ბა ბე ბი ბო ბრ
ბიე ბირ ბიჭ ბიჯ

ბიჭვინთა


(ქც 4: 159,25; 784,18,სქ.6,7; 785,6, სქ. 1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“ (ქც 4: 159,25; 784,18, სქ. 6,7; 785,6, სქ. 1), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 215,15; 238,14), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 339,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 493,20,26), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“ (ქც 4: 159,25; 784,18, სქ. 6,7; 785,6, სქ. 1), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 294-297; დას. საქ. საბ. 1921: 89-96; 131-147; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 23; ისტ. დოკ. 1958: 106, 117), სტრაბონის „გეოგრაფია“ (ყაუხჩიშვილი 1957: 120), პლინიუსის „ბუნების ისტორია“ (ლატიშევი 1904: 291, 292), ფლავიუს არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (არიანე 1961: 52), ამიანე მარცელინეს „ისტორია“ (ამიანე მარცელინე 1961: 224); V ს-ის ანონიმი გეოგრაფის „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (არიანე 1961: 91), თეოდორიტე კვირელის „საეკლესიო ისტორია“ (თეოდორიტე კვირელი 1961: 224), ერმია სოზომენეს „საეკლესიო ისტორია“ (ერმია სოზომენე 1961: 242), ზოსიმეს „ახალი ისტორია“ (ზოსიმე 1961: 266-268), პროკოპი კესარიელის „ბრძოლა გუთებთან“ (პროკოპი კესარიელი 1965: 134), „შენობათა შესახებ“ (პროკოპი კესარიელი 1965: 221, 222), იუსტინიანეს „ნოველები“ (იუსტინიანე 1934: 33), VII ს-ის სომეხი ანონიმი გეოგრაფი (სომხ. გეოგ. 1877: 16), თეოფანე ჟამთააღმწერელის თხზულება (თეოფანე ჟამთააღმწერელი 1941: 76), სვიდას „ლექსიკონი“ (სვიდა 1941: 321), იოანე ზონარას თხზულება (ზონარა 1966: 187, 188, 203, 205, 206), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 10), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 145, 171, 321, 325), რაინეგსის „კავკასიის ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა“ (რაინეგსი 1797: 3), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამირკავკასიაში“ (გამბა 1987: 63, 78-81, 105, 109, 316, 317), სპენსერის „მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროების გასწვრივ“ (სპენსერი 1981: 113, 118, 149).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ბიჭვინტის დასავლით დის კაპპეტის მდინარე“ (ქც 4: 785,6).

მდებარეობს აფხაზეთში, ბიჭვინთის კონცხზე, მდ. ბზიფის შესართავის აღმოსავლეთით, ახლანდელი ბიჭვინთის ტერიტორიაზე (დიუბუა დე მონპერე 1937: 112).

წყაროებში იხსენიება სხვადასხვა სახელით: პიტიუნტი (ყაუხჩიშვილი 1957: 120; არიანე 1961: 52; ამიანე მარცელინე 1961: 224); პიტიუსი (სვიდა 1941: 321); პიტიოტა (ქც 1: 238,14); ბიჭვინტა (ქც 1: 339,10; ქც 4: 784,18, 785,6). ბიჭვინტის დაარსების დროის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. IV-III სს (მელიქიშვილი 1959: 243); ძვ. წ. V ს (ბოლტუნოვა 1963: 156); ძვ. წ. II ს (აფაქიძე 1975: 23). ძვ. წ. II ს-ში ბიჭვინტა „უმდიდრესი ქალაქი“ იყო (ყაუხჩიშვილი 1957: 120); ახ. წ. I ს-ის დასაწყისში ქალაქი ჰენიოხებმა გაძარცვეს (კისლინგი 1912: 275). II-III სს-ში რომაელებმა პიტიუნტში მუდმივი გარნიზონი ჩააყენეს (ლორთქიფანიძე, კიღურაძე, თოდუა 1987: 88-92); III ს-ის შუა ხანებში გუთებმა დაანგრიეს. III-IV სს-ში აღდგა. V ს-ში დაქვეითებულია; VI ს-ის 20-იანი წლებიდან ვიდრე VI ს-ის შუა ხანებამდე ბიჭვინტაში ბიზანტიური გარნიზონი იდგა. VII-VIII სს-ში ის ქალაქი და საეკლესიო ცენტრია. XV-XVI სს-ში იქ საეპისკოპოსო კათედრაა. XVII ს-ში მცირე ქალაქი და პატრიარქის რეზიდენციაა (ლამბერტი 1938: 10; მესხია 1983: 240); XVIII ს-ში საეკლესიო ცენტრია.

