ციხე (ქც 4: 348,4), მონასტერი (ქც 4: 534,15).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 348,4, 534,15, 354,8), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 65), XII, XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 264, 265; ქართლ-კახეთის ... 1903: 259; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1967: 44; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 614; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).
ვახუშტი ბაგრატიონი ბოდავის შესახებ გადმოგვცემს: „ჟინვანს ქუეით ერთვის შავს არაგუს ხევი ბოდავისა ... ბოდავს არს მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, შუენიერს ადგილს და აწ ცარიელი“ (ქც 4: 534,13-16). „საზღვარი მუხრანისა ... ჩდილოთ ციხე ბოდავისა და ტინის მთა“ (ქც 4: 348,2-4). „აქუს ბაზალეთს ... სამხრით ციხე ბოდავისა და ტინის მთა“ (ქც 4: 354,7,8).
მდებაროებს დუშეთის მუნიც-ში, ბოდავის ხევის (მდ. არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფელ ბოდავის ტერიტორიაზე.
წყაროებში ისხენიება XII ს-იდან (ქრონიკები 1892: 264, 265; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74). XVIII ს-ში ბოდავი იყო საბატონო სოფელი, სადაც 12 ყმა გლეხის ოჯახი ცხოვრობდა (ბაგრატიონი 1986: 65). XVIII ს-ის 70-იან წლებში არაგვის საერისთავოს სოფელია (გიულდენშტედტი 1962: 273).
ბოდავი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ბოდავის ხევის სათავესთან, მარცხენა ნაპირზე, დგას ფუძნარის ღვთისმშობლის XII-XIII სს-ის გუმბათიანი ეკლესია (16,3X13მ), რომელსაც ოთხკუთხედში ჩასმული ჯვრის გეგმა აქვს. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ნაგებია ფლეთილი ქვითა და შირიმის კვადრებით. ნახევარწრიული აფსიდის წინ ბემაა. გუმბათის ყელში 12 სარკმელია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვნეა. ფასადები შემკულია ჯვრების, დისკოების, ლილვების, გირჩებისა და ყურძნის მტევნების გამოსახულებით (ჩუბინაშვილი 1959: 423-436). შესასვლელის თავზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია სახელი „ლევანი“, რომელსაც აუგია ბოდავის ეკლესია. ნაგებობა დაზიანებულია. მის ირგვლივ სხვადასხვა შენობათა ნანგრევებია (ბარნაველი 1961: 131).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 65; ბარნაველი 1961: 131; გიულდენშტედტი 1962: 273; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 44; უვაროვა 1904: 2-4; ქც 4: 348,4; 534,15; 354,8; ქართლ-კახეთის ... 1903: 259; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 234; 1981: 614; ქრონიკები 1892: 264; ჩუბინაშვილი 1959: 423-426.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.