ბა ბე ბი ბო ბრ
ბობ ბოგ ბოდ ბოე ბოკ ბოლ ბოჟ ბორ ბოს ბოჭ

ბობნევი, ბობნავი


(ქც 4: 343,17,18,20; 662,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 343,17,18,20; 662,10), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 44; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 604; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 338), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 68).

ვახუშტი ბაგრატიონი ბობნევის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ბობნევს ზეით ერთვის ტანას ღუის ხევი, გამომდინარე საცხენისის მთისა. და ბობნევამდე ხეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი; მას ზეით მთური, ვიწრო და მაგარი, კლდიანი, ტყიანი და ცხელი. კოწახური არს ტყედ. ბობნავს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ციხე კოკანთ-ბერი“ (ქც 4: 343,17-20). „დემოთის ციხის ... ზეით მოერთვის მტკუარს ხევი ბობნევისა, გამომდინარე კოდიანის მთისა“ (ქც 4: 662,10).

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გორიდან 18 კმ-ზე, მდ. ტანას შუაწელზე, მდ. ჯოჯოხეთისხევის შესართავთან, დღევანდელი სოფ. ბობნევის ადგილზე.

ბობნევი, ტანას ხეობაში გამავალ შუა საუკუნეების მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე იყო. X ს-ის მეორე ნახევარში ტანას ხეობას რატი ერისთავი იმორჩილებს. XI ს-ში ხეობა სამეფო დომენია. XV-XVIII სს-ში ტანას ხეობა, სადაც სოფ. ბობნევია ციციშვილების საგვარეულოს ეკუთვნის (გვასალია 1983: 128). გვიან შუა საუკუნეებში სოფ. ბობნევი სამეფო აზნაურის შიოშ სააკაძის მამული და ციხე დარბაზია (აკოფაშვილი 1955: 83, 84). დღეისათვის სააკაძეების ციხე-დარბაზი აღარ შემორჩენილა.

სოფ. ბობნევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1960-1962 წწ. ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის დაზვერვები აწარმოვა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი). ზედაპირულად დაიზვერა გორა, რომელიც ბობნევთან ტანას მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. აქ შეიმჩნევა ფლეთილი ქვით ნაგები კედლის ნაშთები, ნაცრის შემცველი ფენები და კერამიკის ფრაგმენტები. აქედანვე აკრეფილია შავპრიალა ჭურჭლის გვიანი ბრინჯაოს ხანის ნატეხები. აქვე აღმოჩნდა წითლად მოხატული და მოწითალო ფერის კერამიკის ნატეხები, რომლებიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს (ტატიშვილი 1964: 53).

სოფ. ბობნევის სამხრეთით მდ. ტანას ნაპირთან დგას იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია (7,9X5,8მ). მოსახლეობა მას „კოშკების ეკლესიასაც“ ეძახის. ნაგებია ფლეთილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. სარკმლის ორივე მხარეს ნიში აქვს. დარბაზი გადახურულია კამარულად და ზემოდან კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. ინტერიერი მოხატულია. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია ეპისკოპოს იოსებ თბილელის გამოსახულება, კედლებზე – ქართული და ბერძნული რელიგიური ხასიათის წარწერები. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე შემორჩა ქვაზე ამოკვეთილი წარწერა, რომელიც ამგვარად იკითხება: „ქ. სახელითა ღთისაითა აღვაშენე წმინდა ეკლესია ესე მე ტფილელმან მთავარეპისკოპოზმან იოსებ სააკაძემან სახელისა ზედა იოვანე მახარებლისასა სახსენებელად და საოხად სულისა ჩემისათვის“ (ყაუხჩიშვილი 1951: 194). ეკლესია თარიღდება 1661-1688 წლებით.

სოფ. ბობნევის მიდამოებში განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე ეკლესიაა.
 
ბიბლიოგრაფია: აკოფაშვილი 1965: 83, 84; გვასალია 1983: 128; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 338; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 44; ორბელიანი 1981: 68; ტატიშვილი 1964: 51-58; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 604; ქც 4: 343,17,18,20, 662,10; ყაუხჩიშვილი 1951: 194.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9