ნაქალაქარისა და მისი მიდამოების სისტემატურ გათხრებს 1952-1975 წწ. აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა. აფაქიძე). 1975-1989 წწ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ბიჭვინთის ექსპედიცია (ხელძღ. გ. ლორთქიფანიძე).

II-VI სს-ის ნაქალაქარის ტერიტორია (6,5 ჰა) ორი ნაწილისაგან შედგება: კასტელუმისა (2 ჰა) და კანაბესაგან (4,5 ჰა). კასტელუმი კვადრატული გეგმისაა. ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. მშენებლობაში ორი ეტაპი გამოიყოფა. პირველი – II-III სს-ის გალავანი (სისქე 3-3,2 მ) ხასიათდება მონუმენტურობით; მეორე – IV-VI სს-ის გალავანი (სისქე 1,9-2 მ) ნაკლებად მონუმენტური და მასშტაბურია. კასტელუმი გამაგრებულია 15 კოშკით. ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. დასავლეთის ზღუდეს ხუთი სწორკუთხა და კვადრატული კოშკი იცავს.

კანაბე – სამოქალაქო დასახლება, ნახევარწრიული გეგმისაა. მისი გალავანი IV ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება. ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. გამაგრებულია ოთხ, ხუთ და რვაწახნაგოვანი 11 კოშკით. ნაქალაქარის ერთიან საფორტიფიკაციო სისტემაში შედიოდა ინკიტის ტბისა და ლიძავას კოშკები. ისინიც ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. ინკიტის ტბის კოშკი (დმ 5,72 მ). მრგვალი ფორმისაა, ლიძავასი – ოთხკუთხა.

კასტელუმისა და კანაბეს შეერთების ადგილას გამოვლინდა მუხის ძელებისაგან ნაგები ახ. წ. I-II სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობის კვალი (ლორთქიფანიძე 1991: 43); კასტელუმის ცენტრალურ ნაწილში გამოვლენილია პრეტორიუმის შენობა (1000 კვ მ). ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. კვადრატული გეგმისაა. თარიღდება II-III სს-ით (ლექვინაძე 1969: 78); საზოგადოებრივი დანიშნულების მონუმენტური შენობა (240 კვ მ) ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. გეგმით ოთხკუთხაა. იატაკი მოლესილია ჰიდრავლიკური ხსნარით. მას აკრავს მინაშენი (20X3 მ), რომლის იატაკი მოზაიკითაა დაფარული. მოზაიკა III ს-ით თარიღდება. გადარჩენილია თევზის, დელფინისა და ტრიტონის გამოსახულებათა ფრაგმენტები (ჭყონია 1978: 211). მოზაიკურიატაკიანი მინაშენიდან სამხრეთით გამოვლენილია II-III სს-ის სწორკუთხა ნაგებობათა კომპლექსი. იატაკი ჰიდრავლიკური ხსნარითაა მოლესილი. III ს-ის შუა ხანებიდან კომპლექსი რამდენიმე სათავსოდ გაუტიხრავთ. ერთ-ერთი ნაგებობის (12X20 მ) გალერეის მსგავს მინაშენში დაფიქსირებულია მოზაიკური იატაკი. გადარჩენილია სპილოსა და ლომის გამოსახულებათა ფრაგმენტი. მოზაიკიან ნაგებობას ჩრდილოეთით ეკვრის სამეურნეო სათავსების მთელი წყება. ერთ-ერთი მათგანი მარნის დანიშნულებას ასრულებდა.

