ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბედია

ქალაქი (ქც 1: 5,15; ქც 4: 780,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 5,15; 281,1,5;), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 780,7,8,10,13,16; 794,22; 796,11; 789,1). ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 157, 381), დონ კრისტოფორო დე კასტელის „აღმოსავლეთ იბერიის სამეფოსა და მისი აწინდელი ომების შესახებ“ (კასტელი 1976: 171, 176), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 120, 158), ამბროზო კონტარინის „მოგზაურობა“ (კონტარინი 1894: 45, 49), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 53).

ვახუშტი ბაგრატიონი ბედიის შესახებ გადმოგვცემს: „ეგრისის მდინარესა ზედა, მთასა შინა, არს ეგრი, სადაცა მოვიდა პირველად ეგროს, ძე თარგამოსისა, და აღაშენა ქალაქი ... არამედ ამას შემდგომად უწოდეს ბედია“ (ქც 4: 780,7).

ბედია მდებარეობს გალის მუნიც-ში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ოხოჯის მარჯვენა ნაპირას. მისი ლოკალიზაციის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: სოფ. ეგრი (ბაგრატიონი 1808: 15; ბერაძე 1967: 141); სოფ. შამგონა (კაკაბაძე 1924ბ: 116); სოფ. ბედია (კილანავა 1988: 239).

ბედიის ისტორიის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი კერძოდ: „ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია“ (ქც 1: 5,15). VIII ს-ის მეორე ნახევრიდან XII ს-ის მეორე ნახევრამდე ბედია საბედიანოს საერისთავოს მთავარი ქალაქი იყო. XIV-XVI სს-ში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა (თამარაშვილი 1902: 58; კილანავა 1988: 241). XVII ს-ის პირველ ნახევარში ბედია საეპისკოპოსო ცენტრად გადაიქცა და აქაური ეპისკოპოსები იწოდებოდნენ ბედიელებად (ლამბერტი 1938: 120). XVII-XVIII სს-ში ბედია დაკნინდა.

სოფ. ბედია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად სოფ. ბედიასთან დაფიქსირებულია პალეოლითური ხანის სადგომის ნაშთი (ვორონოვი 1969: 16), ადრებრინჯაოს ხანის დოლმენი (ივაშჩენკო 1935: 14).

სოფ. ბედიაში დგას სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სამრეკლო და სასახლის ნანგრევები. ბედიის ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი აიგო X-XI სს-ის მიჯნაზე, მეფე ბაგრატ III-ის (975-1014) მიერ. დღეს არსებული ნაგებობა XIII-XIV სს-ით თარიღდება. ტაძარს აქვს ნახევარწრიული აფსიდა ერთი სარკმლით. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ტაძრის მხატვრობა X-XIII, XIII-XIV, XIV-XVII სს-შია შესრულებული (შმერლინგი 1949: 25). ნაგებობის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი – ბაგრატ III ეკლესიის მოდელით ხელში და დადიანთა გვარის წარმომადგენლები. ფრესკა XIV-XVII სს-ით თარიღდება. აღმოსავლეთ კედელზე XIV-XVII სს-ის ქართული წარწერაა: „დედოფალთ დედოფალი მარეხ და შვილი მისი ერისთავი და მსახურთუხუცესი დადიანი გიორგი“ (ბროსე 1849: 90-94). ბედიის მონასტრის დასავლეთი კედლის კუთხის ერთ-ერთ ქვაზე მოთავსებული ყოფილა X ს-ის ქართული ასომთავრული წარწერა: „წმიდაო ღ(მრ)თისმშობელო დედაო ღვთისაო. მეოხ ექმენ გალატოზთუხუცესსა სვიმეონს, ამშენებელსა წმიდისა ამის ტაძრისა; სვიმეონსა ამინ“ (ბროსე 1849: 91; პავლინოვი 1893: 26; სილოგავა 1980: 38). ამჟამად წარწერა დაკარგულია. ტაძრის დასავლეთით დგას XIV ს-ის სამრეკლო (ვორონოვი 1978: 134). სამრეკლოს დასავლეთ კედელში ჩასმულია ქვის ფილა, რომელზეც ამოკვეთილია 1293-1327 წწ. სამსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა: „ადიდენ ღ(მერთმა)ნ მეფეთა მეფე კონსტანტ(ი)ნე, ძე დავითისა, ა(მე)ნ“ (ბროსე 1849: 93; ქრონიკები 1897: 179; სილოგავა 1980: 175, 176). სამრეკლოს აღმოსავლეთის შესასვლელის თავზე ჩასმული ყოფილა ფილა XIII ს-ის მეორე ნახევრის ქართული ასომთავრული წარწერით: „ღმერთო, შეიწყალე სული ამის მ(ა)შ(ე)ნ(ე)ბლისა ნ(ი)კ(ოლო)ზ კ(ათალიკო)ზისა და ს(ო)ფრ(ო)ნ ბ(ე)დიელისა გ(ო)ნგლი(ბ)ა(ი)ს ძ(ე)თ(ა)სა შ(ეიწყალე)ნ ღ(მერთმა)ნ“ (ბროსე 1849: 93; სილოგავა 1980: 172, 173). ამჟამად წარწერიანი ფილის ადგილსამყოფელი უცნობია.

