ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბეყჩო

ციხე (ქც 4: 363,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 363,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 444,6; 449,26), „ძეგლი ერისთავთა“ (ქრონიკები 1897: 60), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 65).

მდებარეობს მდ. პატარა ლიახვის სათავესთან, მდ. ჩაბარუხის ხევისა და მდ. პატარა ლიახვის შესართავში (გვასალია 1976-1977: 21).

ვახუშტი ბაგრატიონი ბეყჩოს ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ხევი ჩაბარუხეთისა ... ერთვის ლიახვს დასავლიდამ. ამ ლიახვის შესართავს, ორსავ წყალს შუა, არს ციხე ბეყჩოსი. ამ ციხეს ზეით არს ქნოღო სამ ხეობად“ (ქც 4: 363,2-5).

XIV ს-ის დასაწყისში ბეყჩოს ციხე მეფე ვახტანგ III-მ (1302-1308) უწყალობა შალვა ქვენიფნეველს (ქც 2: 444,6). თემურ ლენგის ლაშქრობების დროს ციხე ქსნის ერისთავ გირშელს ეკუთვნოდა და იქ თავს აფარებდა კათოლიკოსი ელიოზი (ქრონიკები 1897: 15, 16). გვიან შუა საუკუნეებში ციხე პატარა ლაიხვის სათავეების, კერძოდ, ქნოღოს თემის ცენტრი ყოფილა (გვასალია 1982: 50). წყაროებში ციხე ბეხუშე-ბეხუშის სახელითაც მოიხსენიება (ქც 2: 444,6, 449,26).

ბეყჩოს ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე დგას მაღალ კლდეზე (ფართობი 1150 კვმ). ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე (კედლების სისქე 1-1,5 მ). გალავნის კედელს ოთხი ბურჯი აქვს. აქედან დასავლეთის ერთი და ჩრდილოეთის ორი ბურჯი ნახევარწრიულია. სამხრეთისა სწორკუთხაა. რელიეფის გამო გალავნის კედლებს სწორი კონფიგურაცია არა აქვს. თუმცა, გეგმა სწორკუთხედს უახლოვდება. ციხის ფართობი განივი კედლით ორადაა გაყოფილი. ნაგებობის დასავლეთით, ჩაბარუხის ხევში, სამი ზურგიანი კოშკია. ხოლო ჩრდილოეთით, 2 კმ დაშორებით, ადგილ ლაჭაურში კიდევ სამი კოშკია. ერთი ზურგიანი, ორი მართკუთხა. კოშკები ციხესთან ერთად თავდაცვითი სისტემის ერთიან ჯაჭვს შეადგენს და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება (გვასალია 1983: 69).
 
ბიბლიოგაფია: გვასალია 1967: 47-48; 1976-1977: 21; 1982: 50; 1983: 69; გიულდენშტედტი 1964: 65; მაკალათია 1971: 60; ქრონიკბი 1897: 15, 16, 60; ქც 2: 444,6, 449,26; ქც 4: 363,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9