი 1898: 41).

სოფ. ბარალეთში შემორჩენილია სამლოცველო – კვარცხლბეკზე მდგარი „ჯვარი“. მსგავსი ჯვრები X-XI სს-ის შემდეგ აღარ გვხვდება (ბერძენიშივლი 1964: 84).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1975: 83, 112, 117, 126, 127; 1985: 100, 104, 116, 125, 127; ბერძენიშვილი 1964: 84, 141, 144, 145, 147, 148, 150; 1966: 69, 98, 100; გვრიტიშვილი 1965: 21; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 243, 267-270, 273, 275, 277-278, 286, 292; იოსელიანი 1850: 34; ლორთქიფანიძე 1935: 274; მაკალათია 1985: 83; მასლები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 37; მესხია 1983: 101, 117; 1986: 169, 293; სინ 1973: 494; ორბელიანი 1981: 232; როსტომოვი 1898: 40, 41, 127; ქრონიკები 1897: 506; ქც 4: 670, 22, 23; ღამბაშიძე 1969: 18-20; ღამბაშიძე კვიჟინაძე 1981: 62; ცისკარიშვილი 1959: 36, 52, 127.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9