ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბეთანია 

მონასტერი (ქც 4: 329,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 33,19; 294,7,სქ.1; 297,23; 329,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 29), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 30; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 12, 35; 1981: 36).

ვახუშტი ბაგრატიონი ბეთანიის შესახებ გადმოგვცემს: „ყოვლად წმიდის მონასტერი ბეთანია, გუმბათიანი, მაგარს ადგილს თამარ მეფის აღშენებული, აწ ხუცის სამარ“ (ქც 4: 239,15,16).

მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, 16 კმ-ის დაშორებით, მდ. ვერეს მარჯვენა ნაპირზე.

სახელწოდება ბეთანია პალესტინური ტოპონიმია, რომელიც ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდთან არის დაკავშირებული (კეკელიძე 1957: 362). XI-XII სს-ში ბეთანია იყო ორბელთა საგვარეულო საძვალე (ორბელიანი 1978: 37; მესხია 1979: 15). XV ს-ის პირველი ნახევრიდან მას ბარათაშვილები ფლობდნენ (ქც 4: 33,19; 297,23). შემდეგ ბეთანია დიდი ხნით მივიწყებული იყო. მხოლოდ XIX ს-ში მიაქციეს მას ყურადღება (გაგარინი 1851: 72).

ბეთანიის ტაძრის სამხრეთით, 3 კმ დაშორებით, სამადლო-ბეთანიის გზის მარცხენა მხარეს გაშლილ ველზე, 1957 წ. მოსწავლეები (პედაგ. გ. ინასარიძე) წააწყდნენ ნახევრად დანგრეულ სამარხებს და ამის შესახებ აცნობეს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს. არქეოლოგიურ რაზმს ი. კიკვიძისა და ლ. ჭილაშვილის შემადგენლობით დაევალა დარღვეული სამარხების შესწავლა. სამაროვანზე გაიწმინდა 11 ქვის სამარხი. მათში ერთი ან რამდენიმე მიცვალებული დაკრძალული იყო ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთით. ხელები ელაგათ მკერდზე ან ბარძაყის ძვლების გასწვრივ. ერთ შემთხვევაში მიცვალებული მეორე მიცვალებულზე იყო დასვენებული. სამარხებში აღმოჩნდა: რკინისა და ბრინჯაოს მშვილდსაკინძები; სარდიონის, მარჯნის, მინის მძივებით თავშემკული ბრინჯაოსა და რკინის საკინძები; მრგვალგანივკვეთიანი, თავებგამსხვილებული რკინის სამაჯურები; ოვალურფარაკიანი რკინისა და ბრინჯაოს ბეჭდების ფრაგმენტები; სამაროვანი თარიღდება VI-IX სს-ით (კიკვიძე, ჭილაშვილი 1961: 97-121). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ბეთანიის ღვთისმშობლის ტაძარი გუმბათიანი ეკლესიაა (21X18მ). შემოსილია თლილი ქვის პერანგით. კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა XIX ს-ის ბოლოს ჩატარებული რესტავრაციის დროინდელია. ტაძარს აქვს ნახევარწრიული აფსიდა და განიერი ბემა. საკურთხევლის გვერდით სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ ზემოთ საიდუმლო ოთახებია. სარკმლები მოჩუქურთმებულია. ტაძარი თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით (ციციშვილი 1955: 65; ბერიძე 1974: 153; ზაქარაია 1981: 9-38; 1990: 56).

ინტერიერში შემონახულია XII-XIII სს-ის მიჯნის ფრესკები. მეფეების: გიორგი III-ის (1156-1184), თამარისა (1184-1207) და გიორგი ლაშას (1207-1222) გამოსახულებები ჩრდილოეთ კედელზეა (ალიბეგაშვილი 1957: 28; 1979: 10-22; გილგენდორფი 1990: 16-20). სამხრეთ კედელზე გამოსახულია დემეტრე I-ის (1125-1156) თანამედროვე ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, ერისთავთ-ერისთავი სუმბატ I დიდი, ორბელი, ტაძრის მოდელით ხელში (მელიქსეთ-ბეგი 1964:319; მესხია 1979: 14, 15; გილგენდორფი 1990: 18).

ბეთანიის ტაძრის დასავლეთით, ათიოდე მეტრზე დგას წმიდა გიორგის დარბაზული ტიპის (6X7მ) ქვათლილებით ნაგები ეკლესია. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი სარკმელია. ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე არსებულ წარწერაში მოხსენიებულია 1177 წ. დამარცხებული და სიკვდილით დასჯილი, გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელის (სუმბატ I დიდის ძე) მეუღლე რუსუდანი. 1196 წლით დათარიღებულ მეორე წარწერაში მოხსენიებულია: სუმბატ ერისთავთ-ერისთავი, მისი ძე ივანე და ივანეს მეუღლე, სომეხთა მეფის, კვირიკეს ასული რუსუდანი. დასავლეთ კედელზე მოთავსებული მესამე წარწერა ეკუთვნის „პატრონ რუსუდანის“ კარის ერთ-ერთ მოხელეს – ეჯიბ წურილაისძეს (სილოგავა 1994: 16, 37, 40).
 
ბიბლიოგრაფია: ალიბეგაშვილი 1957; 1979; ამირანაშვილი 1971: 267-270; ბაგრატიონი 1986: 29; ბერიძე 1974: 153; ბროსე 1854: 295-300; გაგარინი 1851: №72; გილგენდორფი 1990: 16-20; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 30; ზაქარაია 1981: 9-38; 1990: 56; კეკელიძე 1957: 362; კიკვიძე, ჭილაშვილი 1961: 97-121; მელიქსეთ-ბეგი 1964: 319; მესხია 1979: 14, 15; ორბელიანი 1978: 37; სევეროვი 1947: 181; სილოგავა 1994: 16, 37, 40; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 12, 35; 1981: 36; ქც 4: 33,19; 294,7, სქ. 1; 297,23; 329,15; ციციშვილი 1955: 65.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9