(ქც 4: 214,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 214,23; 349, სქ. 2; 516,15; 548,20, სქ. 4; 549,1,8; 568,29; 580,2, სქ. 1; 583,13; 602,7,8; 616,21; 618,22; 630,28), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 264,15, სქ. 3), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1:364,2,12), „ჟამთააღმწერელი“ (ქც 2: 231,4; 5,18), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 367,23; 393,5; 434,14; 438,21; 487,21,31), ცხოვრება იოსებ ალავერდელისა (ცხოვრება ... 1968: 405), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 53), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ (არჩილი 1989: 399, 545), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 57, 88, 179, 238), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 48), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 243, 245), ბესარიონ ორბელიშვილის „შესხმა ... ბიძინასი, შალვასი, ელისბარისი“ (ორბელიშვილი 1989ა: 52, 54), გრიგოლ დოდორქელის „წამებაი ქეთევანისი“ (დოდორქელი 1989: 11, 32,), ისტორიული დოკუმენტები (საეკლესიო გუჯრები 1881: 13, 14, 15, 16, 19; ქრონიკები 1892: 31, 139, 148, 149, 190, 270; 1897: 117, 348, 408, 417, 481, 492, 517; 1967: 46, 69, 80, 94, 170, 171, 179, 180, 195, 209, 369, 571, 618, 626, 632; ქართლ-კახეთის ... 1903: 22, 249; საბუთები 1947: 320; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 211, 367, 395, 396; 1977: 13, 14; 1981: 660, 806, 807; 1985: 257, 337, 466, 475), რუსი ელჩებისა და მოგზაურების ჩანაწერები (მიშეცკი 1935: 51, 52; რუსეთის დაახლოება კავკასიასთან 1889: 124, 156, 157, 170, 201, 382, 464, 475; მასალები ... 1937: 256, 258-259, 261, 274, 281, 289, 359-360, 419), ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები (ქართულ სპარსული ... 1955: 158, 388), ალ-მულუქის ცნობები საქართველოს შესახებ (ალ-მულუქი 1988: 44), ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ (მუნში 1969: 86, 96).
მდებარეობს ახმეტის მუნიც-ში, ალაზნის ველზე, ქ. თელავიდან 18 კმ-ის დაშორებით.
ალავერდის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „შტორის ხევს ზეით, ალაზნის დასავლით, არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდს და შემდგომად ყრუსა უწოდეს ალავერდი“ (ქც 4: 548,20-22, 549,1).
ალავერდში სამონასტრო კომპლექსი VI ს-ში დააარსა იოსებმა, წმიდა ასურელმა მამამ (ცხოვრება ... 1968: 405). შესაძლოა აქ ძველთაგანვე იყო წარმართული სამლოცველო (ბერიძე 1974: 136). წმინდა გიორგის დიდი საეპისკოპოსო ტაძარი აგებულია XI ს-ის პირველ მეოთხედში, კახთა მეფის, კვირიკეს დროს. 1476-1495 წწ. ეკლესია ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. კახთა მეფე ალექსანდრემ (1476-1511), მისმა დედამ, ნესტან-დარეჯანმა და მეუღლე ანამ ააშენეს დანგრეული კედლების ნაწილები და აღადგინეს გუმბათის ყელი. 1742 წ. ეკლესია კვლავ მიწისძვრამ დააზიანა. მისი შეკეთება 1750 წ. დაიწყო თეიმურაზ II-ის მეუღლემ, დედოფალმა თამარმა. ტაძრის შეკეთება დაამთავრა ერეკლე II-ის (1744-1798) მეუღლემ, დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა.
ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესია დღესაც კახეთის საეპისკოპოსო ტაძარია. შუა საუკუნეების ალავერდში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი საეკლესიო პირები: მთავარეპისკოპოსი სვიმონ ჭყონდიდელი, იგივე ბედიელ-ალავერდელი (ქც 1: 345,20), ეპისკოპოსები ნიკოლოზი და იოსები (ქც 4: 609,23; 615,1,22; 617,1; 624,21). ალავერდის ტაძარში იკრძალებოდნენ კახეთის მეფეები (ქც 2: 367,23; 487,31; 512,1). 1624 წ. 5 იანვარს ალავერდის ტაძარი გაძარცვა და შემუსრა შაჰ-აბასის ჯარმა (ქც 2: 393,5). შაჰ-აბასმა აქ ჩამოასახლა თათართა ტომები, რომლებმაც მონასტერი ციხედ და ალავერდის სახანოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქციეს (ქც 2: 434,14, 516,15). 1660 წ. ზაალ არაგვის ერისთავმა, შალვა, ელიზბარ ქსნის ერისთავებმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა კახეთის აჯანყების შედეგად ალავერდი ირანელებისგან გაათავისუფლეს (ქც 2: 438,21).
ალავერდელი ეპისკოპოსი მეექვსე ადგილას იყო მთავარეპისკოპოსთა იერარქიულ სიაში. მეფეები და მემამულეები დიდ საბოძვარს სწირავდნენ ტაძარს (საეკლესიო გუჯრები 1881: 13-16, 19; ქართლ-კახეთის ... 1903: 252-255). ალავერდი ხშირად მეფეთა სამყოფელს წარმოადგენდა. X ს-ში იქ მივიდა სალოცავად აფხაზთა მეფე კონსტანტინე (ქც 1: 264,15). თეიმურაზ I (1606-1648) ალავერდში იღებდა შაჰ-აბას II-ის დესპანებს. აქვე იდგნენ XVII ს-ში რუსი ელჩები (მასალები ... 1937: 256, 258, 259, 261, 274, 281, 289, 359, 360, 419). ალავერდის მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ მწერლები, ხელნაწერთა გადამწერნი და მკაზმავნი: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს), ზებედე მღვდელ-მონაზონი (XVII ს), ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (XVIII ს-ის პირველი ნახევარი), ერეკლე I-ის (1688-1703) ასული მარიამ-მაკრინე, არქიმანდრიტი კირილე (XVIII ს-ის მეორე ნახევარი), იოანე ლარაძე (XIX ს-ის დასაწყისი) (მენაბდე 1962: 341-347).
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მოქცეულია გალავანში. თავდაპირველად ის მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII სს-ში აქ დაარსდა დედათა მონასტერიც. ალავერდის გალავნის ფარგლებში აგებულია წმიდა გიორგის საეპისკოპოსო ტაძარი; XVII ს-ის ფეიქარ-ხანის (შაჰ-აბასის ნაცვალი კახეთში 1616-1623 წწ.) სასახლე, აგურის რვაკუთხა ნაგებობა, მასზე დაშენებული დაბალი, ოთხკუთხა შენობა და ყაზარმა. ამავე პერიოდში უნდა იყოს ნაგები სატრაპეზო და მარანი. გალავანიც XVII ს-ით თარიღდება. გეგმით უსწორმასწორო მოხაზულობისაა და ცილინდრული კოშკებით არის გამაგრებული. გალავანში შემორჩენილია აგრეთვე სამსართულიანი პალატი, სამრეკლო და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. გალავნის გარეთ გვიანი შუა საუკუნეების აბანოს შენობაა (ბერიძე 1974: 136).
ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს ტრიკონქს. ის გუმბათიანი ნაგებობაა. გემაში წაგრძელებული ჯვარია, რომლის სამი მკლავი აფსიდებით არის დაბოლოებული (ზომები: 41,7X26,4მ, სიმაღლე 50 მ-მდე). დასავლეთის წაგრძელებული მკლავი წყვილი სვეტით სამ ნავად არის გაყოფილი. აღმოსავლეთის აფსიდი სამნაწილიანია. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი, რომელიც ოთხ მაღალ სვეტს ეყრდნობა. ტაძარს სამი მხრიდან ეკვროდა გარსშემოსავლელი, რომელიც XIX ს-ში მოუნგრევიათ. დარჩენილია მისი დასავლეთი ნაწილი. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ტაძრის ფასადები გაფორმებულია თაღებითა და ნიშებით. აღმოსავლეთი ფასადი ხუთთაღიანი კომპოზიციითაა შემკული. ალავერდის ტაძარი გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებული იყო ნასვრეტებიანი ტუფის ე. წ. შირიმის ქვის ფილებით. XV ს-ში აღდგენილი ნაწილები – გუმბათის ყელი და კედლები აგებულია აგურით. XIX ს-ში ეკლესია შიგნიდან და გარედან შეათეთრეს.