კასტელუმის ცენტრალურ ნაწილში გამოვლენილია, ასევე ლაზარეთი (ლორთქიფანიძე 1991: 87); ცენტრალური ქუჩა (80X5,5 მ); წყალსადენისა და კოლექტორის სისტემა; ციტადელის კედლის გარეთ, ზღვური კონგლომერატის კვადრებით ნაგები III ს-ის ხუთგანყოფილებიანი (საცეცხლე, გასახდელი, ცივი, თბილი, ცხელი) აბანოა. მას ჩრდილო-დასავლეთით ეკვროდა კარიბჭე – „პორტა პრეტორია“ (სიგანე 2,8 მ). მის ჩრდილო ნაპირას გამოვლინდა ოთხკუთხა შენობა, რომელიც სამორიგეო უნდა ყოფილიყო (ლორთქიფანიძე 1991: 90); საპირისპირო მხარეს კი IV-V სს-ის მრგვალი, ორიარუსიანი, კირის გამოსაწვავი ქურა (1,96X0,8 მ).

კანაბეს სამხრეთ მონაკვეთზე გამოვლენილია სხვადასხვა დროის ორი ეკლესია. პირველი მათგანი (26,2X11,3 მ) ერთნავიანია, ნახევარწრიული აფსიდით. თარიღდება IV ს-ის დასაწყისით (ციციშვილი 1977: 118).

მეორე ეკლესია (28X13,2მ) სამნავიანია. ნაგებია ზღვური კონგლომერატით კირხსნარზე. იატაკი მოზაიკითაა დაფარული. პატარა ფერადი კენჭებით შედგენილია ყვავილების, გეომეტრიული ფიგურების ორნამენტი. მოზაიკის წრეში ძველბერძნული ოთხსტრიქონიანი წარწერაა: „სალოცველად ორელისა და ყოვლისა სახლის მიმართ“ (ყაუხჩიშვილი 1978: 218-230). წარწერის თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: IV ს (მაცულევიჩი 1978: 100, 104); IV-VII სს (ყაუხჩიშვილი 1978: 221). ეკლესიის სანათლავში აღმოჩნდა მოზაიკური იატაკის კიდევ ერთი ფრაგმენტი. გადარჩენილია შადრევნის, ძროხის, ხბოს, ფურის, ნუკრის, ხარ-ირმის გამოსახულებანი. მოზაიკისა და ეკლესიის დათარიღების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული: IV ს (ციციშვილი 1977: 118; მაცულევიჩი 1978: 100-168); IV ს-ის დასაწყისი და V ს-ის მეორე ნახევარი (ლექვინაძე 1970: 192); V ს-ის მეორე ნახევარი (შერვაშიძე 1978: 169-193); IV ს-ის მეორე ნახევარი და V ს-ის დასაწყისი (ოდიშელი 1988: 15); V ს (ხრუშკოვა 1985 :62).

მესამე ეკლესია (28,4X14,6მ) ნაგებია ზღვური კონგლომერატის კვადრებით კირხსნარზე. წყობაში გამოყენებულია აგურის ორი სარტყელი. ეკლესია სამნავიანია, ხუთწახნაგა აფსიდითა და ნართექსით. ეკლესიას ათარიღებენ: IV ს-ით (ციციშვილი 1977: 118); IV ს-ის დასასრული-V ს-ის შუა ხანებით (ლექვინაძე 1968: 57; ხრუშკოვა 1985: 63).

მეოთხე ეკლესია ერთნავიანია (17,45X11,6მ). ნაგებია თლილი ქვებისაგან. აქვს სამწახნაგა აფსიდა. თარიღდება VI ს-ის პირველი ნახევრით (ციციშვილი 1977: 118).

ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია: I-II სს-ის კოსის, როდოსისა და იტალიკურ ამფორათა ფრაგმენტები; პერგამონისა და მცირე აზიის ანონიმური ცენტრების წითელლაკიანი ჯამები, თასები; II-III სს-ის მცირეაზიური ცენტრების წითელლაკიანი სუფრის ჭურჭელი, მინის ბალზამარიები, კოჭობები, ხელადები; პერგამონული წითელლაკიანი ჯამები, თასები; სინოპური ამფორები, ლუთერიები, სამოსური ჭრაქები, ჩრდილოშავიზღვისპირული მშვილდსაკინძები; ოქროსა და ვერცხლის საყურეები; ადგილობრივი ამფორის, ქვევრის, დერგის ფრაგმენტები; კრამიტები, თიხის ფილები, აგურები; II ს-ის 2 ბრინჯაოს მედალიონი და ვერცხლისა და სპილენძის 48 მონეტა. ამათგან 25 ტრაპეზუნტშია მოჭრილი, 9 – კაპადოკიის კესარიაში, 7 – რომში, 2 – ბოსფორის სამეფოში, თითო-თითო – ამისოში, აზიის გაურკვეველ ზარაფხანაში და პაუტალიაში. ოთხი მონეტის მოჭრის ადგილი გაურკვეველია (დუნდუა 1975: 290); III ს-ის პირველი ნახევრის ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტები (191 ც); კესარიის (31 ც), ნეოკესარიის (3 ც); სინოპეს (1 ც), ამისოს (11 ც), ქიზიკის (6 ც) მონეტები (დუნდუა 1975: 352, 375). არქეოლოგიურ მასალაში გვხვდება ლათინურენოვანი წარწერა, რომელშიც 223 წ. კონსულები მაქსიმილიანე და აელიანოა ნახსენები. მეორე ლათინურენოვან წარწერაში 152 წ. კონსულები – გლაბრიონე და ჰომული იხსენიება (შპაიდელი, თოდუა 1988: 56, 58); განათხარი არტეფაქტებიდან აღსანიშნავია: III-IV სს-ის ხმელთაშუაზღვისპირეთის წითელლაკიანი თეფშები, ჯამები, მინის ბალზამარიები; კიოლნის მინის ჭურჭელი; მცირეაზიური წითელლაკიანი ჯამები და მინის ბალზამარიები, სინოპური და სამოსური ამფორები, ადგილობრივი ამფორები, ქვევრები, ქოთნები, დერგები; თიხის ფილები, კრამიტები, აგური; IV ს-ის მრგვალი ფორმის, მასიური ბალისტის ბრინჯაოს დეტალი (ბააცი 1988: 59-64); IV ს-ის მონეტები: ანტიოქიის (104 ც), ნიკომედიის (48 ც), ქიზიკის (44 ც), კონსტანტინოპოლის (40 ც), სისციის (13 ც), ალექსანდრიის (11 ც), თესალონიკის (6 ც), ბოსფორის (1 ც) (დუნდუა 1975: 375-410); კირქვაზეა ამოკვეთილი III-IV სს-ის ბერძნულენოვანი წარწერა: „ჩვენი ღვთაების (მეუფის) კეთილდღეობისა და გამარჯვებისათვის“ (შპაიდელი, თოდუა 1988: 58); V-VI სს-ის ხმელთაშუაზღვისპირეთის წითელლაკიანი ჯამები ჯვრის გამოსახულებით; ბიზანტიური ამფორები, მინის ბალზამარიები, საწონები (ლორთქიფანიძე 1991: 106, 107); ადგილობრივი ამფორები; ქვევრები, თიხის ფილები, კრამიტები, აგური; VI ს-ის პირველი ნახევრის მონეტები კონსტანტინოპოლის (86 ც), ანტიოქიის (92 ც), ნიკომედიის (4 ც), კართაგენის (1 ც), თესალონიკის (2 ც). სულ 108 მონეტა (ცუხიშვილი 1987: 12); VIII ს-ის კონსტანტინე აბაზგის შეკიდული ბეჭედი (დუნდუა 1973ა: 73-76).

