ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბერციხე

ციხე (ქც 4: 360,9).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:360,9).

ვახუშტი ბაგრატიონი ბერციხის შესახებ გადმოგვცემს: „ქარჩოხის დასავლით არს კსანსა ზედა ჟამური ... საშუალს ჟამურსა არს ციხე, ბერციხედ წოდებული, კსანსა ზედა და კლდესა ზედა მდგომარე“ (ქც 4: 360,7-10).

ლოკალიზდება ქსნის ხეობის ზემო წელზე (მაკალათია 1968: 112). მდებარეობს სოფ. თოგოიანის პირდაპირ, მჟავე წყლისა და ქსნის ხერთვისში აღმართულ კლდეზე.

ბერციხე ქსნის საერისთავოს ფარგლებში შედიოდა. მნიშვნელოვან სიმაგრედ ითვლებოდა და ქსნის ხეობას იცავდა ჩრდილოეთი მხრიდან (გვასალია 1983: 77).

ბერციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე აშენებულია მაღალი კლდის თავზე, რომელიც სამი მხრიდან ქარაფებითაა დაცული. ციხეზე მისასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კლდის ზედა ნაწილი დაახლოებით 400 კვ მ ფართობისაა, რომელიც ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და ნაწილობრივ სამხრეთიდან ზღუდის კედლებითაა დაცული. ციხის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილი ზურგიანი კოშკი ნაგებია ქვათლილებით. მის სამხრეთით რამდენიმე ნაგებობაა. იქვეა დარბაზული ტიპის ეკლესიაც. საკურთხევლის 2,5 მ სიმაღლეზე, კუთხეებში ირიბად ქვებია გადებული და იწყება სიმრგვალე, რომელზეც კონქის ნანგრევებია შემორჩენილი. საკურთხევლის ქვეშ სარდაფია. მასში რამდენიმე ქვევრია ჩადგმული. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ვიწრო სარკმელია. ციხის ტერიტორიაზე სხვა ნაგებობათა ნანგრევებიც შეინიშნება. ბერციხე, ეკლესიისა და კოშკის მიხედვით, ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება (გვასალია 1967: 29).
 
ბიბლიოგრაფია: გვასალია 1967: 29; 1983: 77; მაკალათია 1968: 112; ქც 4: 360,9.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9