1967 წ. რესტავრაციის შედეგად აღმოჩნდა ძველი მხატვრობის ნაწილების რამდენიმე ფენა. შემორჩენილია მეფეთა პორტრეტები და წმინდანთა გამოსახულებანი. წარწერების ფრაგმენტულობის გამო საერო პირთა პორტრეტების ზუსტი იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. უადრესი ფრესკები XI ს-ს განეკუთვნება. სამხრეთის მკლავის კედლებზე XV-XVI სს-ის, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII სს-ის ფრესკებია (ბერიძე 1974: 53-57, 134-136; ვირსალაძე 1967: 9-10, 16-17; ჩუბინაშვილი 1959: 367-404).
ალავერდის ეკლესიაში ინახებოდა მრავალი ძვირფასი ხატი. ალავერდის წმიდა გიორგის ხატი დიდი გავლენით სარგებლობდა და განთქმული იყო სასწაულმოქმედებით (ქც 2: 231,4,5,18; ქც 4: 214,23). ის ოქროთი შეუმოსავს კონსტანტინე კახთა მეფეს (ქც 1: 264,15, სქ. 3; ქც 4: 798,21). ალავერდის ეკლესიის დღემდე გადარჩენილი ოქროსა და ვერცხლის ჭედური ხატები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
1991 წ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ ალავერდის ტაძრის ინტერიერში ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები (ხელმძღ. ბ. მჭედლიშვილი). ტაძრის იატაკის ქვეშ, 30-40 სმ სისქის ნაშალი ფენის ქვემოთ აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი დიდი ნაგებობის ნაშთი, რომელიც თავის მხრივ დაშენებულია უფრო ძველი შენობის კედლებზე. ზედა ნაგებობის კედლები (სიგანე 2-2,2 მ) ნაშენია ფლეთილი და რიყის ქვებით კირხსნარზე. შენობის სიგრძეა 46 მ. მისი დანიშნულების გარკვევა ვერ ხერხდება. მთლიანად გამოვლინდა ამ ნაგებობის სამხრეთი მხარე, ნაწილობრივ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ცენტრალური ნაწილი. შენობის ჩრდილოეთი კედელი დღეს არსებული ტაძრის ჩრდილო კედლის გარეთ ეზოში უნდა მდებარეობდეს.
ქვედა შენობის კედლები (სიგანე 2 მ) ნაგებია რიყის ქვით ტალახზე. ნაგებობის კედლის სიგრძეა 56 მ. მწირი ინფორმაციის გამო შენობის გეგმარება და მისი დანიშნულება ბოლომდე გაურკვეველია. გათხრებისას ძირითადად კერამიკა აღმოჩნდა. ესაა IV-X სს-თვის დამახასიათებელი ნაპრიალებზედაპირიანი მოწითალო ფერის კერამიკა.
