ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბერთუბანი 

მონასტერი (ქც 1: 210,2; ქც 4: 494,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 210,2), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 494,15), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197, 231, 453; ქართლ-კახეთის ... 1903: 13; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180; 1972: 616; 1981: 318; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 70).

მდებარეობს დავით გარეჯის მონასტრის აღმოსავლეთით, 8-10 კმ-ის დაშორებით. ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში.

ბერთუბნის მონასტერი პირველად იხსენიება VI ს-ში დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების საქმიანობასთან დაკავშირებით (ქც 1: 210,2). მონასტერი აოხრდა XIII ს-ში მონღოლთა შემოსევების შედეგად (ჩუბინაშვილი 1948: 71, 72; ლომინაძე 1966: 16). ბერთუბანი ერქვა მონასტერთან მდებარე სოფელსაც, რომელიც XIV ს-ში წარმოადგენდა საკათალიკოსო მამულს (ქრონიკები 1897: 197, 231, 453; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 18). ალექსანდრე I-მა (1390-1442) სოფ. ბერთუბანი შესწირა სვეტიცხოველს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 71). XVIII ს-ის დასაწყისში გარეჯელ მწიგნობარს გაბრიელ საგინაშვილს განუზრახავს ბერთუბნის მონასტრის აღდგენა, მაგრამ განზრახვა ვერ განუხორციელებია და დომენტი კათოლიკოსის რჩევით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერს დაჰბრუნებია (ლომინაძე 1966: 28).

ბერთუბანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მონასტერი წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულების კომპლექსს, რომელიც ძირითადად ორ სართულზეა განლაგებული. პირველ სართულზე მოთავსებულია ჭის მაგვარი წყალსაცავი, სახატე ნიშა, საძვალე და სენაკები. მეორე სართულზე განლაგებულია სამონასტრო ცენტრი, რომელიც შედგება ეკლესიისაგან, სატრაპეზოსა და მასთან დაკავშირებულ გამოქვაბულთა ჯგუფისაგან.

ბერთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (11,7X6,7 მ). აღმოსავლეთით მიშენებული აქვს ეკვდერი, რომელიც ეკლესიას უკავშირდება ორი კარითა და სარკმლებით. საკურთხეველი გამოყოფილია კანკელით. ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი მოხატულია რელიგიური ხასიათის კომპოზიციებითა და ქტიტორთა – თამარ მეფისა (1184-1207) და ლაშა-გიორგის (1207-1222) გამოსახულებით. მოხატულობა თარიღდება XI-XII სს-ის მიჯნით (ჩუბინაშვილი 1948: 51; ვოლსკაია 1947: 18-20; მელითაური 1960: 115-117; სხირტლაძე 1982: 114-133).

ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარეობს სატრაპეზო და გამოქვაბულთა ჯგუფი. სატრაპეზო გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (13X8,5 მ). შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთითაა. მის ცენტრში გამართულია ქვის ტრაპეზი-მაგიდა (სიმაღლე 0,59 სმ, სიგანე 0,66 სმ), რომელსაც გაუყვება მერხები, ხოლო თავში მდებარეობს წინამძღვრის ნიში. სატრაპეზოს გვერდით კედლებში ყოველ 55 სმ-ის დაშორებით გამოკვეთილია ნიშები. გვერდითი გრძივი კედლის ცენტრში, მცირე აფსიდაში საკურთხეველია, რომელიც ორი საფეხურითაა გამოყოფილი. ჩრდილო-დასავლეთი კედლის კუთხის ნიშში გამოკვეთილია ავზი, რომელიც წყლით მარაგდებოდა იატაკის ქვეშ გაყვანილი წყალსადენით. სატრაპეზოს მოხატულობა თარიღდება XII-XIII სს-ით (ჩუბინაშვილი 1948: 51-60; ვოლსკაია 1947: 147-152; მელითაური 1960: 115-120). მოხატულობას ახლავს განმარტებითი ქართული ასომთავრული წარწერები. ეკლესიის ჩრდილოეთი კედელის ფრესკებზე წარწერებია: „თამარ მეფეთ მეფე“, „გიორგი მეფეთ მეფე ძე თამარისი“. სატრაპეზოში წინამძღვრის ნიშის მარცხნივ რელიგიური ხასიათის წარწერაა (ბარნაველი 1962: 46, 47). ამგვარი რამდენიმე ბერძნული წარწერა გვხვდება ეკლესიის საკურთხევლის კონქში და სატრაპეზოში – წინამძღვრის ნიშში. წარწერები თარიღდება XIII ს-ის პირველი მეოთხედით (ყაუხჩიშვილი 2000: 301, 302). ეკლესიაში შემორჩენილია XVII ს-ის ამოკაწრული რელიგიური სახიათის წარწერები ქართულ და სომხურ ენებზე (მელიქსეთ-ბეგი 1940: 174; ბარნაველი 1962: 46).
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1962: 46, 47; ვოლსკაია 1947: 18-20; 1988: 130-155; ლომინაძე 1966: 16, 28; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41; მელითაური 1960: 115-120; მელიქსეთ-ბეგი 1940: 153-174; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 70; სხირტლაძე 1982: №2; 1982: №4; 1983: №62-65; ქართლ-კახეთის ... 1903: 13; ქც 1: 210,2; ქც 4: 494,15; ქრონიკები 1897: 197, 231, 453; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180; 1972: 616; 1981: 318; ყაუხჩიშვილი 2000: 301, 302; ჩუბინაშვილი 1948: 45, 51-60, 71, 72.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9