ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბელაქანი


(ქც 4: 540,9,19,20, სქ. 3,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 540,9,19,20,სქ.3,4; 543,13), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 252,24; 272,6; 283,21), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 72, 79, 83), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 66, 69), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 83), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 215), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 140), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 277, 401; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 731), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29, 261; 1964: 89).

მდებარეობს ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, ევლახ-ლაგოდეხის გზატკეცილზე, მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკად ბელაქნის წყლის (ბელაქან-ჩაი) ნაპირას. ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში და წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

ადგილი ბელაქანი მოხსენიებულია ჟამთააღმწერელთან (ქც 2: 252,24; 272,6; 283,21). ვახუშტი ბაგრატიონი ახსენებს მხოლოდ ბელაქნის წყალს (ქც 4:540,9,19,20,სქ.3,4; 543,13). ჟამთააღმწერელის გადმოცემით „თათართა განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი, ყოველგან ომითა და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა“ (ქც 2: 252,23,24). ბელაქანში დამკვიდრდა გარეჯიდან წამოსული პიმენ სალოსი, რომელმაც გააქრისტიანა ლეკები (ქც 2: 283,21). განდიდებულმა სადუნ მანკაბერდელმა დიმიტრი მეფისაგან (1271-1289) მიიღო თელავი და ბელაქანი (ქც 2: 272,6). XVI-XVII სს-ში ბელაქანი კახეთის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. XVII ს-ის ბოლოდან, როცა იქ ავარულ ტომთა ჩამოსახლება დაიწო, ბელაქანი თანდათან მოწყდა კახეთს. ბელაქანი იყო ლეკთა თავშეყრის ადგილი კახეთის დასარბევად. 1748-1750 წწ. ქართლ-კახეთის სამეფოს წარმატებებმა ლეკთა წინააღმდეგ შეაშფოთა ჭარ-ბელაქნის ავარული თემები. 1750 წ. ლეკები თავს დაესხნენ ქართლ-კახეთს. ერეკლე II-მ (1744-1798) სასტიკად დაამარცხა ისინი. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით, გავაზიდან 30 მ დაშორებით, ალაზნის შენაკადზე მდებარეობს ბელაქანი, სადაც უკვე აღარ გვხვდებიან ქართველები (გიულდენშტედტი 1962: 29, 261). 1803 წ. მარტში ჭარ-ბელაქანში საქართველო-რუსეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა დაამარცხა ლეკთა ჯარი. ჭარ-ბელაქანი კვლავ დაუბრუნდა საქართველოს (ბერძენიშვილი 1965: 276-278). XVIII-XIX სს-ში ბელაქანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჭარ-ბელაქნის (საინგილოს) პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1830 წ. მისი რუსეთთან შეერთების შემდეგ ბელაქანი ახლადშექმნილ ჭარ-ბელაქნის ოლქში შედის. 1840-1860 წწ. ის მაზრის ცენტრი იყო. 1921 წლიდან ბელაქანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებშია. ბელაქნის გზით საქართველო უკავშირდებოდა დაღესტანს. აქედან დღესაც გადის გზა ხუნზახში (მუსხელიშვილი 1980: 94).

ბელაქანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მის მიდამოებში ყველაზე საყურადღებო ძეგლია მაჭის, ანუ მაწის ციხე-ქალაქი, რომელსაც ადგილობრივი ლეკები ფერიყალას (თამარის ციხეს) ეძახიან. მდებარეობს მაჭის წყალზე, მისი კალაპოტიდან 40-45 მ სიმაღლეზე. მიუდგომელ ციხე-ქალაქს უჭირავს ორმაგი კედლით შემოზღუდული 2 ჰა ფართობი. შიდა ციხეში დგას რიყის ქვით აგებული დარბაზული ტიპის (10X6 მ) ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ციხეში შემორჩენილია ქვით ნაშენი აუზი. მის მახლობლად თლილი ქვით ამოშენებული მიწისქვეშა აკლდამებია. ერთ-ერთი აკლდამის თავზე იდო ქვა ასომთავრული წარწერით, რომელშიც მოხსენიებულია ბაგრატ აფხაზთა მეფე და მის ყმა, კახთა და რანთა მფლობელი აღსართანი. ციხეში იდგა სასახლე, რომელიც ამჟამად დანგრეულია. გვიან იქ მაჭის ერისთავის რეზიდენცია იყო, რომელიც 1431 წ. გაუქმებულა (ედილი 1947: 144-146). ბელაქნიდან 4 კმ დაშორებით, მთის ფერდზე დარვაზკილისა, აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ეკლესიაა (16X10 მ). შესასვლელი სამი მხრიდანაა. მოგვიანებით სამხრეთის და ჩრდილოეთის კარები ამოუქოლავთ. სამხრეთის კარებს მიშენებული ჰქონია კარიბჭე, დასავლეთისას სამრეკლო. ეკლესიას ირგვლივ ქვის გალავანი ერტყა. ეკლესიის მახლობლად ნასახლარებია. სოფ. ბელაქნის ბოლოში, სახნავ მამულებში დგას ეკლესია ნურქილისა (20X14 მ). აგებულია რიყის ქვით. შიგნიდან შელესილი ყოფილა. კარი დასავლეთის კედელშია. იქვეა მიშენებული სამრეკლო. გუმბათს აქვს 8 სარკმელი.

შუა სოფელში, ხუბარის გორაკზე მდგარი მცირე ეკლესიიდან საძირკველიღაა შემორჩენილი. მის ირგვლივ სამარხებია, რომელთა ნაწილს ემჩნევა ასომთავრული და მხედრული წარწერები (ასომთავრულით – „ქრისტე მოიხსენე სული ბირთველისა, ესე ქვა მისი არს“). ადგილი წმინდადაა გამოცხადებული.

ხუბარიდან 1 კმ-ის დაშორებით, შიმბათის ხევში დგას ეკლესია შიმშათ-კილისა (16X10მ) (შიმშათ-ჭანდარი. იქ ბევრია ჭადრის ხე). ნაგებია რიყის ქვით. კარი სამხრეთ კედელშია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა.

მოკარ-კილისა (ფართობი 80 კვმ) მდებარეობს ბელაქნის წყლის ნაპირას. იქ ყოფილა ეკლესია გალავნით, რომელიც 1863 წ. აჯანყების მოთავეს ჰაჯი მურთაზს დაუნგრევია. გადმოცემით, იქ იყო ლავრა, სადაც პიმენ სალოსი და ანტონ ნაოხრებალი მოღვაწეობდნენ (ედილი 1947: 146-149).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 83; ბაგრატიონი 1983: 66, 69; ბაგრატიონი 1986: 72, 79, 83; ბერძენიშვილი 1964: 242; 1965: 194, 201, 204, 276-278, 297; გვასალია, თოდრია 1971: 23-52; გიულდენშტედტი 1962: 29, 261; 1964: 89; დადიანი 1962: 140; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 277, 401; ედილი 1947: 72, 79, 83, 139, 144-149; პაპუაშვილი 1970; 1972; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 731; ქც 2: 252,24; 272,6; 283,21; ქც 4: 540,9,19,20,სქ.3,4; 543,13; ქრონიკები 1967: 462, 628; ჩანგაშვილი 1970; ცინცაძე 1973: 56-71.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9