ბა ბე ბი ბო ბრ
ბიე ბირ ბიჭ ბიჯ

ბიეთი

მონასტერი (ქც 4: 368,7,9,სქ.2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 368,7,9, სქ. 2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32).

ვახუშტი ბაგრატიონი ბიეთის შესახებ გადმოგვცემს: „უსანეთის მთის ... ზეით არს მონასტერი, მეჯვდის მდინარის დასავლეთად, მთის ძირში, ბიეთს მონასტერი კეთილს შუენიერს ადგილს ... უზის ბიეთს წინამძღვარი“ (ქც 4: 368,7-9).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. ბიეთის მახლობლად, მდ. მეჯუდას ზემო წელზე.

ბიეთის მონასტერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ტყიანსა და კლდოვან თხემზე გაშენებული სამონასტრო კომპლექსი ძლიერ დაზიანებულია. შეიცავს IX ს-ით დათარიღებული დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომლის ერთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი ორ სართულად. ეკლესიას აქვს ორი გრძელი მინაშენი. მათგან ერთი ქრონოლოგიურად ეკლესიის თარიღს უახლოვდება, მეორე გვიანი შუა საუკუნეებისაა. ეკლესია ნაშენია ფლეთილი ქვით დუღაბზე. მოპირკეთებულია ქვიშაქვის ფილებით. გვიანდელი მინაშენი აგებულია ქვის უხეში წყობით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე გამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია იოანე ბაკურის ძე ყანჩაელი, აგრეთვე ვაჩე და ბეშქენი, რომლებიც ყანჩაელთა გვარისანი უნდა ყოფილიყვნენ. წარწერა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია სატრაპეზოს ნაშთი და ორ იარუსად გამოკვეთილი გამოქვაბულები (მეფისაშვილი 1963: 29-54; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 34-38).

ამავე სახელწოდების ნასოფლარი არის ისტორიულ სამცხეშიც, ახალციხის მუნიც-ში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 106; 1958: 139, 140; ბოჭორიძე 1992: 35-39). ბიეთის ნასოფლარი მდებარეობს წინაუბნის ხეობაში, ბორჯომ-ახალციხის საავტომობილო გზიდან მეექვსე კმ-ში. ნასოფლარზე შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათიანი ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობები (ბერიძე 1955: 156). ნასოფლარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 32; ბერიძე 1955: 156; ბოჭორიძე 1992: 35-39; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 106; 1958: 139, 140; მეფისაშვილი 1963: 29-54; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 34-38; ქც 4: 368,7,9, სქ. 2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9