ტაძრის ინტერიერში გამოვლინდა 15 სამარხი. აქედან 6 ქვისაა, 3 ორმოსამარხი, 4 აგურითაა ნაშენი და გადახურულია ქვიშაქვის თხელი ფილებით. ყველა სამარხი ქრისტიანულია. მათ შორის რამდენიმე საოჯახო და საგვარეულო საძვალეა. მხოლოდ ერთ მათგანში აღმოჩნდა ნივთი – მოჭიქული სამარილე. სამარხები თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით. წარწერიანი სამარხი ქვებით დგინდება, რომ ტაძარში კრძალავდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს. მაგ., აქ დაუკრძალავთ თეიმურაზ მეფის რძალი, ბატონიშვილ დავითის თანამეცხედრე, ეპისკოპოსი პიროსი და სხვა (მჭედლიშვილი, გოცაძე 1995: 213-216). განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1969-1971 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) სოფ. ალავერდთან შეისწავლა სამაროვანი და სამოსახლო „ალავერდი I“ („შვინდიანი“) და სამოსახლო „ალავერდი II“ (ფიცხელაური ... 1971: 39). სამოსახლო „ალავერდი I“ მდებარეობს სოფ. ალავერდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ის დაშორებით. ფენაში შემორჩენილია 2 სმ სისქის გამომწვარი თიხის იატაკის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა შავპრიალა კერამიკის ნატეხები და კაჟის ნამგლის ჩასართები. ნამოსახლარი თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით (დედაბრიშვილი 1969: 66, 67). „ალავერდი II-ის“ ტერიტორიაზე სამმეტრიანი დანალექების ქვეშ გამოვლინდა შუა ბრინჯაოს ხანის სამაროვანი, რომელიც ზევიდან ედო და ზოგ შემთხვევაში ჭრიდა ადრე ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ფენას. სამაროვანზე ქვისწრეებიანი ორი სამარხის გარშემო განლაგებული იყო სხვა სამარხები. ყველა სამარხი ორმოიანია, მცირე ქვაყრილით, ინჰუმაციური (მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე მოხრილი, თავით დასავლეთით). ერთ შემთხვევაში (ქვისწრიანი სამარხი №2) დადგინდა, რომ მიცვალებულს ახვევდნენ წმინდა ქსოვილში, რომლის კიდეები შეკრული იყო პირამიდალურთავიანი ბრინჯაოს საკინძებით. №1 ქვისწრიან სამარხში მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩნდა. სამარხს ჰქონდა თახჩა, რომელშიც განლაგებული იყო თიხის ათამდე ჭურჭელი. დანარჩენ სამარხებში ინვენტარი ერთფეროვანია – თიხის რამდენიმე ჭურჭელი და იშვიათად სხვა ნივთები (ფიცხელაური ... 1971: 39).
- ბიბლიოგრაფია: ალიბეგაშვილი, საყვარელიძე 1980; ალ-მულუქი 1988: 44; ამირანაშვილი 1950: 158-162; არჩილი 1989: 399, 545; ბაქრაძე 1875: 6, 7; ბერიძე 1974: 136; ბუგიანიშვილი ... 1971:7 8; ბუგიანიშვილი ... 1972: 17, 18; გორგიჯანიძე 1926: 53; დედაბრიშვილი 1969: 66, 67; დოდორქელი 1989: 11, 32; ვირსალაძე 1967: 9, 10; თაყაიშვილი 1907: 87; იოსელიანი 1845: 146-150; მასალები ... 1937: 256, 258, 259, 261, 274, 281, 289, 359, 360, 419; მენაბდე 1962: 335-347; მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 144-147; მუნში 1969: 86, 96; მჭედლიშვილი, გოცაძე 1995: 213-216; ორბელიანი 1981: 57, 88, 179, 238; ორბელიშვილი 1989ა: 52, 54; რუსეთის დაახლოება კავკასიასთან 1889: 124, 156, 157, 170, 201, 382, 464, 475; საბუთები 1947: 320; საეკლესიო გუჯრები 1881: 14-16; ფიცხელაური ... 1971: 39; ქც 1: 264,15, სქ. 3; 364,2,12; ქც 2:231,4;5,18; 367,23; 393,5; 434,14; 438,21; 487,21,31; ქც 4:214,23; 349, სქ. 2; 516,15; 548,20, სქ. 4; 549,1,8; 568,29; 580,2, სქ. 1; 583,13; 602,7,8; 616,21; 618,22; 630,28; ქართლ-კახეთის ... 1903 :22, 249; ქრონიკები 1892: 31, 139, 148, 149, 190, 270; 1897: 117, 348, 408, 417, 481, 492, 517; 1967: 46, 69, 80, 94, 170, 171, 179, 180, 195, 209, 369, 571, 618, 626, 632; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 211, 367, 395, 396; 1977: 13, 14; 1981: 660, 806, 807; 1985: 257, 337, 466, 475; ქართულ-სპარსული ... 1955: 158, 388; ჩუბინაშვილი 1925: 107-127; 1959: 369-404; 1959ა; ჩხეიძე 1913: 48; ცხოვრება ... 1968: 405; ხახანოვი 1898: 8-19; ხერხეულიძე 1913: 243.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.