ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბელტის ციხე

(ბებრისციხე) (ქც 4: 351,6).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 351,6), ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 367,5), XIV და XVII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 196; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 5; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 40; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 489).

მდებარეობს მცხეთის ჩრდილო გარეუბანში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირის გორაკზე.

ვახუშტი ბაგრატიონი ბელტის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „მცხეთის ჩდილოთ არს ციხე ბელტისა, აღაშენა არდამ ერისთავმან“ (ქც 4: 351,6). გამოთქმულია მოსაზრება სტრაბონის მიერ მოხსენიებულ სევსამორასა და ბელტის ციხის (ბებრისციხის) იგივეობის შესახებ (მელიქისეთ-ბეგი 1917: 13; კაკაბაძე 1924: 12). ციხე პირველად იხსენიება დემეტრე I-ის (1125-1156) გარდაცვალებასთან დაკავშირებით (ქც 1: 367,5). XIV ს-ში ბელტის ციხე სოფელია, რომელიც წარმოადგენდა სვეტიცხოვლის საკათალიკოსო მამულს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 40; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179). XVIII ს-ში ლეკთა ხშირი თავდასხმების დროს ბელტის ციხე სდარაჯობდა ღართისკარიდან მცხეთისაკენ მიმავალ გზას (ბერძენიშვილი 1966: 23). XIX ს-ის მეორე ნახევრიდან ბელტის ციხეს ბებრისციხის სახელით მოიხსენიებენ (ზაქარაია 1973: 51).

ბელტის ციხეზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 1962 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე). 1983 წ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს მიერ ჩატარებული ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) გაითხარა ბელტის ციხესთან გამოვლენილი სამაროვანი.

ბებრისციხის ჩრდილო კოშკთან აღმოჩნდა ქვიშაქვის კვადრებითა და ფლეთილი ქვით ნაგები კედელი, რომელთანაც დადასტურდა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა: 1. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის თიხის ჭურჭლის რამდენიმე ნატეხი; 2. გვიანანტიკური ხანის კრამიტისა და ქვევრების ფრაგმენტები, ხელსაფქვავის ქვები, ძვლის ნივთები, მარგალიტის მძივი და სხვ. 3. გვიანანტიკურიდან ადრე შუა საუკუნეებზე გარდამავალი ხანის თიხის ჭურჭელი; 4. შუა საუკუნეების თიხის ჭურჭელი, კრამიტები ჯვრის გამოსახულებით, თიხის მილებისა და აგურების ნატეხები და სხვა (კალანდაძე 1963: 40, 41). ბებრისციხის დასავლეთ კედლის გასწვრივ, საფუძვლის ქვეშ გამოვლინდა ფლეთილი ქვით ნაგები კედლის წყობის ორი რიგი, რომელზეც ალიზის კედელი იყო ამოყვანილი. იქვე დადასტურდა ანტიკური ხანის წითლად შეღებილი, თხელკეციანი თიხის ჭურჭლისა და შეღებილი კრამიტის ნატეხები (სძა 1990: 242).

ბებრისციხის აღმოსავლეთით, ხევით გამოყოფილ ბორცვზე გაითხარა 216 კვ მ ფართობი, სადაც გამოვლინდა 25 მიწაყრილიანი და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი. მიცვალებულები დაუკრძალავთ გაშოტილნი, თავით სამხრეთ-დასავლეთით. ნივთები აღმოჩნდა მხოლოდ სამ სამარხში (№№1, 10, 16); ესენია: ბრინჯაოს საყურე, სარდიონისა და გამჭვირვალე მინის მძივები (5 ც), ბრინჯაოს მრგვალი ფირფიტები და სასაფეთქლე რგოლი. სამარხები თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით (აფაქიძე ... 1986: 33). სამაროვნის მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.

ბელტის ციხე შედგება ზედა და ქვედა ციხებისაგან (100X60 მ). ზედა – გეგმით სამკუთხედის ფორმისაა. სამივე კუთხეში დგას კოშკები, რომელთაგან სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკის 3 სართულია შემორჩენილი. ჩრდილოეთის კოშკი ოთხკუთხაა. მესამე – აღმოსავლეთის კოშკზე, რომელიც ადრევე დანგრეულა, შემდგომში აუგიათ ცილინდრული ფორმის კოშკი. კოშკები და ციხის კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. წყობა თევზიფხურია. ციხის კედლის სისქე ზოგან 2 მ აღწევს. ზედა ციხეს სამხრეთ-აღმოსავლეთით აკრავს ქვედა ციხე, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთით მდგარი ოთხკუთხა კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ბელტის ციხე თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (ზაქარაია 1973: 50-52).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1986: 31-37; ბერძენიშვილი 1966: 23; ბოხოჩაძე 1969: 20-27; დოკ. საქ. სოც. ისტ 1953: 5; ზაქარაია 1959; 1972: 17-19; 1973: 50-52; 1977: 16-17; კაკაბაძე 1924: 12; კალანდაძე 1963: 37-43; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 40; მელიქსეთ-ბეგი 1917: 13; სძა 1990: 242 ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 489; ქრონიკები 1897: 196. ქც 1: 367,5; ქც 4: 351,6.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9