ბა ბე ბი ბო ბრ
ბიე ბირ ბიჭ ბიჯ

ბირთვისი

ციხე (ქც 4: 326,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 145,14; 273,18; 274,16; 326,17; 327,5; 404,22,26; 435,7; 440,3), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 297,29; 305,8), ბერი ეგანატაშილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 337,9; 364,24; 469,24,25; 506,8), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 70, 127, 137, 140, 144, 156, 158, 197, 210, 233), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 129,19), ისქანდერ მუნშის „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“ (მუნში 1969: 16), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 67, 79, 239).

ვახუშტი ბაგრატიონი ბირთვისის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ბუჟღულეთს ქუეით იწყებს ალგეთი აღმოსავლეთით დინებასა, და ტბისის უკან, ჩდილოდ კერძ, არს ციხე ბირთვისი, კლდესა ზედა შენი და გარემო კლდითა მოზღუდვილი, ეჯ-ნახევარ ოდენ და შეუალი. დადიან მის შორს წყარონი“ (ქც 4: 326,16-19).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ალგეთის ხეობაში, სოფ. ტბისის ჩრდილოეთით, 2 კმ-ის დაშორებით.

წყაროებში იხსენიება XI ს-იდან, როცა კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს და ქვემო ქართლის სხვა ციხეებთან ერთად ბირთვისის ციხე წაართვეს. XI ს-ის მეორე ნახევარში სულა კალმახელმა ჯავახეთში შეიპყრო განდგომილი ლიპარიტ ბაღვაში, მისი ძე ივანე და ბაგრატ IV-ს (1027-1072) მიჰგვარა. მეფემ მათ სხვა ციხეებთან ერთად ბირთვისიც ჩამოართვა (ჯავახიშვილი 1983: 116, 140, 141, 150; მუსხელიშვილი 1980: 211). XIV ს-ის ბოლოს ბირთვისის ციხე თემურ-ლენგის ლაშქარმა აიღო (ქც 2: 469,24,25). 1541 წ. სპარსეთის შაჰი თამაზი ქართლში შემოიჭრა, თბილისი გადაწვა, ხოლო ყიზილბაშთა მეორე ლაშქარმა ბირთვისის ციხე აიღო. 1625 წ. ქაიხოსრო ბარათაშვილმა ბირთვისის ციხე სპარსელებს გადასცა. 1713 წ. გოსტაშაბიშვილებს ბირთვისში სასახლე ჰქონდათ (ლორთქიფანიძე 1935: 292). აქ გადიოდა თბილისიდან ქვემო ქართლში მიმავალი ერთ-ერთი გზა (ბერძენიშვილი 1966:73).

ბირთვისის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე წარმოადგენს თავდაცვით ნაგებობათა კომპლექსს. მთებით შემოსაზღვრული ქვაბულის შუაში ამოზიდულ კლდეზე დგას მთავარი ციხე. ფერდობზე ამოკვეთილია საფეხურები და მათ ზემოთ შესასვლელი ჩაკეტილია კედლით. აღმოსავლეთის მხრიდან ციხე გამაგრებულია ფლეთილი ქვით ნაგები გალავნით, რომელსაც დატანებული აქვს ნახევარწრიული ბურჯები. კლდის ყველაზე ამაღლებულ ადგილას დგას ორსართულიანი კოშკი. ნაგებია ფლეთილი ქვით. მთავარი ციხის შემომსაზღვრელ მთებს შორის გასასვლელები ჩაკეტილია კედლებით. ამ შემოსაზღვრულ სივრცეში დგას მრავალი საცხოვრებელი ნაგებობა და კოშკი. ციხე თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით (ზაქარაია 1969: 21; ციციშვილი 1979ბ: 7).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 73; გიულდენშტედტი 1962: 67, 79, 239; დადიანი 1962: 129,19; ზაქარაია 1969: 21; ლორთქიფანიძე 1935: 292; მუნში 1969: 16; მუსხელიშვილი 1980: 211; ორბელიანი 1981: 70, 127, 137, 140, 144, 156, 158, 197, 210, 233; ქც 1: 297,29, 305,8; ქც 2: 337,9, 364,24, 469,24,25, 506,8; ქც 4: 145,14; 273,18; 274,16; 326,17; 327,5; 404,22,26; 435,7; 440,3; ციციშვილი 1979ბ: 5-9; ჯავახიშვილი 1983: 116, 140, 141, 150.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9