ბიჭვინთის სამაროვანი მდებარეობს II-VI სს-ის ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთი კუთხიდან 180 მ-ის დაშორებით. მისი ფართობია 3,5 ჰა. გათხრილია რამდენიმე ტიპის 430 სამარხი: ორმოსამარხები, კირხსნარიანი, კრამიტსამარხები, აგურსამარხები, ამფორასამარხები, კონგლომერატის კვადრებით ნაშენი სამარხები, ჭასამარხები. მათი უმრავლესობა ინდივიდუალურია. III-IV სს-ში მიცვალებულები იკრძალებოდნენ გაშოტილ მდგომარეობაში, თავით დასავლეთით ან აღმოსავლეთით. IV-VI სს-ში კანონიკური ქრისტიანული წესით იკრძალებოდნენ. სამარხთა დიდი უმრავლესობა ინვენტარიანია. მათში წარმოდგენილია: მინის სანელსაცხებლეები, ბალზამარიები, ფლაკონები, წითელლაკიანი კოჭობები, ამფორისკები, დოქები, ოქროს საყურეები, გემიანი ბეჭდები, სამაჯურები, საკინძები, გულსაკიდები; ბრინჯაოს, პასტის, ქარვის, გიშრის მძივები, ვერცხლის სამკლაური ტიქე-ფორტუნას გამოსახულებით; მონეტები დადასტურდა 52 სამარხში. სამაროვანზე შემთხვევით აღმოჩნდა IV ს-ით დათარიღებული სამარხის სტელა (ლორთქიფანიძე 1991: 113-161).

მასალები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) და ბიჭვინთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ნაქალაქარიდან სამხრეთით 400-500 მ-ის დაშორებით, 1956-1957 წწ. გამოვლინდა თლილი ქვებისაგან ნაგები ეკლესია (28,5X14 მ). წყობაში გამოყენებულია აგურიც. ეკლესია ორაფსიდიანი მარტირიონია. ეკლესიას ათარიღებენ VI ს-ის პირველი ნახევრით (მიქელაძე 1963: 125-131); VI ს-ის მეორე ნახევრით (ლექვინაძე 1968: 57, 58; ხრუშკოვა 1985: 64).

1980-1981 წწ. ბიჭვინთის დიდი ტაძრის დასავლეთით გამოვლინდა ორი ეკლესია. პირველი ეკლესია (სიგრძე 6,1 მ) ერთნავიანია, ნახევარწრიული აფსიდით. თარიღდება V-VI სს-ით (ლორთქიფანიძე 1991: 30, 31; ხრუშკოვა 1985: 64, 65). ეკლესიაში აღმოჩნდა მარმარილოს პროფილირებული ბაზა და სამი უინვენტარო სამარხი.

მეორე ეკლესია (სიგრძე 17,5 მ) პირველისაგან 40 მ-ის მანძილზე მდებარეობდა. ნაგებია თლილი ქვებისაგან. გეგმით ჯვრისებურია. ეკლესიის აფსიდისა და მის გარეთ აღმოჩნდა ქვა-აგურის უინვენტარო სარკოფაგები. ეკლესია VI-VII სს-ით თარიღდება (ლორთქიფანიძე 1981: 402, 403).

ბიჭვინთის კონცხზე, სოფ. ალაჰაძეში 1970-1971 წწ. გაითხარა თლილი ქვებითა და აგურით ნაგები სამნავიანი ბაზილიკა (50X28 მ). თარიღდება VI ს-ის პირველი ნახევრით (აგრბა 1972: 149-160). VIII ს-ში გადაკეთებულია ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიად (ხრუშკოვა 1985: 66).

ბიჭვინთის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის დიდი ტაძარი, „ვინაცა იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღვთისმშობელისა აღაშენა აფხაზეთსა შინა, ბიჭვინტას“ (ქც 1: 38,14), მდებარეობს კურორტ ბიჭვინთის ცენტრში. ნაგებია თლილი ქვებისაგან. წყობაში გამოყენებულია აგურის სარტყლები. წაგრძელებული ფორმისაა. სამნავიანი, სამი შვერილი აფსიდით. დასავლეთის მხარეს აქვს ნართექსი. თარიღდება X ს-ის ბოლო-XI ს-ის დასაწყისით (ციციშვილი 1955: 93). გადარჩენილია XVI ს-ის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

1935 წ. სოფ. ლიძავაში ბრინჯაოს ცულების განძი აღმოჩნდა. განძი კოლხური ცულების 7 ეგზემპლარისაგან შედგება. თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით (ქორიძე 1965: 35-40). ინახება აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.

