ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნაქულბაქევი


(ქც 4: 339,10,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 339,10,23), XIV, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 195; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 191, 264, 987; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 163; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 156), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 532), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30).

ვახუშტი ბაგრატიონი ნაქულბაქევის შესახებ გადმოგვცემს: „სამხრით არს ველი დიდი დიღმისა ... ნაქულბაქევს ზეით არს დევისნამუხლი – კლდე გაჭრილი გზად“ (ქც 4: 339,8-10).

ლოკალიზდება მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სადგურ ზაჰესის გაღმა, დიღმის მინდვრის დასასრულს, შემაღლებულ ზეგანზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XIV ს-ში. XIV-XVI სს-ში სოფ. ნაქულბაქევი იყო მცხეთის საეკლესიო მამული (ქრონიკები 1897: 195; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176). ნაქულბაქევს შეწერილი ჰქონდა გზის გადასახადი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 532). XVIII ს-ში ნაქულბაქევი თბილისის კუთვნილ სოფლად ითვლებოდა (ბაგრატიონი 1986: 30). 1789 წ. ნაქულბაქევის მოურავად სახლთუხუცესი ამილბარ მაღალაძეა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 987). 1784 წ. ერეკლე II (1744-1798) ნაქულბაქევთან შეეგება რუსეთის გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 156). სახელწოდება „ნაქულბაქევი“ სავაჭრო პუნქტის არსებობაზე მიუთითებს (აფაქიძე 1963: 40). ნაქულბაქევი მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობდა: თბილისიდან გორისაკენ მიმავალი გზა გაივლიდა დიღმის კარს, დიღმის ველს, ნაქულბაქევს, დევისნამუხლარს, მუხათგვერდს ... (ბერძენიშვილი 1966: 18).

1937 წ. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ნაქულბაქევის მიდამოებში. 1941 წ. ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზის რაზმმა (ხელმძღ. ა. აფაქიძე) დაზვერა ნაქულბაქევის მიდამოები (აფაქიძე ... 1958: 9, 12).

ამ მიდამოებში, ზემო ავჭალის ახალი ხიდის მახლობლად, სამხედრო გზის გაფართოებისას, 1867 წ. აღმოჩნდა ქვიშაქვის ფილა ახ. წ. 75 წლისა, 17-სტრიქონიანი ბერძნული წარწერით (აფაქიძე 1963: 134). წარწერის აღმოჩენის ადგილის განსაზღვრაზე სხვადასხვა მოსაზრებებია (ბართოლომეი 1869: 5; ბაქრაძე 1875: 107; მელიქსეთ-ბეგი 1937ა: 28; აფაქიძე 1963: 131-134). წარწერით ირკვევა, რომ „იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტოსმა ... ტიტე კეისარმა ... იბერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანის და იამასპოის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, და ხალხს, ეს კედლები განუმტკიცეს“ (აფაქიძე 1963: 126, 127). წარწერის თარგმანსა და ინტერპრეტაციაზეც სხვადასხვა მოსაზრებებია (ბართოლომეი 1869: 5; ამირანაშვილი 1928: 193; ჯავახიშვილი 1928: 158; მელიქსეთ-ბეგი 1937ა: 28; ყაუხჩიშვილი 1951: 238; წერეთელი 1958: 19). წარწერა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1938 წ. ნაქულბაქევის მიდამოებში, ზაჰესის ახალი ხიდის თავში აღმოჩნდა 13 მოზრდილი ქვა, რომლებზეც თითო-ოროლა ბერძნული ასო იყო ამოკვეთილი. ეს ქვები, შესაძლოა, „ვესპასიანეს ზღუდის“ – გამაგრებული კედლის ნაწილი იყოს. ცალკეული ასოებით აზრის გამოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა მოხაზულობის მიხედვით, ისინი ვესპასიანეს შემდგომი ეპოქისა უნდა იყოს (ყაუხჩიშვილი 1951: 239, 240). ქვები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1955: 5, 9, 12; აფაქიძე 1963: 126-134; ამირანაშვილი 1927; 1928: 191-196; 1938: 161-174; ბაგრატიონი 1986: 30; ბართოლომეი 1869: 5; ბაქრაძე 1875: 107; ბერძენიშვილი 1966: 18; ლატიშევი 1904: 103-105; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 163; მელიქსეთ-ბეგი 1937ა: 28; პომიალოვსკი 1881: 66-69; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 156; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 191, 264, 987; 1970ა: 532; ქრონკები 1897: 195; ქც 4: 339,10,23; ყაუხჩიშვილი 1951: 234-240; წერეთელი 1958; ჯავახიშვილი 1928: 158.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9