მაღრაანი, ციხე (ქც 4: 549,18,სქ.3; 599,19; 600,14).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 549,18, სქ. 3; 599,19; 600,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 434,15; 438,20,21), იოანე ბაგრატიონის „სჯულდება“ (ბაგრატიონი 1957: 5, 28, 52), მისივე „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 70), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 347, 375, 450, 451; 1974: 291, 431; 1985: 315; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 72), მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ (თაჰერი 1954: 393), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 110), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 35, 45, 47, 261).
მდებარეობს ახმეტის მუნიც-ში, მდ. ალაზნისა და ილტოს შესართავის მახლობლად, მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ბახტრიონის გორაზე.
ვახუშტი ბაგრატიონი ბახტრიონის შესახებ გადმოგვცემს: „უტოს-ხევის შესართავის პირისპირ, ალაზნის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, არს ციხე ბახტრიონი ანუ მაღრანისა, რომელმან მოიგო სახელი დაბნებთაგან მის გარემოსთა მყოფთა ... ესე ყოფილ არს დიდშენი და მაგარი, გარნა აწ უქმი“ (ქც 4: 549,16-21). XVII ს-ის 50-იან წლებში, შაჰ-აბას II-ის ბრძანებით, ალაზნის ნაპირზე მდებარე პატარა სოფელ ბახტრიონში ციხე აუშენებია ალავერდი-ხანს. ციხე ერთ-ერთი მტკიცე დასაყრდენი იყო კახეთში სპარსთა ბატონობის გასავრცელებლად და აქ ჩამოსახლებული თურქმანული ტომების დასაცავად (ქც 2: 434,15, 438,20,21). 1659 წ. კახელების აჯანყების დროს ბახტრიონის ციხეს, რომელშიც ყიზილბაშთა ჯარი იდგა, თავს დაესხნენ აჯანყებულები. მათ აიღეს ციხე და ამოწყვიტეს იქ მყოფი თათარნი (ქც 4: 600,4-6).
ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. მას სამკუთხა მოყვანილობა უნდა ჰქონოდა. გალავანზე მიშენებული ყოფილა რიყის ქვით ნაგები კოშკები. შემორჩენილია ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკების ფრაგმენტები, მათ შორის აღმოსავლეთის კოშკის ორი სართული. პირველ სართულზე, ჩრდილოეთის მხარეს კარებია, აღმოსავლეთით ნიშები, შუაში ბუხარი, გვერდებზე თითო სათოფურია. მეორე სართულზე ბუხარი და სათოფურებია. ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სარკმლები აღმოსავლეთით და ჩრდილოეთითაა. დარბაზი გადახურულია ერთიანი, ცილინდრული კამარით. ტრაპეზი მარცხენა კუთხეშია მიდგმული. ეკლესია გვიანი შუა საუკუნეებისაა (ზაქარაია 1962ა: 48, 49; 1965: 158-160; 1973: 123, 124).
1960 წ. ზაფხულში ბახტრიონის გორაზე, ხვნის დროს უნახავთ ოთხი მონეტა, რომლებიც ასე განისაზღვრა: ხოსრო II-ის (590-628) სასანური დრაქმა; ომეიანთა დირჰემი, მოჭრილი 710-711 წწ.; აბასიანთა ორი დირჰემი, მოჭრილი 760-761 და 765-766 წწ. შესაძლოა ისინი დიდი განძის ნაწილი იყო (ჯალაღანია 1973: 74, 75; 1979: 41, 53). მონეტები მპოვნელს დარჩა.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1957:5, 28, 52; 1986:72; გიულდენშტედტი 1962: 25, 45, 47, 261; ზაქარაია 1962ა: 48-50; 1965: 158-160; 1973: 123, 124; თაჰერი 1954: 393; კოტინოვი 1980: 58; მუსხელიშვილი 1980: 16, 60, 118; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 72; ქც 2: 434,15, 438,20,21; ქც 4: 549,18,სქ.3; 599,19; 600,14; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 347, 375, 450, 451; 1974: 291, 431; 1985: 315; ცხოვრება ... 1980: 110; ჯალაღანია 1972: 5, 6; 1973: 69-80; 1979: 41, 53.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.