1958 წ. მცირე ტაძრის ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ აღმოჩნდა II-III სს-ის სამონეტო განძი. შეიცავს 149 მონეტას. ამათგან 139 II-III სს-ის ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტებია. 18 მონეტა ვერ განისაზღვრა.

1962 წ. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა IV ს-ის სპილენძის მონეტების განძი. შეიცავს 310 მონეტას. ამათგან ანტიოქიისაა 104, ნიკომედიის – 48, ქიზიკის – 44, კონსტანტინეპოლის – 40 ცალი (დუნდუა 1975: 290-329, 375-403).

1961 წ. ციხის ტერიტორიაზე მიაკვლიეს VI ს-ის პირველი ნახევრის სპილენძის მონეტების განძს. შეიცავს 55 მონეტას. მოჭრილია კონსტანტინეპოლში და ეკუთვნის იუსტინიანე I-ს (ცუხიშვილი 1977: 250-304).
 
ბიბლიოგრაფია: აგრბა 1972: 158-174; ამიანე მარცელინე 1961: 224; არიანე 1961: 52, 91; აფაქიძე 1975: 13-123; აძინბა 1958: 40; ბააცი 1988: 59-64; ბაქრაძე 1875: 121; ბალაბანოვი, გაფრინდაშვილი 1965: 150-155; ბაშკიროვი 1926: 3, 23, 41; ბერძენი-შვილი 1963: 107-123; ბოლტუნოვა 1963: 156, 167; ბროსე 1851: 135; გამბა 1987: 63, 78-81, 105, 109, 316, 317; გამყრელიძე 2012: 152-161, 265; გიულდენშტედტი 1962: 145, 171, 321, 325; დას. საქ. საბ. 1921: 89-96; 131-147; დიდი პიტიუნტი 1975; 1977; 1978; დიუბუა დე მონპერე 1937: 112; დუნდუა 1973ა: 73-76; 1975: 280-413; ერმია სოზომენე 1961: 242; ზონარა 1966: 187, 188, 203, 205, 206; ზოსიმე 1961: 266-268; თეოდორიტე კვირელი 1961: 224; თეოფანე ჟამთააღმწერელი 1941: 76; თოდუა 1992; 1992ა: 58-61; 1992ბ: 144-152; 1993: 9-12; 1995: 20, 21; ისტ. დოკ. 1958: 106, 117; იუსტინიანე 1934: 33; ლამბერტი 1938: 10; ლატიშევი 1904: 291, 292; ლექვინაძე 1968: 57, 58; 1970: 174-193; ლორთქიფანიძე 1962: 253-255; 1963: 97-106; ლორთქიფანიძე 1979: 178-185; 1991; ლორთქიფანიძე, აგრბა 1982: 26-31; ლორთქიფანიძე, კიღურაძე, თოდუა 1987: 88-92; ლორთქიფანიძე, თოდუა, კიღურაძე 1990: 63-67; მაცულევიჩი 1978: 100-168; მელიქიშვილი 1959: 243; მესხია 1983: 240; მიქელაძე 1963: 125-131; ოდიშელი 1988: 15; პავლინოვი 1993: 74; პროკოპი კესარიელი 1965: 134, 221, 222; რაინეგსი 1797: 3; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 23; სვიდა 1941: 321; სომხ. გეოგ. 1877: 16; სპეიდელი, თოდუა 1988: 56-58; სპენსერი 1981: 113, 118, 149; უვაროვა 1891; ქც 1: 215,15; 238,14; 339,10; ქც 2: 493,20,26; ქც 4: 159,25; 784,18, სქ. 6,7; 785,6, სქ. 1; ქორიძე 1965: 35-40; ქრონიკები 1897: 294-297; ყაუხჩიშვილი 1957: 120; შერვაშიძე 1978; ციციშვილი1955: 93; 1977; ცუხიშვილი 1977: 250-304; ძერბინი, გამყრელიძე, თოდუა 2012: 49-55; ჭყონია 1978; ხრუშკოვა 1985: 64, 65.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9