ბედიის ტაძარს ეკუთვნოდა ოქროს მთლიანი ფირფიტისაგან ნაჭედი, X-XI სს-ის ბარძიმი (სიმაღლე 12,5 სმ, დმ 14 სმ). ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა: „წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა, ამის ბარძიმისა შემწირველთა. ამინ“. წარწერის ქვემოთ, ბარძიმის გარე ზედაპირი სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით დაყოფილია 12 ნაწილად. თითოეული თაღის ქვეშ გამოსახულია თითო ფიგურა: ღვთისმშობელი ყრმით, ტახტზე მჯდომი ქრისტე და ათი მოციქული; მოგვიანებით ბარძიმის ფეხი დაიკარგა. XVI ს-ში იგი აღადგინა ბედიელმა მიტროპოლიტმა; ბარძიმის ფეხზე ამოკვეთილია ქართული წარწერა: „ყოვლად წმიდაო დედოფალო ვლაქერისა ღვთისმშობელო, შემიწყალე მე ბედიელი მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე, რომელი ღირს ვიქმენ კადრებად შემკობად წმიდისა ამის ბარძიმისასა“ (ბაქრაძე 1875: 23). ბარძიმი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

ბედიელ ეპისკოპოსთა სასახლის ნანგრევები მდებარეობს ტაძრის დასავლეთით. XI-XII სს-ის ორსართულიანი სასახლე ქვისგანაა ნაგები. ქვედა სართულზე განლაგებულია საკურთხეველი და დარბაზი მასიური სვეტებითა და თაღოვანი ჭერით (ვორონოვი 1978: 133, 134). სასახლის შესასვლელის თავზე XI-XII სს-ის ქართული წარწერაა: „ღმერთმა შეუნდოს მიტროპოლიტ ანტონ იოანე ტირესძეს, ამის ამშენებელსა“.

1952-1955 წწ. ჩატარდა ძლიერ დაზიანებული ბედიის ტაძრის რესტავრაცია-კონსერვაცია. გამაგრდა კედლები, თავიდან გადაიხურა ტაძარი. ასევე გამაგრდა სასახლის კედლები.
 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1957; 1971: 242; ბაგრატიონი 1808: 15; ბაქრაძე 1875: 23; ბერაძე 1967: 141; ბერძენიშვილი 1990: 112, 114, 156; ბროსე 1849: 90-94; გიულდენშტედტი 1964: 53; ერმოლაევა 1913; ვორონოვი 1978: 16; თამარაშვილი 1902: 58; ივაშჩენკო 1935: 14; კაკაბაძე 1924ბ: 116; კასტელი 1976: 171, 176; კილანავა 1988: 228-241; კონტარინი 1894: 45, 49; ლამბერტი 1938: 120, 158; პავლინოვი 1893: 26, 29; სევეროვი 1947: 37-40; სილოგავა 1980: 38, 173, 175, 176; ტოლმაჩევსკაია 1931: 17-20; ქც 1: 5,15; 281,1,5; ქც 4: 780,7,8,10,13,16; 794,22; 796,11; 789,1; ქრონიკები 1892: 137; 1897: 179; შარდენი 1975: 157, 381; შმერლინგი 1949: 25; ჩუბინაშვილი 1940: 1-12.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9